"ერდოღანის ახალი როლი - მშვიდობისმყოფელი" - რას წერს გერმანული გამოცემა პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"ერდოღანის ახალი როლი - მშვიდობისმყოფელი" - რას წერს გერმანული გამოცემა პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე?

უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო-პოლიტიკურ მოვლენას - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რომელიც დღეს, 5 აგვისტოს სოჭში, რუსი ლიდერის ოფიციალურ რეზიდენციაში უნდა გაიმართოს.

გერმანული გაზეთი „დერ ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერდოღანის ახალი როლი - მშვიდობისმყოფელი“ (ავტორი - სუზანა გიუსტენი), რომელშიც ნათქვამია:

„ბოსფორის სრუტეში უკვე უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები ლიბანისა და აფრიკის ნაპირებისაკენ მიცურავენ, რაც თურქეთის წარმატების აღიარებას ნიშნავს. სწორედ თურქეთის ხელშეწყობით გაიმართა ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკება სტამბოლში უკრაინული და რუსული მხარეების მონაწილეობით.

ამასობაში კი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი კიდევ უფრო ფართო გეგმებს აწყობს - 5 აგვისტოს იგი თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს შავიზღვისპირა სოჭში უნდა შეხვდეს. ფაქტობრივად, იგი არის ნატოს წევრი სახელმწიფოს პირველი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ხვდება. მას სურს, რომ შუამავლის როლში გამოვიდეს და კონფლიქტის შეჩერების გზები განიხილოს.

თურქეთის ლიდერს საგარეო პოლიტიკური წარმატებები ჰაერივით სჭირდება: ათი თვის შემდეგ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლება კი, ეკონომიკური კრიზისის გამო, „კედელთან არის მიმწყვდეული“. და ამ დროს, თავისი სამშვიდობო ინიციატივების წყალობით, რეჯეფ ერდოღანს და მის პარტიას შეუძლია ამომრჩევლების წინაშე რეიტინგი აიმაღლოს და მოსახლეობას „მსოფლიო დონის ლიდერის“ სახით წარუდგეს...

რასაკვირველია, ხორბლის გატანასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკების წარმატებამ თურქეთის პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯი უთუოდ აამაღლა. სწორედ ამიტომ მას იმედი აქვს, რომ დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე და კიევს დაუზავდეს. იგი ხომ მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობს თავის რუს კოლეგასთან, მრავალჯერ შეხვედრია და, შესაბამისად, ძალიან კარგად იცნობს.

თუმცა თურქ ლიდერს საგარეო პოლიტიკის მცოდნე პროფესიონალს ვერ ვუწოდებთ: მან არ იცის უცხო ენები და დიპლომატიური თავშეკავებით არ გამოირჩევა. როცა რეჯეფ ერდოღანი ნატოს მადრიდის სამიტზე შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებს - ქალბატონებს შეხვდა, მან საუბარი ამ სიტყვებით დაიწყო: „საერთოდ, მართალი რომ გითხრათ, მე თქვენთან ლაპარაკი არ მინდა“. გარდა ამისა, გასულ წელს რეჯეფ ერდოღანს კონფლიქტი ჰქონდა ანკარაში აკრედიტირებულ უცხოეთის ქვეყნების ელჩებთან (როგორც ცნობილია, ათმა ელჩმა, მათ შორის, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ერთობლივი განცხადება გააკეთა და უკანონოდ დაპატიმრებული უფლებადამცველის - ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვა, რის გამოც რეჯეფ ერდოღანი მათ ქვეყნიდან გაგდებით დაემუქრა).

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით, რეჯეფ ერდოღანი შუალედური კურსის მხარდამჭერია: თურქეთი უკრაინას იარაღს, მათ შორის, საბრძოლო დრონებს - „ბაირაქტრებს“ აწვდის, მაგრამ, იმავდროულად, არ მონაწილეობს დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებში. ვლადიმერ პუტინისათვის თურქი კოლეგის ასეთი პოზიცია მისაღებია. ამას წინათ, თეირანში გამართული სამიტის დროს, კრემლის ბინადარმა რეჯეფ ერდოღანს ისიც კი ჰკითხა, „ბაირაქტრებს“ ჩვენც ხომ არ მოგვცემო. თურქმა ლიდერმა ამ კითხვის საპასუხოდ გაიღიმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინის თხოვნა ხუმრობა იყოო, ანუ რუსეთი თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებს ვერ მიიღებს.

სოჭში რეჯეფ ერდოღანს თან მიჰყვება მისი სამი ყველაზე სანდო პირი - პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი, თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი ხაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი აქარ ჰულუსი. ისინი სირიის შესახებ მოილაპარაკებენ, სადაც რეჯეფ ერდოღანს ახალი საომარი ოპერაციის დაწყება სურს. თუმცა, უპირველესად, თურქ ლიდერს, ხორბლის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის ფონზე, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის მეთაურის პოზიცია აინტერესებს.

რეჯეფ ერდოღანის ძალისხმევას მხარს უჭერს გერმანიის ექსკანცლერი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი გერჰარდ შრედერიც, რომლის აზრით, სტამბოლის შეთანხმება ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით შეიძლება, გაფართოვდეს და ცეცხლის შეწყვეტის საკითხიც მოიცვას. მაგრამ თუ ობიექტურად განვსჯით, თურქეთის შესაძლებლობები ამ საკითხში შეზღუდულია. დიახ, რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ კრემლი თავის ინტერესებზეც ზრუნავს.

როგორც ჩანს, რეჯეფ ერდოღანი თავისი ქვეყნის მნიშვნელობას და თავის პირად გავლენას გადაჭარბებით აფასებს. უკრაინის კონფლიქტში სიტუაციის შესაცვლელად აშშ-ის ჩარევაა აუცილებელი. როგორც გერჰარდ შრედერმაც აღიარა, „ვაშინგტონის თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა“

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