"დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი..." - კვირის პალიტრა

"დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი..."

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან, რის შედეგადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოხდა, 14 წელი გავიდა. მაშინ აშშ-შიც და ევროპაშიც ყველა კარგად ხვდებოდა, რომ რუსეთმა საქართველო სწორედ პროდასავლური კურსის გამო დასაჯა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოყოლილი უმწვავესი დასავლური პასუხის გათვალისწინებით, ყველა ცხადად ხედავს, რაოდენ არასაკმარისი და არასათანადო იყო 2008 წელს ჩვენი პარტნიორების რეაქცია. მეტიც - მაშინ დასავლეთი ცდილობდა, მომხდარში ნაწილობრივ საქართველოც დაედანაშაულებინა, რასაც მოწმობს ტალიავინის კომისიის დასკვნაც. დღეს ჩვენი პარტნიორები უკვე აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ვერ შეძლეს და პუტინის რეჟიმის ვერაგი მიზნები ვერ დაინახეს. რა ხდებოდა 14 წლის წინ მსოფლიოში, რატომ ვერ შეძლეს აშშ-მა და ევროპამ გაეთვალათ რუსეთის ზრახვები 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის შემდგომ მაინც და რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა ისევე კონსოლიდირებულად და ეფექტიანად რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როგორც დღეს უკრაინაში მოქმედებს? - ამ კითხვებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან:

08082022-1018-1659941487.37_REC.png

- მართალია, დღეს ყველა აღიარებს, რომ 2008 წელს დასავლეთის დამოკიდებულება გაცილებით რადიკალური და მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ იქნებოდა და ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა. უპირველესად ის, რომ 2008 წელს კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ ყველა მხარემ აღიარა, რომ დაეთანხმებოდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელშიც ჩაიწერა, რომ ომის დაწყებაში ორივე მხარე იყო დამნაშავე და სწორედ აქ იყო მოშველიებული ჩემ მიერ ნახსენები კონტექსტი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ რუსი სამშვიდობოები, რაც ხელზე დაიხვიეს რუსებმა და ამტკიცებდნენ, ქართულმა მხარემ ჩვენს სამშვიდობოებს ესროლაო... მოკლედ, რუსეთმა ომის დასაწყებად ფორმალური მიზეზი გამოძებნა. ასეთი პირდაპირი და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია, რაც უკრაინაში მოხდა, 21-ე საუკუნეში სხვა არც ყოფილა. ის, რასაც ახლა აკეთებს რუსეთი, ამ საუკუნეში არსად მომხდარა, არც - 2008 წელს. მაშინ რუსებს რაღაც მაინც ჰქონდათ სათქმელი. ეს ერთი მიზეზია, რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა უფრო რადიკალურად. გარდა ამისა, იმხანად ისევ იყო ილუზია, რომ პუტინთან შერიგება შეიძლებოდა - გვახსოვს ობამას "გადატვირთვის პოლიტიკა"... და დასავლეთმა ამ ილუზიით იცხოვრა 2022 წლის 24 თებერვლამდე.

- საქართველოსთან ომიდან ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა ისევ თვალი დახუჭა. რატომ?

- სამწუხაროდ, ისევ ჩემი ნახსენები ილუზიის გამო. იქაც იპოვეს რაღაც ხელმოსაჭიდი: ამბობდნენ, ყირიმი უკრაინას რუსეთმა გადასცა ხრუშჩოვის დროს, იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დგასო და ა.შ. ისევ გაამართლა პუტინი იმ ხალხმა, ვისაც სურდა, დაეჯერებინა, რომ კიდევ შეიძლებოდა მასთან მორიგება, რაც შეცდომა იყო და ეს დღეს თვალსაჩინოა...

- ამას უკვე აღიარებენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები... არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომლებშიც ნახსენებია 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და გამოთქმულია სინანულიც, რომ დროულად ვერ მოხერხდა რუსული საფრთხის გაანალიზება...

- ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო... ეს დაემართა დასავლეთსაც. მაშინ მათ ვერ დაინახეს, ვერ გათვალეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა პუტინი, მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პუტინის გეგმები 2008 წელსაც იგივე იყო, რაც დღეს არის.

- 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამის მტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, საქართველო განწირული იყო ამ ომისთვის, თუ მაინც შეიძლებოდა რამის შეცვლა?

- ჩემი აზრით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოსთვის მაპ-ი არ მიეცათ, რუსები გაათამამა. მათ დამატებითი ჯარი შემოიყვანეს აფხაზეთში და გახსნეს ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში, ანუ ისინი ამ ტერიტორიების წაღებაზე უკვე ფიქრობდნენ, ოკუპაცია ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გაეკეთებინათ სამხედრო ოპერაციის გარეშეც, არ ვიცი... მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება 2006-2007 წლებში უფრო ფრთხილ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამის ჰიპოთეზურად დაშვებისასაც ვცდები...

