"იწყება "ცივი ომის" ახალი ფაზა ვაშინგტონსა და პეკინს შორის“ - კვირის პალიტრა

"იწყება "ცივი ომის" ახალი ფაზა ვაშინგტონსა და პეკინს შორის“

მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო ძალის მორიგ დემონსტრირებას. გასულ კვირას ჩინეთმა ტაივანის ახლოს სამხედრო წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. დასავლური მედიის ცნობით, ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო. ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ესტუმრა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის გამო უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნების ვიზიტს ტაივანში ჩინეთი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. რას ემსახურება ჩინეთის ძალის დემონსტრირება მაშინ, როცა ტაივანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკა და შეიძლება თუ არა კიდევ ერთი ცხელი წერტილი ვიხილოთ, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი­ გობრონიძე­ გვესაუბრა:

- ჩინეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ნიშნავს, რომ ის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. თუმცა მაინც ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ მისი მუქარა წყნარი ოკეანის აუზში ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს. გააჩნია, რამდენად უღირს და რამდენად გაამწვავებს აშშ ურთიერთობას ჩინეთთან, მით უფრო მაშინ, როცა ევროპაში უსაფრთხოების კრიზისები ჯერაც მოუგვარებელია. ამიტომ ეს დაძაბულობა შესაძლოა კონკრეტულად ჩინურ-ევროპულ ურთიერთობების ხარისხზე აისახოს. ასეთი მოქმედებები ჩინეთისგან ნამდვილად მოსალოდნელი იყო. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს წყნარი ოკეანის აუზში გამოძახილი აუცილებლად ექნებოდა, რადგან მსოფლიოში უსაფრთხოების გარემო,­ შესაბამისად, ძალთა ბალანსი იცვლება. უკვე მნიშვნელობა არა აქვს, როგორ დაასრულებს რუსეთი უკრაინაში ომს, ნებისმიერ შემთხვევაში ის უკვე აღარ არის ძალის ცალკე აღებული პოლუსი და ცენტრი, რომლის განხილვა ახალ მსოფლიო წესრიგში თანასწორ მოთამაშედ შეიძლებოდა. ის თანდათან პერიფერიებში გადადის. ახალი სურათი იკვეთება, სადაც ძალების გადანაწილებისთვის ბრძოლა იწყება. სამყარო ორპოლუსიანი ხდება, რომლის პირველი და მთავარი მოთამაშეა ამერიკა, მეორე ანგარიშგასაწევ ძალად ყოფნისკენ ისწრაფვის ჩინეთი. ამერიკა ცდილობს აჩვენოს თავისი გლობალური დომინირება.

- მათ შორის იქაც, სადაც ჩინეთი მიიჩნევს,­ რომ მისი სუვერენიტეტი ვრცელდება?

