"შიშველი ხელებით ვიბრძვით, რუსები სახლებში არ შემოგვიცვივდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დებოში არ მოაწყონ..." - კვირის პალიტრა

"შიშველი ხელებით ვიბრძვით, რუსები სახლებში არ შემოგვიცვივდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დებოში არ მოაწყონ..."

"შიშველი ხელებით ვიბრძვით, რუსები სახლებში არ შემოგვიცვივდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დებოში არ მოაწყონ... სხვა ქვეყნებშიც მინახავს რუსი ტურისტები, სადღაც რომ სხდებიან რესტორანში ან კაფეში, როგორ თვრებიან, გონებას კარგავენ და ყველასთვის მიუღებლები არიან...", - ამბობს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინაზე, მათ შორის, შეჩერებულ დიპლომატიურ პასპორტებზე ,,კვირის პალიტრას" ესაუბრა...

- ქვეყანაში ამდენი რუსის შემოსვლის გამო, სიტუაცია დღითიდღე იძაბება, მაგრამ არანაირ საუბარს აზრი აღარ აქვს, რაღაც ქმედებაა საჭირო და უკვე შეფასებებს აღარც კი ვუყურებ! დღევანდელი მთავრობის სტრატეგია და მიმართულება, ვხედავთ, რაც არის. თავიდანვე ის პოლიტიკა განსაზღვრეს, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ კურსზე უარი ვთქვით. ჩვენი გზა აშკარად სულ სხვა მიმართულებით გადაიხარა. ეს ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენ ავირჩიეთ ესენი, როგორც ქვეყნის მმართველები და მათ ასე გადაგვიწყვიტეს, რაც უკვე მკაფიოდ გამოჩნდა.

ამას მოჰყვა ის შედეგი, რომელიც უკვე ძალიან ღიად გამოვლინდა. იძულებულები ვართ, რაც ხდება საზოგადოებამ გავაპროტესტოთ... თუმცა ვინც დღეს სახელმწიფოს მართავს, მათ ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა! აქამდე ჩვენი კურსი იყო ძალიან გარკვევით, რისთვისაც ბოლო 30 წელზე მეტია ვიბრძვით... აღარ დავიწყებ სულხან-საბას დროიდან, უახლეს ისტორიას გადავხედოთ! როცა საქართველო დამოუკიდებლად ვაღიარეთ და ამას ამდენი ადამიანი შეეწირა.

ჩვენი კურსი ეგ იყო, თავს ევროპელებად ვთვლით, თუმცა ამის დეკლარირებაა საჭირო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, დავალებებს მეტ-ნაკლებად ვასრულებდით... ჩვენი საზოგადოება სულ მზად იყო, ცივილური ოჯახის წევრი გამხდარიყო. მოხდა ისე, რომ გაუგებრობის, იმ ძალიან განუვითარებელი ოჯახის წევრი გავხდით, რასაც მოსკოვი, რუსეთი ჰქვია. გვეგონა, ევროპულ მიმართულებას ხელისუფლება არ შეცვლიდა, მაგრამ ნურას უკაცრავად... უკვე ძალიან ახლოს აღმოვჩნდით იმ ტრაგიზმთან, რასაც ამდენი წლები, საუკუნეებია ვებრძვით.

გავიხსენოთ რუსული, საბჭოური 70-წლიანი მმართველობა, ჩვენი უმძიმესი წარსული, საზოგადოების ყველაზე გამორჩეული ნაწილის დახვრეტა, გადასახლება... სამწუხაროდ, ისევ იმ გზაგასაყარზე ვდგავართ, რუსეთის მიმართულებაა არჩეული. ეს ყველაფერი დღითიდღე თანდათან იკვეთება და მთავრობას სურს განუვითარებელ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს ჩაგვახუტოს. სადაც ზნეობის და რამე ღირებულებების საზღვარი არ არსებობს... ტყუილები, ტალახში ჩაწოლის სურვილი, ჩვენ გვექაჩებიან იქეთ და თავიანთი ოჯახები საცხოვრებლად უცხოეთში ჰყავთ გახიზნული.

რუსები, რომლებიც აქ ჩამოედინნენ, ბათუმში და ზღვისპირეთში სახლებს იძენენ, რატომ აფხაზეთში არ მიდიან?! ეს ყველაფერი ხომ ძალიან აშკარაა. ურდო რომ შემოესევა, უკვე ეგრე არიან.

- ისინი ამბობენ, მილიონნახევარი ქართველია დღეს რუსეთში და იქედან ოჯახებს არჩენენო...

- ეგ ისეთი აბსურდია, მეტი რომ არ შეიძლება! მილიონნახევარი რუსეთში ერთი პატარა უბნის მოსახლეობაა და ჩვენ სულ სამი მილიონი ვართ... ასეთი შედარებები ძალიან სულელურია. მაგ შედარებებს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება და ზემოდან კიდევ რუსებს საკმეველს უკმევს. თურმე ჩვენ ვართ ქსენოფობები, ქსენოფობია გოიმობაა და ასე შემდეგ... ამ ყველაფერზე კომენტარსაც ვეღარ ვაკეთებ და მაგიტომაც არის, რომ მედიაძი ძალიან დიდი ხანია არც გამოვჩენილვარ.

