"გვიყვარს სამშობლო და არ ვაპირებთ, საზღვრის პირველივე გადაკვეთისთანავე, მის დავიწყებას" - ვინ არის ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა? - კვირის პალიტრა

"გვიყვარს სამშობლო და არ ვაპირებთ, საზღვრის პირველივე გადაკვეთისთანავე, მის დავიწყებას" - ვინ არის ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა?

გიორგი ბელთაძე იმ ქართველ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა. ის და მისი მეგობრები, საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ქართული ჰიმნი გააჟღერეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.

რა გზა გაიარა 19 წლის ოზურგეთელმა ახალგაზრდამ ბოსტონის უნივერსიტეტამდე, ამის შესახებ იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს.

- დავამთავრე ოზურგეთის ა.ა(ი)პ წ.გაბრიელ ეპირსკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა 2020 წელს, სასკოლო სწავლების პერიოდში ვმონაწილეობდი ინგლისური ენის შემსწავლელ 2-წლიან კურსში Access რომელიც P/H international ისა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით დღემდე ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში. ბოსტონის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად ჩატარდა კონკურსი, რომელიც ასევე P/H international-ისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი კონკურსი იყო. რამდენიმე საკონკურსო საფეხურის გავლისა და ლექციების შემდეგ ჩაგვიტარდა საფინალო გასაუბრება, სადაც გამარჯვებული 30 ბავშვი გამოვლინდა, ახლა ვიმყოფები ბოსტონის უნივერსიტეტში CELOP fundamentals of leadership პროგრამაში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, მით უმეტეს, ასეთი დონის უნივერსიტეტში. საქართველოში ვსწავლობ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტზე.

- გიორგი, ინგლისური როგორ ისწავლე? ასეთი ცოდნა სკოლაში მიიღე?

- ინგლისური ენის შესწავლის ინტერესი ღრმა ბავშვობიდან მქონდა. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკიდან ვცდილობდი, რომ მესწავლა, რა თქმა უნდა, სკოლამ ამაში ხელი შემიწყო და განავითარა ჩემი საბაზისო ცოდნა, თუმცაღა, უნდა ვახსენო, რომ P/H international-ის 2-წლიანმა კურსმა სულ სხვა დონეზე აიყვანა ჩემი სამეტყველო და გრამატიკული დონე ინგლისურში. განსაკუთრებით დიდი მადლობა ამ პროგრამის ორ მასწავლებელს - ნადია ქარდავასა და ანი ნოზაძეს. მათ უდიდესი შრომა ჩადეს თითოეულ "აქსესელში" და მერწმუნეთ, ყველა საკმაოდ წარმატებულია და ყოველდღიურად ავლენენ პოტენციალს თავიანთ პროფესიებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები შენს წარმატებას?

- რა თქმა უნდა, ემოციებს ზღვარი არ ჰქონდა, ყველა მოუთმენლად ველოდით საზეიმო ზარს, მეგობრები, მშობლები, მასწავლებლები, ყველა ერთნაირად ვნერვიულობდით, განვიცდიდით საწყისი ეტაპიდანვე და რაღა თქმა უნდა, წარმატებასაც ერთად შევხვდით, თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს უდიდესი წარმატებაა და რომ არა მეგობრების, მშობლების და მასწავლებლების გვერდში დგომა, ასევე, ასეთი კარგი ორგანიზაციებისა და პროექტების არსებობა, საკმაოდ რთული იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა.

giorgisfotoebi-1659723094.jpg

- გაგვიზიარე ბოსტონში ყოფნით გამოწვეული ემოციები?

- ბოსტონის უნივერსიტეტს რაც შეეხება და თვითონ ქალაქს, მოგეხსენებათ, ამერიკაში მესამე უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტების ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილზეა, სტრუქტურა და მეთოდები საკმაოდ კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რთული, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა მონდომებულ ადამიანს აქვს აქ სწავლის შესაძლებლობა. ქალაქი შესანიშნავია თავისი მრავალფეროვნებითა და ისტორიით.

- გიორგი, რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება შენი გამოცდილება და წარმატება. რას ეტყვი იმ მოსწავლეებს, ვისაც აკლიათ თავდაჯერება, მონდომება და ნიჰილისტურად არიან განწყობილნი?

- მოკლედ, ბავშვებო, იყავით ძლიერები და შრომისმოყვარეები, ნუ იფიქრებთ ბევრს წარუმატებლობასა და შეცდომებზე, ადამიანები ვართ და შეცდომა აუცილებელია, რომ სწორად ვისწავლოთ. მთავარია, არ შეშინდეთ, არ დაგეზაროთ და გამოიყენეთ ასეთი პროექტები და შანსები, რადგანაც თქვენს მომავალს ძალიან, ძალიან დაეხმარება. ბევრი იოცნებეთ და ბევრი იშრომეთ ოცნებებისთვის, მეც თქვენნაირი ვარ და მინდა, რომ ძლიერები და წარმატებულები იყოთ, რადგანაც მხოლოდ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება გავხადოთ უკეთესი!

- გიორგი, რამდენი ხანი რჩები ბოსტონში და როგორია შენი სამომავლო გეგმები? ბოსტონში ნამღერი ქართული ჰიმნით გაგიცანით შენ და შენი მეგობრები. ისინიც ამ პროგრამით მოხვდნენ ბოსტონში?

