"როცა საქორწილო კაბაში დავინახე და ჩემკენ ღიმილით მოდიოდა, ანგელოზს ჰგავდა. ეს იდეალური წუთები იყო" - კვირის პალიტრა

"როცა საქორწილო კაბაში დავინახე და ჩემკენ ღიმილით მოდიოდა, ანგელოზს ჰგავდა. ეს იდეალური წუთები იყო"

35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2022 წლის ივლისში „დიდი სლემის“ ტურნირი 21-ედ მოიგო და "უიმბლდონის" გამარჯვებული მეშვიდედ გახდა. ჯოკოვიჩი ყველასგან გამორჩეული სპორტსმენია, ის მუდამ იქცევს საზოგადოების ყურადღებას და მისი სიყვარულის ისტორიაც განსაკუთრებულია.

საუკეთესო ჩოგბურთელი 2014 წელს ელენა რისტიჩზე დაქორწინდა, მათ 2 შვილი ჰყავთ.

np-file-167844-1659614374.jpeg

ჯოკოვიჩისა და მისი მომავალი მეუღლის რომანი 2005 წელს დაიწყო, მაშინ, როცა ელენაც და ნოვაკიც ბელგრადის სკოლაში სპორტის განხრით სწავლობდნენ. პატარა ასაკში ელენაც ჩოგბურთით იყო გატაცებული, თუმცა შემდეგ სპორტს თავი დაანება და სასწავლებლად მილანში წავიდა.

ამ პერიოდში ჯოკოვიჩი დამწყები სპორტსმენი იყო და იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ სხვა ქვეყანაში შეყვარებულთან ხშირად ჩასულიყო. სიშორის მიუხედავად, ისინი მაინც ცდილობდნენ ურთიერთობის შენარჩუნებას. ერთხელ ნოვაკმა ელენას სიურპრიზი გაუკეთა და სწორედ იმ დღეს ჩააკითხა მილანში, როცა გოგონას მნიშვნელოვანი გამოცდა ჰქონდა. ლექტორმა სპორტსმენს უფლება მისცა, გამოცდას აუდიტორიაში დასწრებოდა და შეყვარებული გაემხნევებინა.

djokovic-charity-december-2020-1659614374.jpg

2007 წელს ჩოგბურთელმა საკუთარი ფონდი დააარსა, რომლის გენერალურ დირექტორად ელენა რისტიჩი დანიშნა, ფონდი სერბ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება და მათ სწავლას უფინანსებს.

2011 წელს ელენამ მაგისტრის ხარისხიც აიღო, თუმცა გოგონამ ნავთობკომპანიაში სამსახურს თავი დაანება, რათა შეყვარებულთან ერთად ყოფილიყო და დიდ ტურნირებზე მხარი დაეჭირა.

2013 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი დაინიშნნენ, ჯოკოვიჩმა ელენას ხელი US Open-ის შემდეგ მონტე-კარლოში სთხოვა, 2014 წელს კი შეუღლდნენ. მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ.

ქორწილი

2014 წელს უიმბლდონზე გამარჯვება წარმატებულმა ჩოგბურთელმა საყვარელ ქალს მიუძღვნა, მათ ქორწილი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ სვეტი-სტეფანზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიხადეს.

01636896011ea802af3d82ec4fe28-1659614374.png

„როცა საქორწილო კაბაში დავინახე და ჩემკენ ღიმილით მოდიოდა, ანგელოზს ჰგავდა. ვცდილობდი, ეს მომენტი კარგად დამემახსოვრებინა. ეს ნამდვილად იდეალური წუთები იყო,“ - აღნიშნავს ჯოკოვიჩი.

ქორწილი წყვილმა ნათესავებისა და ახლობლების წრეში გადაიხადა. როგორც მოგვიანებით წყვილმა ინტერვიუში აღნიშნა, საქორწინო ცერემონია ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო.

ოჯახური ცხოვრება

2014 წელს წყვილს პირველი შვილი სტეფანი შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი - გოგონა, ტარა გაჩნდა.

ჩოგბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილები მისთვის სიხარულის მთავარი წყაროა, მამის სტატუსი კი პასუხისმგებლობასთან ერთად დიდ ბედნიერებას ანიჭებს. მამის მსგავსად, ბავშვებიც ჩოგბურთით არიან გატაცებულნი, ჯოკოვიჩის ვაჟი, სტეფანი ტურნირებშიც მონაწილეობს და გამარჯვებაც მოიპოვა.

gettyimages-1324955002-830x601-1659614374.jpg
ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაჟთან ერთად, რომელიც ჩოგბურთითაა გატაცებული

როგორც ცნობილია, ელენა მუდამ თან დაჰყვება სპორტსმენს სხვადასხვა ტურნირზე. ის რთულ დროსაც არ ტოვებდა მარტოს მეორე ნახევარს და ერთხელ ჟურნალისტების ბრალდებასაც უპასუხა, თითქოს ის იყო ჯოკოვიჩის წარუმატებლობის მიზეზი.

ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ელენას მიუძღვის, ბედნიერი ქორწინების მთავარი საიდუმლო კი საუბარში და ყველა პრობლემის განხილვაშია.

როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რამდენიმე ხნის წინ კი ფოტოც გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ის ტაძარში ლოცვას ესწრებოდა. სპორტსმენის დედა აღნიშნავს, რომ ნოვაკისთვის რელიგია და სულიერება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია:

"ნოვაკს ღმერთი სწამს, ის თავს რჩეულად მიიჩნევს, საბერძნეთის მონასტერში დამზადებულ ჯვარს ატარებს და სჯერა, რომ მას სიმშვიდეს და ბედნიერებას მოუტანს. კითხულობს დილა-საღამოს ლოცვებსაც", - ამბობს ჯოკოვიჩის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სხვადასხვა ტურნირზე გადაღებულ ფოტოში ჩანს, რომ ჯოკოვიჩი ხელზე ფსკვნილსაც ატარებს. როგორც ცნობილია, სპორტსმენი რელიგიურ ოჯახში, ეკლესიასთან ახლოს გაიზარდა.