- 14 წელიწადი გავიდა რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და ომის გაჩაღების შემდეგ. გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა საქართველოში ვიღაცისთვის კვლავ საკითხავია, რუსეთი მტერია და მოყვარე. ეს საკითხი გამწვავდა უკრაინაში რუსული აგრესიის კვალდაკვალ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქის შემოსვლის გამო. რა საფრთხე ახლავს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოქალაქეების ასე შეუზღუდავად და უკონტროლოდ შემოშვებას?

- მე სამხედრო საფრთხეს ტურისტებისგან ნაკლებად ვხედავ. სამხედრო საფრთხეა, უპირველესად, ის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას, თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით. თუ პუტინი საქართველოში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს, ამას ტურისტების გარეშეც გააკეთებს.

- თუმცა შესაძლოა ეს ხალხი მან კონფლიქტის პროვოცირებისა და ესკალაციისთვის გამოიყენოს. ჩვენ ისიც არ ვიცით, მათ შორის ვინ არის ტურისტი, ვინ - რეჟიმს გამოქცეული მოქალაქე და ვინ - პროვოკატორი თუ აგენტი...

- არ არის გამორიცხული, გამოიყენოს კიდეც, მაგრამ რუსეთის მოქმედებები ისეთი არალოგიკურია, თუ სამხედრო აგრესია გადაწყვიტა, შეიძლება პროვოკაციის მოწყობა არც სცადოს... ჩვენ დავინახეთ, რომ მან უკრაინასთან სრულიად არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩემი აზრით, თუ პუტინს თავში რაღაც გადაუბრუნდა, აგრესიისთვის საბაბის მოფიქრება არ დასჭირდება... ამის მაგალითი უკრაინაა...

- სამხედრო აგრესიის საფრთხეს თავი დავანებოთ და საკითხი დავსვათ ასე: არის თუ არა საფრთხე ე.წ. რბილი ძალით ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ წიაღში შემოჭრა და იმგვარი მუშაობა, როგორიც ჰიბრიდულ ომს ახასიათებს?

- თუ დღემდე გვეშინია "რბილი ძალის", მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ..

რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია გასაგებია: ცდილობენ იყვნენ ჩუმად და როგორმე აიცილონ რუსული აგრესია. გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ფულს დახარჯავს და ასე ჩვენს ეკონომიკას ეშველება...

- ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას არ მიესალმება, ქსენოფობების ძახილი სწორად მიგაჩნიათ?

- ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გაამართლოს თავისი პოზიცია. ამისთვის ყველაფერს კადრულობს, მათ შორის - ქსენოფობების ძახილსაც, რაც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, ეს კი არასწორია. ჩემი აზრით, ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ძალიან მოსაფრთხილებელ თემებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამ ქვეყანაში იარლიყების მიკერება ხომ ჩვეულებრივი ამბავია! ხელისუფლებაც მზად არის, იარლიყი მიაკეროს ყველას, ვინც მისი პოლიტიკის წინააღმდეგია.

- თქვენ ახსენეთ რუსი ტურისტების დახარჯული ფული ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ, მაგრამ არავინ იცის მომავალში დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამას როგორ გამოიყენებს. გვახსოვს, რუს ტურისტებზე დამოკიდებული ქართული ტურისტული სექტორი როგორ დარჩა ჰაერში გამოკიდებული, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენა აკრძალა...

- ეს არის კერძო სექტორის შეთავაზებული მომსახურებისა და, დიდი ალბათობით, გეოგრაფიის პრობლემაც. სანამ გვაქვს მომსახურების ისეთი ხარისხი, რომელიც ევროპელებსა და ამერიკელებს - ვერა, მაგრამ რეგიონის მცხოვრებლებს აკმაყოფილებს, მანამდე ასეთი ვითარება გვექნება. მომსახურების ხარიხი უნდა ამაღლდეს ისე, რომ აქ მარტო რუსი არ ჩამოდიოდეს.

- სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს პარტია "ლელოც". "არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი: შემოღებული იქნეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე და ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ; 30 დღეზე მეტ ხანს დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით," - განაცხადეს "ლელოში".

- ვფიქრობ, გარკვეული შეზღუდვების შემოღება შესაძლებელია, მაგალითად, აქ ყოფნის ვადის შემცირება. ამასთანავე, ქონების შეძენა და დარეგისტრირებაც დიდი პრობლემაა. ამ მიმართულებით საქართველოს, დიდი ხანია, გახსნილი პოლიტიკა აქვს, ასე რომ, ბევრი რამ კომპლექსურად უნდა გადაიხედოს.

- თუმცა ყოველ ამგვარ წინადადებაზე ხელისუფლების პასუხია, რომ ეს არის ომში ჩათრევის მცდელობა...

- უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ბრძოლაში ომის თემით ძალიან იხეირა. მან მოუგო პიარი ოპოზიციას. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფარულად ხშირად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და იციან, რომ საქართველოში ომის ძალიან ეშინიათ, რასაც ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა. მან ომში ჩართვა-არჩართვის საკითხი ხუმრობისა და ღლიცინის თემად აქცია. ამაზე სულ ოხუნჯობენ, არადა, ხალხს მართლა ეშინია ომის. ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ამ საკითხზე წამოიკიდა, შესაბამისად, ყველა საკითხს, რომელსაც ოპოზიცია სვამს, კობახიძე ომში ჩათრევის მცდელობას აბამს. ეს მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა, დღემდე მუშაობს და, ალბათ, იმუშავებს მანამდე, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება, ასე რომ, მომავალშიც ხშირად მოვისმენთ ამგვარ განცხადებებს, რადგან მათ იციან, რომ ეს განცხადებები თავის საქმეს აკეთებს...

