"ამ ძალებისგან ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი - ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად" - კვირის პალიტრა

"ამ ძალებისგან ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი - ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად"

ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას.

კობახიძის განცხადებით, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული.

„ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ამიტომ ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში, ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე. ჩვენ ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ.

ორმაგ სტანდარტებზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა, ამ ადამიანებმა 2010 წელს, შემდეგ 2012 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. გახსოვთ საზღვარზე ჩასული მიხეილ სააკაშვილი, როგორ ამაყობდა მზარდი ნაკადით და ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აღვივებენ ქსენოფობიურ კამპანიას. შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან გასული იყო არასრული 3 წელიწადი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ასეთ დროს მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელიც დღემდე მოქმედებს. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა ცდილობს გააღვივოს საპირისპირო კამპანია. ამ ქსენოფობიურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ვერ მიაღწევენ.

ჩვენ ვხედავთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ყველაფერია მოსალოდნელი. ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად იმისათვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რისკები არის, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.