"მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა - პოლიტიკური გადაცემებსაც კი არ უყურებს" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა - პოლიტიკური გადაცემებსაც კი არ უყურებს" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი?

მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა - მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მან დღეს კლინიკა „ვივა მედში“ სააკაშვილი მოინახულა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობდა და მათ შორის დიალოგი არ შედგა.

„მე ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება - წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მისი აქტივობა, მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით. მე არ ვხატავ აპოკალიფსს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის,“ - განაცხადა ვარელ გელბახიანმა.

ვალერ გელბახიანის თქმით, ამ დროისთვის ადვოკატების ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ჩასართავად შესაბამისი ნებართვები გასცეს.

მისივე განცხადებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენებისთვის შესაბამისი მასალები მზადდება და აღნიშნულ საკითხზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

უფლებადამცველის თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების უფლებამოსილება სასამართლოს გარდა, იუსტიციის სამინისტროს აქვს.

„კანონი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და შესაძლოა, ლეტალური შედეგები თავიდან აცილებული ვერ იქნეს, საკითხის განხილვა სასამართლოზე, რომ არ გაჭიანურდეს, ეს უფლებამოსილება სწრაფად და ეფექტურად იუსტიციის სამინისტრომ უნდა განახორციელოს,“ - განაცხადა ვალერ გელბახიანმა.

მან გადაცემაში ასევე, სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკაზე ფიქრიც კი აღარ უნდა.

„ის პოლიტიკური გადაცემებსაც კი არ უყურებს. ჯანმრთელობა შერყეული აქვს. საუბარში მე თვითონაც ვატყობ, რომ არ სიამოვნებს რაიმე თემაზე სიღრმეში საუბარი, მით უმეტეს, პოლიტიკაზე. მას პოლიტიკა არანაირად არ აინტერესებს, იმიტომ რომ პოლიტიკაში დაინტერესებამ შეიძლება, მისი სიცოცხლე შეიწიროს“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, სააკაშვილს პოლიტიკა არ აინტერესებს, თუ იძულებულია, რომ აღარ აინტერესებდეს, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს მისი გადასაწყვეტია“.

„ახლა უნდა, რომ მისი პრობლემა სამართალმა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკამ,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა ხელისუფლებასთან გარიგებას ხომ არ უკავშირდება, ადვოკატი პასუხობს, რომ ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს, თუმცა თუ მათი მხრიდან მისაღები შემხვედრი წინადადებები იქნება, ადვოკატები ამას მოისმენენ და გაანალიზებენ.

"არანაირი გარიგება, არანაირი მოლაპარაკება ჯერჯერობით არ არსებობს. თუ იქნება ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ჩვენ ადვოკატები ვართ და შესაძლებელია, რომელიმე ადვოკატმა პოზიციას მოუსმინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში თავად სააკაშვილი ჩაერთვება. თუ იქნება მისაღები შემხვედრი წინადადებები ბუნებრივია, ჩვენ ამას მოვისმენთ, გავაანალიზებთ, შემდეგ თავად მოქმედ პირთან კონსულტაციას გავივლით და ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"