- დიახ, ამის გამოხატულებაა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტიც. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატა დამოუკიდებელი ინსტიტუტია და პელოსი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა შეუმდგარი ან ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო არ არის, რომ იქ შიდა ინსტიტუტებმა ერთმანეთთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად იმოქმედონ. ერთი მხრივ, ამერიკა უკან დასახევ გზას იტოვებს­ იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი, "ცივი" კი არა, "ცხელი ომის" საფრთხე გაჩნდება. პელოსი თავისი მოქმედებებით აშშ-ს წარმოადგენს. ეს იყო ამერიკის მკაფიო ნაბიჯი, რითაც კიდევ ერთხელ განაცხადა აზია-წყნარი ოკეანის აუზში დომინანტობაზე პრეტენზია. ეს იყო ჩინეთის მუქარაზე მკაფიო პასუხი - ანუ მისი პოზიცია ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიც შეერთებული შტატებია, დაშინება და მუქარით ლაპარაკი არ ჭრის. დახურული კონსულტაციების დონეზე რომ ჰქონოდათ კომუნიკაცია, შესაძლოა შეერთებულ შტატებს თავი შეეკავებინა, მაგრამ ჩინეთმა აშკარა გამოწვევა გაუგზავნა, პასუხად კი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ახლა ეს ცეცხლთან თამაშს დაემსგავსა, რადგან ჩინეთი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები ჩინეთის სუვერენიტეტს შეეხო. ამერიკა ტაივანს მხარს მაო ძედუნის დროსაც უჭერდა. მას შემდეგ მისი მხარდაჭერა უფრო გაძლიერდა და ახლა, როდესაც ჩინეთმა ტაივანისკენ გაიწია, შეერთებულმა შტატებმა თავისი მხარდაჭერის დეკლარირება მოახდინა. პარალელურად, ჩინეთი პროვოკაციულად იქცევა, აცხადებს, რომ ყველაფერზე რეაგირება ექნება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მილიტარიზაცია გაძლიერდება. ამის მიუხედავად, ჩინური და ამერიკული ძალების შეჯახებას არ ველი, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ორი სახელმწიფო მეტისმეტად არის ერთმანეთზე დამოკიდებული და დაპირისპირება არც ერთს არ სჭირდება. თუ სამხედრო აგრესიამდე მივა საქმე, ეს მესამე ტერიტორიაზე მოხდება. ჩინეთი ძალთა დემონსტრირებით აქამდე არ გამოირჩეოდა, ახლა კი მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს სჭირდება და შეუძლია კიდეც. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეეცდება წინ აღუდგეს შეერთებული შტატების ინტერესებს - თუნდაც ირანის გაძლიერების ხელშეწყობით, ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებით, ცენტრალურ აზიაში გავლენის გაძლიერებით. აფრიკის კონტინენტზეც შეეცდება ამერიკის ინტერესების შევიწროებას. ყველა მიმართულებით შეეცდება გაძლიერებას, რასაც ამერიკა, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი ცქერას არ დაუწყებს. მოკლედ, იწყება "ცივი ომის" ახალი ფაზა ვაშინგტონსა და პეკინს შორის. რაც უნდა იხტიბარს არ იტეხდეს რუსეთი, უკრაინასთან ომის გამო ის დიდი პოლიტიკის თამაშს გამოეთიშა. დამოუკიდებელი ცენტრის როლს ვეღარ თამაშობს, ამიტომ მხოლოდ ორი ძალის მთავარი ცენტრი - ჩინეთი და აშშ დარჩნენ. მსოფლიო ახალი "ცივი ომის" ფაზაში შედის, სადაც ორი სუპერძალა უპირისპირდება ერთმანეთს. თითქოს ისტორია მეორდება - ერთ მხარეს არის ჩინეთი, რომელსაც კომუნისტური პარტია უდგას სათავეში და მის პირისპირაა ამერიკა, ადრე კი საბჭოთა კავშირი იყო ამერიკისა და დასავლეთის პირისპირ. 21-ე საუკუნეში გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი გადაიშალა.

- გასაგებია, რომ რუსეთს დიდ პოლიტიკაში ჩართვის რესურსები აღარ აქვს, თუმცა­ შესაძლოა ჩინეთმა მაინც გამოიყენოს, არა?

