"ჩინეთ-ამერიკის პაექრობა და ტაივანის საკითხიც თანდათან გამწვავებისკენ მიდის“ - კვირის პალიტრა

"ჩინეთ-ამერიკის პაექრობა და ტაივანის საკითხიც თანდათან გამწვავებისკენ მიდის“

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ ითქვა, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ არ გაამართლა. საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში ბალკანეთში, ჩინეთ-ტაივანსა და ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა გლობალური უსაფრთხოების პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: "ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას არსებული საფრთხეების შესახებ, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი თუ სამხრეთი კავკასია. ყველა კონფლიქტი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, სახელწოდებით, "უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ არ გაამართლა". მას რომ ემუშავა, ყველა ეს კონფლიქტი არ იარსებებდა. ამაზე უკრაინა ყურადღებას არა მარტო სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161-ე დღეს, არამედ წლებია ამახვილებს". სამივე კონფლიქტს სხვადასხვა არქიტექტურა აქვს, მაგრამ დროში დამთხვევა თვალში საცემია. რა აქვს ამ კონფლიქტებს საერთო, არის თუ არა რეალურად გლობალური უსაფრთხოების პრობლემის მაჩვენებელი და რა გავლენა იქონია გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ამაზე დასავლეთის რეაგირებამ, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რონდელის ფონდის მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ დავით ბატაშვილს ესაუბრა.

- უკრაინაში ომის დაწყებამ კი არ შეცვალა, არამედ უფრო მკაფიო გახადა ის პროცესები, რომლებიც აქამდე მიდიოდა და ახლა უფრო გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მაგალითად, რუსეთს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დანგრევა ამოცანად ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც ახლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და საბედნიეროდ, უშედეგოდ.

- დასავლეთი, კონკრეტულად ის ქვეყნები თუ ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელი, სათანადოდ აფასებენ ამ კრიტიკულ მოცემულობას, რუსეთს სათანადო პასუხს სცემენ?

- რუსეთისთვის პასუხი, რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო უკეთესი და სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ დასავლეთის პასუხი და ამავე დროს უკრაინის ძალიან ეფექტიანი წინააღმდეგობა აღწევს იმ შედეგს, რომ რუსეთი ომს ვერ იგებს, და საბოლოოდ დამარცხდება კიდეც. რომ არა უკრაინის ძალიან მაღალი ხარისხის წინააღმდეგობა, მხოლოდ დასავლეთის დახმარება ვერ უშველიდა. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა იძლევა სასურველ შედეგს.

- ბოლო დღეებში გამწვავდა ვითარება კოსოვო-სერბეთს, აზერბაიჯან-სომხეთსა და რაც მთავარია, ჩინეთ-ტაივანს შორის. შეიძლება­ ვიფიქროთ, რომ ამას ბიძგი რუსეთმა მისცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი ფაქტორიც მოქმედებს, განსაკუთრებით კი ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტში?

- არა მგონია. ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტი დიდი ხანია, დამოუკიდებლად არსებობს. ეს გააქტიურება მსოფლიო პირველობისთვის ჩინეთ-ამერიკის პაექრობას უკავშირდება. რაღაც კავშირი რუსულ ამბავსა და ჩინურ ამბავს შორის შეიძლება იყოს, მაგრამ შიდა ლოგიკა ორივეს სრულიად დამოუკიდებელი აქვს. ამ შემთხვევაში რუსეთის ომს არ მიუცია ბიძგი, რადგან ჩინეთი თავისი მიზნებისთვის თავისი შიდა მზადყოფნიდან გამომდინარე მოქმედებს.

- მაშინ რატომ ახლა? მსოფლიო პირველობისთვის ამ ჩინურ-ამერიკულ პაექრობისას რატომ ჩავიდა ახლა პელოსი ტაივანში, როდესაც იცოდა, რომ ჩინეთს რეაქცია ექნებოდა?

- ნენსი პელოსი ათწლეულებია რეგიონში დემოკრატიის მხარდამჭერია. როგორც პოლიტიკოსი, ის დამოუკიდებელი ფიგურაა, პირდაპირ არ ექვემდებარება ადმინისტრაციას. ჩინეთ-ამერიკის პაექრობა და ტაივანის საკითხიც თანდათან გამწვავებისკენ მიდის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. პერიოდულად შესაძლოა კონფლიქტი მეტადაც გამწვავდეს. სულ მცირე, რამდენიმე წლის განმავლობაში ასე იქნება.

- შედარებით მცირემასშტაბიანია კოსოვო­სერბეთის პრობლემა, მაგრამ ეს არის კონფლიქტი ევროპაში. გააქტიურდა აზერბაიჯანიც ყარაბაღში. ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა ამ ქვეყნებს შორის ვითარების გამწვავება უკრაინაში ომით პროვოცირებული?

- ჯერ ერთი, გამწვავება განსაკუთრებული არ ყოფილა, იქ სულ ხდება მსგავსი რაღაცები. რაც მთავარია, სერბეთ-კოსოვოს ომი ბევრი ფაქტორის გამო ვერ დაიწყება. ნატო არ არის რუსეთი. მას ბევრად მკვეთრი მოქმედება შეუძლია. სერბეთს არავითარი შანსი არა აქვს ნატოს წინააღმდეგ, რადგან ნატოს იქ ჯარი ჰყავს. მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ნატო ჩაერევა. შესაბამისად, ომი რომ დაწყებულიყო, ეს იქნებოდა ნატოს ომი და არა კოსოვოსი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს იმის გამო, რომ იქ სამშვიდობო სტატუსით მდგარ რუსულ ჯარს ამწუთას ზურგს არ უმაგრებს­ რუსული სამხედრო მანქანა უკრაინაში ომის გამო. თუმცა მწვავე ქმედებები არც ყოფილა. სხვა დროს უფრო ძლიერი ყოფილა, მათ შორის 2020 წლის ომის შემდეგ, ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებამდე.

