როგორ იზრდება ბანკების დასაკუთრებული ქონება და რა უნდა ქნას მსესხებელმა, თუკი სესხს ვეღარ ფარავს - კვირის პალიტრა

როგორ იზრდება ბანკების დასაკუთრებული ქონება და რა უნდა ქნას მსესხებელმა, თუკი სესხს ვეღარ ფარავს

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მათ ანგარიშზე 313.737.806 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა. 2021 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით კი, ანუ შარშან იმავე პერიოდისთვის, ბანკების დასაკუთრებული ქონების ღირებულება 255.501.862 ლარი იყო. ბანკი ქონებას მაშინ ისაკუთრებს, როდესაც მსესხებელი - ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, რომლის სესხი ქონებით არის უზრუნველყოფილი, გადახდას ვეღარ ახერხებს. ცხადია, ბანკი პირველივე გადაუხდელობისას არ ისაკუთრებს ქონებას. ბანკების ინტერესი არ არის ქონების დასაკუთრება მათი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში ხდება, რაც შემდეგ ბანკისგან დამატებით ძალისხმევას ითხოვს. რას ნიშნავს ეკონომიკისთვის, რომ იზრდება ბანკების დასაკუთრებული ქონება და რა უნდა ქნას მსესხებელმა, თუკი ვეღარ იხდის, რათა შეძლებისდაგვარად ნაკლები წაგება ნახოს - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

- ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც ბანკი უზრუნველყოფის სახით სთხოვს მომხმარებელს, იქნება იურიდიული პირი თუ ფიზიკური, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას და თუ მსესხებელი ვერ იხდის სესხს, ხდება იპოთეკით დატვირთული ქონების ბანკის სასარგებლოდ დასაკუთრება და რეალიზაცია. თუმცა მხოლოდ ის მონაცემი, თუ რა ქონება გადავიდა ბანკის საკუთრებაში, დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. უნდა დავაკვირდეთ ტენდენციას, თუ როგორ ხდება ამ ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან, პანდემიის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ კომპანიების ნაწილი, რომლებსაც პანდემიის დროს განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ, ან ფიზიკური პირები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ ან შემოსავლები შეუმცირდათ, ვეღარ მოახერხებდნენ სესხების გადახდას, შესაძლებელია მათი ქონება გასხვისებულიყო ან ბანკის მფლობელობაში გადასულიყო. ეს პროცესი ეკონომიკურ ვარდნას ახლავს.

- პანდემიით შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, რამდენად მაღალია ეს მაჩვენებელი?

- არ არის ძალიან მაღალი. ამაზე რომ ვილაპარაკოთ, მაღალია თუ დაბალი, ბანკების აქტივები უნდა შევადაროთ. ბანკები ათეულობითმილიარდიან აქტივებს მართავენ და შესაბამისად, 300 მილიონი დიდი თანხა არ არის. შესაძლოა ცალკე აღებული დიდ თანხად გვეჩვენებოდეს, მაგრამ არა მთლიან პორტფელთან შედარებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკის ინტერესი არ არის უძრავი ქონების დასაკუთრება, მისი ინტერესია, რომ მსესხებელმა სესხი გრაფიკის მიხედვით გადაიხადოს. როდესაც ეს ვერ ხერხდება და ხშირად სესხები ქონებით არის უზრუნველყოფილი, ბანკი ამ ქონებას დაისაკუთრებს.

- გასაგებია, რომ ბანკს სხვა პროფილი აქვს და მისი ინტერესი არ უნდა იყოს უძრავი ქონების დასაკუთრება, მაგრამ როდესაც ქონება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულებისაა, ინტერესი ამ შემთხვევაშიც არა აქვს?

