ჩრდილოეთ კორეა ნენსი პელოსის სამხრეთ კორეაში ვიზიტის გამო ვაშინგტონს შესაბამისი შედეგებით ემუქრება - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეა ნენსი პელოსის სამხრეთ კორეაში ვიზიტის გამო ვაშინგტონს შესაბამისი შედეგებით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სამხრეთ კორეაში ვიზიტის გამო ვაშინგტონს შესაბამისი შედეგებით ემუქრება.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჩო იო სამამ ისაუბრა.

მან აშშ ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში წინააღმდეგობის ატმოსფეროს გასაღვივებლად ჩავიდა. მან პელოსის საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უმსხვილესი გამანადგურებელი უწოდა.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა ჩინელი ხალხის რისხვა გამოიწვია ტაივანში ვიზიტის გამო, მანამდე კი მან "ანტირუსული დაპირისპირების ატმოსფერო" გაამწვავა მიმდინარე წლის აპრილში უკრაინაში ვიზიტით. საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს „პასუხი აგოს“, პელოსის მიერ ვითარების გამწვავებაზე, სადაც კი ის ჩადის.