ისრაელს უკვე 600 რაკეტა ესროლეს, მან მხოლოდ 30-მდე ვერ მოიგერია... - კვირის პალიტრა

ისრაელს უკვე 600 რაკეტა ესროლეს, მან მხოლოდ 30-მდე ვერ მოიგერია...

რაკეტების გაშვების ინტენსივობით, ღაზის სექტორის პალესტინელებმა თვით რუსეთის არმიასაც კი აჯობეს და ისრაელის ქალაქებისკენ ბოლო სამ დღეში 600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს...

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მორიგი სარაკეტო ომის მაპროვოცირებლად, ამჯერად, ეტყობა ისრაელის არმიის მიერ 5 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაცია „გამთენიისას“ გახდა, რომელიც ღაზის სექტორში „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფების ლიდერთა ლიკვიდაციასა და მისი ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად.

5 აგვისტოს გამთენიისას, ღაზის სექტორში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ სართულს გასოცარი სიზუსტით მოხვდა მართვადი რაკეტა, რომელმაც კონკრეტულ ბინაში მყოფი ტაისირ ჯაბარი შეიწირა, „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ლიდერი.

ისრაელის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს არა მარტო რაკეტის კორპუსის კონკრეტულ ბინაზე რაკეტის მოხვედრის ოპერატიული ვიდეოკადრები, არამედ, თავად ამ ბინაში, ეტყობა მალულად დაყენებული ვიდოკამერის მიერ გადაღებული კადრებიც, სადაც მოჩანს, რომ ოთახში თავისი საქმით დაკავებულ ტაისირ ჯაბარს მოულოდნელად ზედ კედელი ეცემა, რომელიც რაკეტამ შეანგრია და აფეთქდა...

2-israeli-1659867070.jpg
პალესტინელი მებრძოლები „ქასამის“ ტიპის ნახევრადკუსტარული წარმოების რაკეტებს ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქისკენ გასაშვებად ამზადებენ...

ამ კადრების გასაჯაროებით, ისრაელის მხარეს ეტყობა სურდა იმის დამტკიცება, რომ ეს სარაკეტო დარტყმა მხოლოდ „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფების სამხედრო ლიდერის მიმართ იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის სამხედროებს მთლად „სუფთად“ ეს ოპერაცია არ გამოუვიდათ - სარაკეტო დარტყმის შედეგად, საერთო ჯამში ათი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლი მხოლოდ ოთხი იყო, დანარჩენები კი სამოქალაქო პირები, მათ შორის, ქალი და ხუთი წლის ბავშვიც...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „პალესტინური ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფების სხვა ლიდერებმა მაშინვე შურისძიების დაწყების ბრძანება გასცეს და ღაზის სექტორიდან ისრაელის დასახლებული პუნქტების რაკეტებით მასიურად „დასეტყვა“ დაიწყეს...

შესაბამისად, საქმეში ჩაერთო ისრაელის მაცხოვრებელთა მთავარი იმედი - ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათი“ და ღამისეული ცაც სასიკვდილო „ფოირვერკებმა“ გაანათეს...

საინტერესოა ორი ვიდეოკადრის შედარება, როდესაც კადრს მიღმა ხმა ისმის - ღაზის სექტორში გადაღებულ ვიდეოში ისრაელის ქალაქებისკენ გაშვებულ თითოეულ რაკეტას „ალაჰ აქბარ“-ის შეძახილით აცილებენ, ისრაელის ქალაქის ქუჩიდან გადაღებულ ვიდეოში კი აღფრთოვანებული ხმები ისმის, როდესაც „რკინის გუმბათის“ მიერ გაშვებული ანტირაკეტა მორიგ პალესტინურ „ქასამს“ აგდებს...

3-israeli1-1659867191.jpg
ისრაელის „რკინის გუმბათი“ მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა, მაგრამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული რაკეტების 100 %-ის ჩამოგდება არც მას ძალუძს...

რა რაკეტებს ესვრიან პალესტინელები ისრაელის ქალაქებს

ღაზის სექტორში მოქმედი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების სარაკეტო არსენალი, ძირითადად, ორი გზით ივსება - ფარულად იმპორტირებული (როგორც წესი, ირანიდან, გემებით შემოტანილი) და ადგილზე დამზადებული რაკეტების ხარჯზე.

