ვინ ესვრის ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს? - კვირის პალიტრა

ვინ ესვრის ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს?

ბოლო ორი დღეა ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება საგანგაშო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინაში, ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული, დროდადრო საარტილერიო ჭურვები და რაკეტები ფეთქდება...

ეს შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ძალზე საშიში რეალობაა. საბრძოლო მოქმედებების წარმოება მოქმედი ატომური რეაქტორების სიახლოვეს, უბრალოდ სიგიჟეა, რისი სავალალო შედეგი უკრაინის საზღვრებსაც გასცდება, იმავე რუსეთის მიმართულებითაც, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურის მეოთხე ატომურ რეაქტორზე ავარიის შემდეგ...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიისკენ ჭურვების სროლას უკრაინელები რუსებს აბრალებენ, რუსები კი პირიქით უკრაინელებს, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ატომური ელექტროსადგურის მთელი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ნაწილებს აქვთ დაკავებული.

უკრაინელების სადაზვერვო დრონის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად გამოჩნდა, რომ რუსმა სამხედროებმა ერთ-ერთი ატომური რეაქტორის სამანქანო დარბაზში ჯავშანტრანსპორტიორიც კი შეიყვანეს და საბრძოლო მასალებით დატვირთული ავტომობილები შეაყენეს ანუ შეგნებულად თუ თავისდაუნებურად მათ ამით ატომური რეაქტორი ფაქტობრივად დანაღმეს?!

ჭურვების აფეთქებამ უკვე დააზიანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დამხმარე სათავსოები და მილსადენები, რის შემდეგაც უსაფრთოების მიზნით გამორთეს ერთ-ერთი ატომური რეაქტორი, არადა იქ სულ ექვსი ატომური რეაქტორი ფუნქციონირებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევის ალბათობას.

2-1659792651.png
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე ატომური რეაქტორის შენობები ასე მოჩანს კოსმოსიდან...

უკრაინის გენშტაბში მიაჩნიათ, რომ რუსი ოკუპანტები სპეციალურად უყრიან თავს ჯავშანტექნიკასა და საარტილერიო დანადგარებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე იმის იმედით, რომ უკრაინელები ვერ გაბედავენ კონტრსაბატარეო საპასუხო ცეცხლის გახსნას მას შემდეგ, რაც რუსული „გრადები“ უშუალოდ ატომური რეაქტორების შენობების გვერდიდან ცეცხლს გახსნიან უკრაინის არმიის პოზიციებისკენ...

ეტყობა ეს რუსი გენერლების ახალი ტაქტიკაა, მაგრამ „დამცველ ფარად“ ატომური რეაქტორის ამოფარება, მართლაც რომ მეტისმეტია და ომის არცერთ კანონში არ ჯდება...

მაგატე-ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავიდანვე პირველს უნდა დაეგმო რუსი სამხედროების მიერ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველი სამოქალქო ობიექტის - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობა, კვლავ დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს, რადგან ათწლეულებია ამ ორგანიზციაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯერ საბჭოთა ჯავშირის კა-გე-ბეს, რაც მემკვიდრეობით რუსეთის „ფე-ეს-ბე“-მ გადაიბარა და სავარაუდოდ კომპრომატებით ჰყავთ დაჭერილი მაგატეს ხელმძღვანელობის ნაწილი...

იარაღის ჟღარუნი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შეიძლება ძალიან სავალალოდ დასრულდეს, ამიტომაც სასწარაფოდ საჭიროა შეთანხმება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, რომ არც რუსი ოკუპანტები გაისვრიან ამ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და არც მათ ესვრიან საპასუხოდ, ისე კი ყველაფერს ჯობს ეს სახიფათო ტერიტორია, ისევე როგორც ჩერნობილის შემთხვევაში, მალევე დატოვონ რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაყოფებმა...