პუტინი, ერდოღანი, "ბაირაქტარი" - მიიღებს თუ არა ცნობილი თურქული დრონი რუსულ "პასპორტს"? - კვირის პალიტრა

პუტინი, ერდოღანი, "ბაირაქტარი" - მიიღებს თუ არა ცნობილი თურქული დრონი რუსულ "პასპორტს"?

სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზე, რომლის შედეგების კომენტარი მათ მასმედიასთან არ ისურვეს, ეტყობა, ამ ორი ქვეყნისთვის, და შეიძლება მთელი მსოფლიოსთვისაც, მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტის - ერდოღანის ასეთი ხშირი შეხვედრები იმ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთავარ მოწინააღმდეგედ თვლის, ბევრ დაბნეულობას იწვევს დასავლელ პოლიტიკოსებს შორის, განსაკუთრებით კი, როდესაც საკითხი რუსეთ-თურქეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ეხება...

ნატოს ჯერ კიდევ არ მოუნელებია მისი წევრი თურქეთის მიერ ბრიუსელის დაუკითხავად რუსული „ს-400“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა და ახლა, შეიძლება ახალი განცვიფრების წინაშე აღმოჩნდეს, თუკი ერდოღანი პუტინის მაცდურ შეთავაზებას დაეთანხმება.

ასეთი რა მაცდური შეთავაზება შეიძლება ჰქონდეს მოსკოვს ანკარისთვის?

ეტყობა, დაახლოებით ისეთივე, რითაც 13 წლის წინ ისრაელის ხელისუფლება მოთაფლა, რისი არასახარბიელო შედეგების ღიად აღიარება თელ-ავივში დღესაც არ სურთ.

მაშინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ისრაელთან არააფიშირებული გარიგება დადო - ისრაელი აღარ აწვდის საქართველოს თავის თანამედროვე სადაზვერვო დრონებს და საერთოდ წყვეტს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას თბილისთან, სამაგიეროდ, მოსკოვი შეაჩერებს „ს-300“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვას ირანისთვის და თანაც, ბონუსის სახით შეიძენს ლიცენზიას, ისრაელის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის რუსეთში საწარმოებლადო...

მაშინ ეს ფარული გარიგება შედგა, მაგრამ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა „ლამაზად“ გააცურა ისრაელი - მოდერნიზებული „ს-300“-ების დივიზიონებიც მიჰყიდა ირანს და ისრაელის ლიცენზიით წარმოებულ „ფორპოსტის“ დრონსაც აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ...

თეირანში პუტინისა და ერდოღანის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ შედგა, თურქეთის პრეზიდენტმა გააჟღერა რუსი კოლეგის სურვილი, რომ რუსეთი დიდი სიამოვნებით შეიძენდა... თურქული „ბაირაქტარების“ წარმოების ლიცენზიას და ქარხანას.

ერდოღანს აღარ დაუკონკრეტებია, მაგრამ პუტინი მას, ისევე, როგორც საქართველო-ისრაელის შემთხვევაში, სამაგიეროდ, ალბათ, აუცილებლად მოსთხოვდა უკრაინისთვის „ბაირაქტარების“ მიწოდების სასწრაფოდ შეწყვეტას...

სწორედ იმ „ბაირაქტარის“, რომელმაც ბოლო წლებია, სისხლი გაუშრო რუსეთის მოკავშირეებს სირიაში, ლიბიაში, სომხეთში და უკვე, თითქმის, ნახევარი წელია, უკრაინის ციდან წერტილოვან საჰაერო დარტყმებს აყენებს თავად რუსი ოკუპანტების როგორც სახმელეთო, ისე - საზღვაო საბრძოლო ტექნიკას.

ერდოღანის მიერ პუტინის სურვილის სახალხოდ გაჟღერების საპასუხოდ, „ბაირაქტარების“ „მამამ“ - სელჩუკ ბაირაქტარმა კატეგორიულად გამორიცხა მისი „პირმშოების“ რუსეთში აწყობისა და რუსეთის არმიის მიერ გამოყენების მცირე პერსპექტივაც კი და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის აქტიურად ეხმარება უკრაინელებს „ბაირაქტარების“ შეძენაში და რამდენიმე უპილოტო უბრალოდ აჩუქა კიდეც.

ისე, სელჩუკ ბაირაქტარი ერდოღანის სიძეა და იმედია, ვიწრო საოჯახო სადილზე სიმამრი არ ეცდება, პუტინის მაცდურ წინადადებაზე დაიყოლიოს ის...

პ.ს. ფაქტია, რომ უკრაინაში რამდენიმეთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამალებით ეძებს გზებს, სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონების ახალი პარტიებით უკრაინის ომის ჭაობში ჩაფლული თავისი არმიის გასაძლიერებლად.

ეს იმიტომ ხდება, რომ რუსმა სამხედროებმა ბევრი უპილოტო დაკარგეს, რუსულ ქარხნებს არ აქვთ საშუალება, მათ შორის, დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, დრონების წარმოების ტემპი გააორმაგონ და მით უმეტეს - გააასმაგონ, და ბოლოს, რუსულ სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს თანამედროვე დასავლური წარმოების ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობებისა და ჩიპების გარეშე, ბევრად ნაკლები საბრძოლო შესაძლებლობები გააჩნიათ.

თეირანში მყოფმა პუტინმა, ერდოღანის გარდა, დრონების ყიდვის წინადადებით ირანელებსაც მიმართა და, სავარაუდოდ, დადებითი პასუხიც მიიღო, რადგან მას შემდეგ ირანული სატრანსპორტო თვითმფრინავების მიერ მოსკოვში განხორციელებული რამდენიმე ათეული რეისი დაფიქსირდა...

ისე, ძალიან საინტერესო სიტუაცია აღმოჩნდება, თუკი უკრაინასთან ბრძოლაში უკვე გამოყენებულ, ისრაელისგან ლიცენზირებულ „ფორპოსტებს“, ჯერ ირანული და მერე კი - თურქული „ბაირაქტარებიც“ დაემატებიან?