თუკი წლების წინ, ღაზის სექტორში კერძო საამქროები კუსტარულად ამზადებდნენ "ქასამის" ტიპის უმართავ რაკეტებს (თავიდან მათი კორპუსისთვის იყენებდნენ საგზაო ნიშნების მილებსაც კი), ახლა იმპორტირებული მასალისგან უფრო ხარისხიან რაკეტებს ამზადებენ, რომელთა მოქმედების რადიუსი, გაბარიტების მიხედვით, რამდენიმე ათეული კმ-დან 100 კმ-მდე მერყეობს. გარდა ამისა, პალესტინელების შეიარაღებაში გამოჩნდა 160 კმ-ზე მფრენი უმართავი რაკეტებიც, რომლებითაც მათ ღაზის სექტორიდან ჰაიფას პორტის დაბომბვაც შეუძლიათ, რომ არაფერი ვთქვათ თელ-ავივზე, სადამდეც პირდაპირი ხაზით მხოლოდ 60 კმ-ია.

ისრაელის აგენტურული და საჰაერო დაზვერვა მუდმივად "ნადირობს" ღაზის სექტორში მოქმედი რაკეტების დამამზადებელი კუსტარული საამქროების გამოსავლენად და როგორც კი სიტუაცია იძაბება (როგორც ამჟამად), "წერტილოვანი" საჰაერო დარტყმებით ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს მათ.

ამ საამქროებისგან განსხვავებით, პალესტინელების რაკეტების გამშვები დანადგარები, ძირითადად, მობილურია, სატვირთო ავტომობილების ძარებზე დამონტაჟებული და სარაკეტო ზალპის შემდეგ ამ მანქანებს საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოებსა და ფარეხებში მალავენ, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნიან, რადგან ისრაელის საჰაერო დაზვერვა მყისიერად პოულობს რაკეტების ზალპის ადგილს და საპასუხო ზუსტი დარტმა ერთი-ორი წუთის შემდეგ ხორციელდება.

რა არის ისრაელის ანტისარაკეტო "რკინის გუმბათი"

2011 წლიდან ისრაელის ქალაქებს "ჰამასისა" და "ჰესბოლას" რაკეტებისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტაქტიკური სისტემის - "რკინის გუმბათის" ბატარეები იცავს.

ბატარეაში შედის მრავალმიზნობრივი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც გამოშვებული რაკეტის ფრენის ტრაექტორიას განსაზღვრავს და ინფორმაციას უსწრაფესად აწვდის ცეცხლის მართვის პუნქტს, რომელიც რამდენიმე წამში ითვლის, ხვდება თუ არა გამოშვებული "ქასამი" თუ "გრადი" დასახლებულ პუნქტს. თუ არ ხვდება, მაშინ ანტირაკეტას არ უშვებენ, რითაც იზოგება ძვირად ღირებული (40 ათას დოლარამდე) ანტირაკეტების მარაგი, ხოლო თუკი ტერორისტების რაკეტა ქალაქის უბანს ემუქრება, მაშინ "ტამირის" ტიპის ანტირაკეტა სტარტს იღებს (ერთ ბატარეაში ამ ანტირაკეტების სამი გასაშვები დანადგარია, თითოულ დანადგარში კი "ტამირის" ტიპის 20 ანტირაკეტაა განთავსებული), აქტიური რადიოლოკაციური დამიზნებით იმართება და ფეთქდება "ქასამისა" თუ "გრადის" უშუალო სიახლოვეს და მათ დეტონაციას ახდენს.

რა არის ღაზის სექტორი

ღაზის სექტორის სტატუსი საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. დე იურე ის, იორდანის დასავლეთ სანაპიროსთან ერთად, ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის არაბული სახელმწიფოს ნაწილად ითვლება.

ღაზის სექტორის სიგრძე 40 კმ-ია, სიგანე - 6-12 კმ, საერთო ფართობი კი - 360 კვ.კმ.

2005 წელს ისრაელმა მთლიანად დატოვა ღაზის სექტორი, იქიდან გამოასახლა თავისი მოქალაქეები და გამოიყვანა საარმიო დანაყოფები, რის შემდეგაც ღაზის სექტორს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გამყოფი კედელი შემოარტყა. ამ ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და, ფაქტობრივად, შეწყდა ტერორისტული თავდასხმები ამ სექტორში მცხოვრებ ებრაელებსა და იქ მოქმედ ისრაელის საარმიო პატრულზე, თუმცა ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები კვლავ აქტუალურ თემად დარჩა. ღაზის სექტორი სამხრეთით ესაზღვრება ეგვიპტეს, სადაც ასევე აგებულია სასაზღვრო გამყოფი კედელი, ხოლო ღაზის სანაპირო ზოლს ისრაელის სანაპიროს დაცვა აკონტროლებს.