- რუსეთ-უკრაინის ომამდეც იყო ლაპარაკი გლობალური უსაფრთხოების შესახებ, რომ ვერ პასუხობდა გამოწვევებს. ცხადია, უკრაინაში­ ომის დაწყებამ ძირეულად შეცვალა ვითარება. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოებისთვის მთავარი პრობლემა რუსეთია?

- პრობლემები როდის არ იყო? "ცივი ომის" პერიოდი ნამდვილად არ ყოფილა ნაკლებად პრობლემური. მხოლოდ 1990-იანსა და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში იყო, ასე ვთქვათ, სიმშვიდე. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა - ჩინეთი ჯერ არ იყო მზად ამერიკასთან გასაჯიბრებლად, როცა ძალიან მოძლიერდა, დაიწყო კიდეც მათ შორის პაექრობა. არც რუსეთი იყო იმდენად ძლიერი, მიუხედავად იმისა, რომ ელცინის დროს კრემლს მეზობლებთან მაინც ჰქონდა აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ როცა გაძლიერდა, 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან, დასავლეთს პირდაპირ დაუპირისპირდა. ვფიქრობ, პროცესები უფრო გამწვავდება აღმოსავლეთ აზიის კონტექსტში. დიდი სახელმწიფოების ლიდერობისთვის ბრძოლა ყველა ეპოქაში ხდებოდა და ჩვენიც არ არის გამონაკლისი.

- რუსეთის დამარცხება თუ გამარჯვება გლობალური უსაფრთხოების წესრიგზე უეჭველად მოახდენს გავლენას.

- დიახ, დამარცხებას ძალიან კარგი გავლენა ექნება, მაგრამ გააჩნია მარცხის ხარისხსაც. თუ ბოლომდე არ დამარცხდა, რუსეთი კრიტიკულ მარცხს მაინც მიიღებს და ეს მას საგრძნობლად დაასუსტებს. მეზობლებისა და დასავლეთის წინააღმდეგ ისე მკვეთრად ვეღარ იმოქმედებს.

- რუსეთის ფაქტორი ჩინეთის შემდგომ გადაწყვეტილებებზე რა გავლენას მოახდენს?

- რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემდეგ ამერიკა უფრო მეტად მოახერხებს ყურადღების კონცენტრირებას სხვა პრობლემებზე, მათ შორის ჩინეთის საკითხზეც. სხვა მხრივ ჩინეთის გადაწყვეტილებები არ არის დაკავშირებული რუსეთის ფაქტორზე. რუსეთსა და ამერიკას შორის ომი რომ დაწყებულიყო, შესაძლოა ჩინეთს ეს გამოეყენებინა, მაგრამ რუსეთი მარცხდება დასავლეთის მხარდაჭერილ უკრაინასთან.

- სულ არის მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაზე ლაპარაკი. ეს რეალურია?

- ამ ვითარებაში ეს ნაკლებად სავარაუდოა. კაცმა არ იცის, რას უწოდებენ­ მსოფლიო ომს. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ერთი ადამიანი სირიის ომს ეძახდა­ მესამე მსოფლიო ომს. მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა უნდა ჩაერთოს. მაგალითად, რომ დაწყებულიყო ამერიკა-ჩინეთის ომი, არ არის იმის ცხადი ნიშანი, რომ რუსეთი პირდაპირ ჩაერთვებოდა და დაიწყებოდა ერთიანი დიდი ომი მთელ ევრაზიაში. ბუნებრივია, ჩინეთს და რუსეთს შორის არის სიახლოვე, მაგრამ ფორმალური ალიანსი არა აქვთ და თუ გაფორმდება, ეს იქნება ახალი ვითარება, როგორც თავის დროზე, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში გერმანიამ გააფორმა იტალიასა და იაპონიასთან გლობალური ალიანსი. ჩინეთს და რუსეთს დიდად არც სურთ ერთმანეთის ომებში ჩართვა. შესაბამისად, ვიდრე მსგავსი რამ არ მოხდება, ნაადრევია საუბარი მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივებზე. შესაძლებელია დიდ სახელმწიფოებს შორის ომები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს მსოფლიო ომს.

- მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოებისთვის დღეს მთავარი პრობლემა რა არის?

- ჩინეთი და რუსეთი, ცხადია, ამ გამოწვევებში თუ ვიგულისხმებთ რეგიონულ ჰეგემონისტურ ამბიციებსა და დემოკრატიის მტრობას. ჩინეთი ასევე გამოწვევაა დასავლეთ აზიისთვის.

- მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ამერიკასთან სამხედრო დაპირისპირებაზე გადავიდეს?

- უფრო მოსალოდნელი ტაივანთან სამხედრო კონფლიქტია. სანამ არ აიღებს­ ტაივანს, და იმედია, არასოდეს აიღებს, უფრო ფართო სამხედრო დაპირისპირებებზე საუბარი ნაადრევია. ტაივანს როგორც გეოგრაფიულად, ასევე პოლიტიკურად­ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, აღმოსავლეთ აზიაში საზღვაო ომის თვალსაზრისით. ცხადია, ყველა დიდ სახელმწიფოს ურჩევნია საკუთარი ჰეგემონია­ ომის გარეშე დაამყაროს. ჩინეთისთვისაც არ არის ომი თვითმიზანი,­ მაგრამ შეუძლებელია ტაივანში მიზანს უომრად მიაღწიოს. თუმცა გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები.

რუსა მაჩაიძე