მინდა, უფრო რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხერხდება მაშინ, როცა სახელმწიფო ხელს არ გიწყობს და პირიქით, გადანაშაულებს, როგორც ქსენოფობს, მოღალატეს...

არ ვიცი, რა არ გვიძახა იმ ჯგუფმა, რომელიც დღეს სახელმწიფოს მართავს. ვერც ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფო მმართველი გუნდია... სამწუხაროდ, მათ ძალიან ცუდი გზით მივყავართ.. არ ვიცი, თავიდან რა იყო მათი სურვილი, ან საერთოდ თავში რა აქვთ. ეს ჯგუფი ერთი კაცის მიერ იმართება, რომელზეც ევროპარლამენტარებმა და თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ მთავარი ოლიგარქი ყველაფერს კულუარებიდან განაგებს.

ადამიანი, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ პოლიტიკოსი არ არის, ამ პასუხისმგებლობას გაურბის და მართავს, აი, ამ თოჯინებს, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი უსიტყვოდ შეუსრულონ... არ ვიცი, რისთვის, ალბათ იმისთვის, რომ მეტი საათები ჰქონდეთ ნაყიდი და სახლში დადებული.

ამ ქვეყანაში არავის ექნება უკეთესი ცხოვრება! უკეთესი ცხოვრება ის არის, ქვეყანაში სისტემა გაიმართოს. მთლიანობაში გაჯანსაღდეს ქვეყანა... ყველასთვის იყოს გამართული ეს სისტემა და არა მხოლოდ იმ ჯგუფისთვის, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. სადაც კლანური დაჯგუფებებია, ეს არ არის სახელმწიფო!

სახელმწიფო ხალხს ემსახურება და ჩვენი კონსტიტუიციცაც ზუსტად მაგას ამბობს!

ამ დროს, დღეს სად ვართ? - შიშველი ხელებით ვიბრძვით რუსები სახლებში არ შემოგვიცვივდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დებოში არ მოაწყონ... სხვა ქვეყნებშიც მინახავს რუსი ტურისტები, სადღაც რომ სხდებიან რესტორანში ან კაფეში, როგორ თვრებიან, გონებას კარგავენ და ყველასთვის მიუღებლები არიან... ესენი არიან რუსული მმართველობის გადმონაშთების "პროდუქტი". ის ხალხი, რომლებიც სოციალისტურ, კომუნისტურ წყობაში უბადრუკებად ჩამოყალიბდნენ.

ჩვენ რატომ უნდა ჩაგვითრიონ ამ კატეგორიაში? ჩვენი ფესვები უფრო კულტურულია, უფრო ზნეობრივია, სინათლისკენ მიდრეკილია... არადა, გვაიძულებენ დავბრუნდეთ იქ, როგორც ვიცხოვრეთ 70-წლიან უძრაობაში. როცა ყველაზე კრიტიკული პერიოდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპული ოჯახისკენ ერთ სწორად გადადგმულ ნაბიჯს, იქ გვიმუხთლა ბედისწერამ და ასეთი საშინელი ბედის ვყოფილვართ! არ ვიცი, ვიღამ უნდა შეაჩეროს ამდენად სწრაფი სვლა რუსეთისკენ...

- ვიცი, როგორ გულშემატკივრობთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს... ბოლო დროს, იქაც ბევრი გაუგებრობაა, შეჩერებული დიპლომატიური პასპორტები...

- არ ვიცი, დეტალურად უკრაინაში რა შიდა დაძაბულობაა... პასპორტებზე გავიგე, მაგრამ ამის უკან რა დგას და როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, არ ვიცი... ფაქტია, რომ უკრაინასაც ძალიან მძიმე განსაცდელი უდგას და რა როგორ დამთავრდება, ღმერთმა უწყის.

მე ბოლომდე უკრაინის მხარეს ვარ, მათ ძალიან თანავუგრძნობ. ჩემი ძალიან დიდი ტკივილია და ვფიქრობ, ყველა ღირსეული სახელმწიფო ზუსტად ასე უნდა მოქცეულიყო, როგორც მათ რუსეთს გაუწიეს წინააღმდეგობა. არ მგონია, მტერი რომ თავს გესხმის, შენ თავი უნდა დაუხარო და ტერიტორიები დათმო.

ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, შემოიყვანონ რუსის ჯარიც, რუსი ხალხიც, კონსტიტუცია გადაგვახიონ და გვითხრან, ცივილურ მომავალზე ოცნებას მოეშვითო... აგინეს, ევროპარლამენტარები მიწასთან გაასწორეს და რუსებზე ისეთი რიტორიკა აქვთ, ერთ აუგს ვერ დააცდენინებ... რუსეთის გუბერნიად რომ გავიღვიძოთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, იქ ვართ უკვე!

არ ვიცი, როგორ რა განვითარდება, მსოფლიო პოლიტიკა რა იქნება, ჩვენ ერთმა წერტილმა სახელმწიფომ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ინტერესები დაგვეცვა და იქნებ, ღმერთმა გადმოგვეხდოს, ღმერთის იმედად ვართ.

მაინც მგონია, რომ უფრო ხმამამღლა უნდა ვითხოვდეთ შველას და ამას უკვე ქვეყნის ოპოზიციას ვეუბნები!

(სპეციალურად საიტისთვის)