- თქვენი აზრით, დღეს ხელისუფლების პოლიტიკა სრულად ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არ არის ნაკარნახევი ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის მიზანმიმართული მცდელობით?

- რა თქმა უნდა, მათი ყველა მოქმედება და განცხადება განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, რა ვიცი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, ვითომ უარს იტყოდნენ? არა მგონია. ჩვენ ვნახეთ, რომ სტატუსის მიუღებლობას სერიოზული გართულება მოჰყვა ქვეყნის შიგნით: დემონსტრაციები, პროტესტი... არა მგონია, ამის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და მიზანმიმართულად სცადოს საგარეო კურსის შეცვლა. ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი. მათ სურდათ სტატუსის მიღება იოლი გზით, არ უნდოდათ კონკრეტული რეფორმების გატარება, იმედი ჰქონდათ, რომ ამის გარეშეც გავხდებოდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც არ გამოვიდა.

დღეს ქმნიან რაღაც ჯგუფებს, ცდილობენ წამოიწყონ პროცესი და აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ აპირებენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში, როგორ წარიმართება მოვლენები. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს ომი როდის დამთავრდება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენც მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

- გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი, რამაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაართულა. მოსალოდნელია პროცესების გამწვავება? და ხომ არ უბიძგებს ეს ჩინეთს, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დაეხმაროს?

- ჩინეთი რუსეთს აქამდეც ეხმარებოდა და ამის გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერავინ დააყენებს მათ საზღვარზე დამკვირვებლებს, რათა შემოწმდეს, რა ტვირთი შედის ჩინეთიდან რუსეთში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთს სანქციების არ ეშინია, თუმცა ჩინეთი რუსეთისთვის დასავლეთს, როგორც ტექნოლოგიების მიმწოდებელს, მთლად ვერ ჩაანაცვლებს... რა მოხდა ტაივანში? რა და, ჩინეთმა ისევ ვერ გაბედა აშშ-ის წინააღმდეგ წასვლა. ჩინეთი ომს ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ის, ალბათ, უფრო მეტად ეცდება რუსეთის ფარულ დახმარებას. საკითხავია, ეს ეყოფა თუ არა რუსეთს, რადგან დაწესებული სანქციები 3-4 წელიწადში მას ძალიან მძიმედ დააწვება. სწორედ ამიტომ რუსეთი ეცდება, ომი მანამდე დაასრულოს, ვიდრე ეს დრო დადგება...

- შეიძლება რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოში, ასე ვთქვათ, გაყინული კონფლიქტების აფეთქების დეტონატორად იქცეს? რამდენიმე ამგვარი კონფლიქტის გამწვავება უკვე დავინახეთ, მათ შორის - ჩვენს რეგიონშიც: გასულ კვირას აზერბაიჯან-სომხეთს შორის ისევ გართულდა ვითარება...

- გამორიცხული არაფერია. აზერბაიჯანს, ალბათ, კარგა ხანს არ ექნება ამაზე კარგი ვითარება იმისთვის, რომ ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორიაც დაიბრუნოს. ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ეს მოგვარდეს მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით და არა - ახალი ომით. ყარაბაღი გაცილებით ახლოს არის ჩვენთან, ვიდრე უკრაინა და იქ ომი ჩვენთვის ყოველთვის იყო სერიოზული საფრთხე, თუმცა ბოლო ომისას ეს საფრთხე აგვცდა, გადავრჩით... როცა ძირითადი მოთამაშეები სხვა პრობლემაზე ფიქრობენ და ამა თუ იმ რეგიონისთვის არ სცალიათ, ეს აძლევს შესაძლებლობას ზოგიერთ ქვეყანას, ომით სცადოს იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელზეც პრეტენზია აქვს. სამწუხაროდ, ამგვარი კონფლიქტების აფეთქება გამორიცხული არ არის...

- დასასრულ, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე მინდა გკითხოთ. იქ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკებისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემის მცდელობამ. რატომ არაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარების გამოსაყენებლად?

- რა თქმა უნდა, რუსებსა და აფხაზებს შორის ასეთი მძაფრი კონფლიქტების გამოყენებას უნდა ვცდილობდეთ, მაგრამ ასე მარტივად მას ვერ გამოვიყენებთ. ამისთვის აფხაზებთან მუშაობა ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო, რათა ისინი ჩვენს მხარეს გადმოგვეყვანა. ეს მუშაობა არ დაწყებულა და არც ახლა მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთის სრული ანექსიისკენაც კი გადადგას ნაბიჯი. სანქციების მას აღარ ეშინია (ყველაფერი დაუწესეს, რაც შეიძლებოდა), რაც უფრო ათავხედებს, რადგან დასაკარგავი აღარაფერი აქვს. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების დუმილს, ესეც რუსეთის აგრესიის შიშით აიხსნება.