- ბანკის ბიზნესი არ არის უძრავი ქონების მართვა. მისი ბიზნესია ფულის მოზიდვა, მათ შორის ანაბრების, შემდეგ გასესხება და საპროცენტო სარგებლით შემოსავლის მიღება. როცა რამე საინტერესო უძრავ ქონებაზეა ლაპარაკი, საწარმო იქნება, სასტუმრო თუ სხვა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბანკი დაინტერესდეს კიდეც, მაგრამ, როგორც წესი, ქონების დასაკუთრება ხდება გამოუვალ ვითარებაში, როდესაც სესხის რესტრუქტურიზაციის ან საშეღავათო პერიოდის მიცემის შემდეგ მსესხებელი მაინც ვერ ახერხებს გადახდას. ბანკისთვის ეს, ფაქტობრივად, ბოლო ეტაპია, როდესაც სხვა გამოსავალი არ რჩება, რათა ზარალი, რაც გადაუხდელობით მიადგა, აინაზღაუროს. ამიტომ ვამბობ, რომ ბანკის ინტერესია, მსესხებელმა გრაფიკით გადაიხადოს, მაგრამ როცა გადახდას ვერ ახერხებს, ბანკი როგორ უნდა მოიქცეს? იმ ტაქტიკით, რომ არ ჩამოართვას ქონება, მაშინ იპოთეკითაც არ დატვირთავდა. სესხის ქონების გარანტიით გაცემა შემაკავებელი მექანიზმია, რათა მომხმარებელმა იცოდეს, თუ ვერ გადაიხდის, შეიძლება ქონების გარეშე დარჩეს. ამიტომ მომხმარებელიც მაქსიმალურად ცდილობს გადახდას. შესაბამისად, ბანკმა რომ ქონებით უზრუნველყოფილი სესხი გასცეს, უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ არ იზარალებს. სხვანაირად ეს ბიზნესი აღარ იქნებოდა. ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ არის, ბიზნესინტერესები აქვს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ჯერ გადახდის ყველა რესურსი ამოიწუროს და როდესაც მსესხებელი მართლაც ვეღარ ახერხებს გადახდას და სხვა გზა არ რჩება, ბანკმა მაშინ დაისაკუთროს ქონება.

- ყველა რესურსის ამოწურვის სხვა რა სამართლებრივი მექანიზმი თუ ბერკეტი არსებობს, გარდა ბანკის ინტერესისა, რომ გადახდა ურჩევნია ქონების დასაკუთრებას?

- ამისთვის ბევრი რეგულაცია არსებობს. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. ხშირად მომისმენია განცხადება, რომ ფიზიკურ პირს, რომელსაც ერთადერთი საცხოვრებელი აქვს, არ ასახლებენ იქიდან. შესაძლოა ბანკმა ქონება დაისაკუთროს, მაგრამ ამ ქონებაში ისევ ის ადამიანი ან ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებმაც სესხი აიღეს და მისცენ საშუალება ერთხანს თავის ყოფილ ქონებაში გაჩერდეს.

- ვთქვათ, მე ავიღე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და შემექმნა გადახდის პრობლემა. პროცედურა როგორია, სად რა მექანიზმი არსებობს და რისი გამოყენება შემიძლია, რათა ეს პრობლემა მოვაგვარო?

- ყველაზე რთული მომენტი ის არის, რომ სესხის აღებამდე კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი გადახდისუნარიანობა, რასაც ბანკიც აკვირდება, ჩვენს საკრედიტო ისტორიას, შემოსავლებს... მით უმეტეს, როცა იპოთეკურ სესხს ვიღებთ, ანუ გრძელვადიანს, რა თქმა უნდა, ჩვენ გრძელ ვადაში უნდა გვქონდეს იმის საფუძვლიანი გარანტია, რომ არ მოგვიწევს ამ ქონების გაყიდვა ან ბანკისთვის გადაცემა. უპირველესად მნიშვნელოვანი ეს არის.

თუ სხვა გზა არა გვაქვს, მაინც ავიღეთ და მერე პრობლემა შეგვექმნა, ბანკს უნდა ვაცნობოთ, რომ ან შემოსავალი შეგვიმცირდა, ან დროებით უმუშევარი დავრჩით, რათა საშეღავათო პერიოდი მოგვცეს. ბანკთან კომუნიკაციით ვცდილობთ გადავადებას ან რესტრუქტურიზაციას და ბანკი გადაწყვეტილებას ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად იღებს, კონკრეტული სესხის გადადების ისტორიიდან თუ მსესხებლის ზოგად საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე. თუ საშეღავათო პერიოდიც ისე გავიდა, რომ ვერ ვახერხებთ ვერც ძირისა და ვერც პროცენტის შეტანას, უმჯობესია, თავად მოვახდინოთ ამ ქონების რეალიზაცია, რადგან უფრო მისაღებ ფასად გაიყიდება, ამით დავფაროთ ბანკთან ვალდებულება და არ მივიდეთ სასამართლომდე, რომელიც შემდეგ დამატებით ხარჯს გამოიწვევს, თან ასეთი პროცესის მოგება იურიდიულად ძალიან რთულია, როდესაც ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი და თანხმობა გვაქვს გაცხადებული კონკრეტული პირობების შესრულებაზე.