- დიახ. ისინიც ამ პროგრამით მოხვდნენ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვები არიან, ძალიან განათლებული, ერუდირებული, ზრდილობიანი და პატრიოტი გოგო-ბიჭები, რაც მე ძალიან მახარებს, რადგანაც ჩვენც ერთი დიდი ოჯახი ვართ უკვე, ბოსტონში ყოფნას, რაც შეეხება ეს იყო 16 დღიანი პროგრამა. სამწუხაროდ, რომელიც დასასრულისკენ მიდის ნელ-ნელა და მალე დავბრუნდებით სამშობლოში. რაც შეეხება, ჩემს სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში, რა პროფესიის მქონე ადამიანიც არ უნდა ვიყო, სამომავლოდ მინდა, რომ პროფესიონალი გავხდე, რადგანაც იმაზე კარგად ვერავის ვერაფერს გაუკეთებ, ვიდრე საქმის პროფესიონალიზმია. ამით შენ საზოგადოებას, სახელმწიფოს და შენ წრეს მაქსიმალურად ეხმარები.

- როგორც ვიცი, შენ ფიზიკურადაც შრომობდი და ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ, ოჯახსაც ეხმარები...

- დიახ, ვშრომობდი ფიზიკურადაც და ვცდილობდი, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ვიყო, მეც განვითარების საფეხურებს გავდივარ და ყველა კრიტერიუმს, რომელიც წარმატებისკენ მიმიყვანს ნელ-ნელა ვხვეწ, თუმცაღა მიზანდასახულობას რაც შეეხება, მაგაშიც ზომიერებას ვარჩევ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც უკიდეგანოდ კარგად არის ჩემში განვითარებული. საკმაოდ დიდი დრო და გზა მაქვს გასავლელი, რომ ბევრს მივაღწიო.

- გიორგი, როგორ შეაფასებ საქართველოს განათლების სისტემას? აპირებ თუ არა საქართველოში სწავლის გაგრძელებას? ამბობენ, რომ ბევრი კარგი და ნიჭიერი ქართველი ახალგარდა ტოვებს ქვეყანას...

- ქართული განათლების სისტემა არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, უბრალოდ მისი ჩახლართული ფორმულირება გვაძლევს ამის ილუზიას. აქ წუთებშია გათვლილი ყველაფერი და ამიტომაც არის უფრო მარტივი სტუდენტისთვის სწავლა. მე პირადად და ბევრი ამ პროექტის მონაწილე ბავშვი ვგეგმავთ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა სახელმწიფოს განვითარებას მივახარჯავთ წლებს და შრომას, ჩვენს სამომავლო ხედვაში არის საქართველო და აუცილებლად დავბრუნდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენზე მეტად ვერავინ დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და არ ვაპირებთ, საზღვრის პირველივე გადაკვეთისთანავე მის დავიწყებას.

სამწუხარო რეალობაა, რომ მიდიან ახალგაზრდები და აღარ ბრუნდებიან, თუმცა მათი განსჯის და განკითხვის უფლება არ გვაქვს, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, თავისუფალი არჩევანის საშუალებით.

- საზღვარგარეთ რომელ უნივერსიტეტში გინდა სწავლის გაგრძელება?

- ვნახოთ, რა როგორ იქნება და რას გადავწყვეტ. ბევრი კარგი და ძლიერი უნივერსიტეტია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ, დაზუსტებით ვერ გეტყვით. ამჯერად, კულტურის მენეჯმენტზე ვსწავლობ საქართველოში, მაგრამ სამომავლოდ, საჯარო მმართველობის შესწავლა მინდა.

- რას ეტყვი სტუდენტებს, რომლებიც საკუთარი შრომით იხდიან სწავლის საფასურს?

- რთულია სტუდენტისთვის მუშაობა და სწავლა ერთდროულად, მაგრამ ვფიქრობ, რომ საჭიროა დამოუკიდებელი ცხოვრების სრულფასოვნად აღქმისთვის. რაც შეეხება, ანაზღაურების საკითხს, ეს არის უბრალოდ დამცინავი, არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც.

მე ერთ-ერთი მარკეტის საწყობში ვმუშაობდი და საკმაოდ რთული იყო, მით უმეტეს, ანაზღაუერებას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი კაფის იტალიურ სამზარეულოში დავიწყე მზარეულად მუშაობა და ასე ვთქვათ, ეგ იყო ჩემი სამსახურეობრივი გამონათება, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. იშრომო და ისწავლო ეს იგივეა, რაც მთელი შენი არსებით მიხვდე ცხოვრების სირთულესა და ფილოსოფიას, ჩვენ ხომ ყოველდღიურად გვიწევს ვისწავლოთ რაღაც ახალი და ყოველდღიურად გვიწევს ვიშრომოთ კეთილდღეობისთვის. ეს უცვლელი ჯაჭვია, რომელიც ცხოვრების ბოლომდეა დადგენილი, რთული, მაგრამ - საჭირო და რაც უფრო ადრე სწავლობ, მით უფრო ეჩვევი, იზრდები და გიმარტივდება ცხოვრება!.