სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან - კვირის პალიტრა

სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ხვდებიან

დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მთავარი სასაუბრო თემები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება და სირიასთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

თავდაპირველად ერდოღანისა და პუტინის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი, რის შემდეგაც დელეგაციების შემადგენლობის წევრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გათვალისწინებული არ არის. პრესკონფერენცია თურქეთის ლიდერის განრიგის გამო ჩაიშალა, მაგრამ რუსმა ორგანიზატორებმა დარბაზი მაინც მოამზადეს, იმ შემთხვევისთვის თუკი ერდოღანი კონფერენციაზე დასწრებას შეძლებს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.

IPN