- თუკი საშეღავათო პერიოდიც ამომეწურა, აღარც რესტრუქტურიზაციის შანსი მაქვს, ამის მერე შემიძლია ბანკს კიდევ ვთხოვო დრო ქონების გასაყიდად?

- მიდგომა ინდივიდუალურია, ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. ბანკი მორალურ მხარეს, რა თქმა უნდა, ყურადღებას აქცევს, მაგრამ მოქმედებს კანონმდებლობითა და გაფორმებული ხელშეკრულებით. თუმცა ხშირად ბანკი დათმობაზე მიდის - ეს მისი კეთილი ნებაა. ზოგჯერ ბანკი დათმობაზე არ მიდის ხოლმე, მაგრამ გაცილებით ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირი ან იურიდიული კომპანია აუწყებს, რომ პრობლემები შეექმნა, და ბანკი დათმობებზე მიდის. მაგალითად, პანდემიის დროს, როდესაც ბიზნესებს პრობლემები შეექმნათ, ბანკებმა ეს გაითვალისწინეს. ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და ახსნა. ისეც ხდება, როდესაც მოქალაქე სესხს ვერ იხდის, ტელეფონს გამორთავს ან ბანკის ზარებს არ პასუხობს, ბანკის თანამშრომელს სახლის კარს არ უღებს, ფოსტით გზავნილებზე არ რეაგირებს, ცხადია, ბანკიც უფრო მკაცრად განეწყობა - ასეთ შემთხვევაში ის სასამართლოსა და პირდაპირ აღსრულებას მიმართავს. ამიტომ ვიმეორებ, პრობლემის შექმნისას პირველ რიგში ბანკთან კომუნიკაციაა საჭირო. თუ ყველა საშუალება ამოიწურა, მსესხებელი ხედავს, რომ ვერ იხდის, მით უმეტეს, რომ ამას უკვე ჯარიმები, საურავები ემატება და ირთვება მრიცხველი, რაც მის ხარჯს უფრო ზრდის, ჯობს, თავად მსესხებელმა გაყიდოს ქონება.

- არის სხვა მექანიზმი ქონების რეალიზაციის გარდა?

- როგორ არ არის, მაგრამ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია ქონების მფლობელისთვის. თეორიულად, ვალის დასაფარად სხვა ბანკშიც შეიძლება სესხის აღება, მაგრამ ჯერ ერთი, როცა სესხი პრობლემურია და მით უმეტეს, საკრედიტო ისტორიაა ცუდი, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელი ხდება. ამასთან, თუ გადახდა არ შეუძლია, რა აზრი აქვს ახალი სესხის აღებას? ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი ბანკისთვის მიმართვაა პრობლემის მოსაგვარებლად და, თუ ვერ მოგვარდა, ქონება თავად უნდა გაყიდოს. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურად წყდება და ასეთ პროცესებში ხშირად ვეხმარებით მოქალაქეებს რჩევით, კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.

- საზოგადოებაში როგორი ტენდენციაა, ცდილობენ პრობლემის მოგვარებას თუ კარგავენ ქონებას?

- არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ ბანკი ჩაკეტილი სისტემაა, რომელსაც ვერ მივუდგებით, ვერ დაველაპარაკებით. სასურველია, ყველა საშუალება გამოვიყენოთ, თუნდაც მივმართოთ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას და მათაც ვთხოვოთ რჩევა და დახმარება. როგორც გითხარით, ჩვენი ორგანიზაციაც ეხმარება მოქალაქეებს როგორც ბანკებთან კომუნიკაციაში, ასევე გზების მოძიებაში, თუ როგორ გადაიჭრას პრობლემა. თუმცა მომხმარებლები ხშირად ცდილობენ დამალვას, რაც გამოსავალი არათუ არ არის, არამედ უფრო ართულებს ვითარებას, რაც ქონების დაკარგვად უჯდებათ.

თუმცა გადამწყვეტი მაინც სასამართლოა, რომლის გარეშე გამოსახლება ვერ ხერხდება.

შესაძლოა ბანკმა დაისაკუთროს ქონება, მაგრამ მობინადრე ვერ გამოასახლოს. ამიტომაც ერიდება ბანკი დავის ამ ბოლო ინსტანციამდე მიყვანას.

მიუხედავად საზოგადოებაში დამკვიდრებული ბანკის საწინააღმდეგო მითებისა და განწყობისა, ვიცით ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ბანკი ბოლომდე უწევს მსესხებელს შეღავათს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ბანკის კეთილი ნებაა და ყოველთვის ინდივიდუალურია.

რუსა მაჩაიძე