- დიახ, დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსეთის გამოყენება მოსალოდნელია. იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ ჩინეთმა უკრაინაში კრიზისს უფრო მეტად შეუწყოს ხელი, რითაც დასავლეთს ევროპის კონტინენტს მიაჯაჭვავს. ახლა ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდი კრიზისი ის არის, რომ რუსეთს ომი აქვს უკრაინაში. შესაბამისად, ჩინეთი იზრუნებს, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაში, ანუ გამარჯვების მოპოვებაში ვინმე დაეხმარება. გამარჯვებული რუსეთი არც ჩინეთს სჭირდება, მას ხელს აძლევს გრძელვადიანი სამხედრო და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთსაც რესურსებს გამოაცლის. რუსეთი დღეს ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მან ჩინეთი ვინმეს წინააღმდეგ წააქეზოს. თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო რესურსითა და განვითარების ხარისხით რუსეთი რამდენიმე ათეული მაჩვენებლით ჩამორჩება ჩინეთს, განსაკუთრებით ექვსთვიანი უწყვეტი დასავლური სანქციების გამო. პუტინზე დიდი მტერი რუსეთს წლებია არ ჰყოლია. იმისთვის, რომ უკრაინა რუსულ ორბიტაზე სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დაებრუნებინა, საკმარისი იქნებოდა არაფერი გაეკეთებინა, მაგრამ რუსეთს ფიქრის უნარი არა აქვს. კრემლს ურჩევნია შეიჭრას, დაარბიოს, გადაწვას, გააუბედუროს, ეს მისი პოლიტიკისთვის ბუნებრივია. ამიტომაც მიიღო ირაციონალური გადაწყვეტილება. მგონი, თავადაც არ იციან, მისი მიღებისას რას ეყრდნობოდნენ, 250 ათასი ჯარისკაცით ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის აღებას როგორ აპირებდნენ და პუტინს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის გარდა, ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ გაუბედა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ის საჯაროდ დაამცირა. რამდენიმე თვეა, კრემლი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. დედამიწის მეორე ძალად წოდებულმა რუსეთმა ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია გამარჯვებას 45-მილიონიან ქვეყანასთან. სამხედრო ენაზე ამას თავის მოჭრა ჰქვია. მას ახლაც შეეძლო ეს ვითარება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, მაგრამ დიპლომატიური სვლების ნაცვლად, ქილიკი დაიწყო, რატომ არ დაიწყო ჩინეთმა ამერიკის წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო მოქმედებები და ტაივანში არ შეიჭრაო. ჩინეთი ამას რუსეთს არ წაუყრუებს.

- ვიცით, რომ გლობალურ პოლიტიკურ თამაშებში საქართველო არ მონაწილეობს, მაგრამ შედეგები ქვეყნის უსაფრთხოებაზე აისახება, თუნდაც ეკონომიკურად. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე ამ პროცესებმა?

- საქართველოს არც მანამდე ჰქონია რაიმე სახის სტრატეგია და თუ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებამდე სამხრეთით მიმდინარე კონფლიქტის გავლენაზე უნდა ვიმსჯელოთ. აზერბაიჯანის ავიაციამ სომხური პოზიციები დაბომბა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს საზღვრებთან, ფეთქებადსაშიში ვითარებაა და გლობალურ მასშტაბებზე კი არა, ამაზე არავინ ფიქრობს. ჩინეთი უძლიერესი სახელმწიფოა, ტაივანს ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ასე ადვილად ხელწამოსაკრავი არაა. ამიტომ ჯობს იმაზე ვიმსჯელოთ, ჩვენს სამეზობლოში, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში, პოლიტიკურ სისტემაში რაც ხდება. ყარაბაღის ომი კარგა ხანია გასცდა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს. სამხრეთ კავკასიაში ირანი, რომელიც ამ კონფლიქტში პირველივე წლებიდან იყო ირიბად ჩართული, ახლაც შეეცდება თავისი ინტერესების წინ წაწევას, რასაც ირან-თურქეთის გლობალური დაპირისპირება მოჰყვება, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონი ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია. ბოლოდროინდელი პროცესებიდან ისე ჩანს, რომ საქართველოსთვის არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა გაიძლიერებს პოზიციებს, ირანი, თურქეთი თუ მადაგასკარი, ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ხედვა არა აქვს არც სომხეთის, აზერბაიჯანის და არც თურქეთის მიმართ. რუსეთის თემა ქართული სოციალური ქსელებიდან არ ჩამოდის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ აგენტობას, რუსეთიდან მომავალი საფრთხე შიდაპოლიტიკური მარკეტინგის თემად აქციეს, ნაცვლად იმის, ამაზე კვალიფიციურად მუშაობდნენ. არადა, ყარაბაღის კონფლიქტით ძალიან ბევრი ფორმატი იკვეთება, მათ შორის რუსეთის რეგიონიდან გასვლის ან გაგდების, თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი ხედავს, რას აკეთებს ის უკრაინაში. შესაბამისად, რუსული სამხედრო მანქანა სიძლიერით ნატოს მეორე არმიას, საზოგადოდ, ნატოს ბლოკს, ვერ შეაშინებს. მით უფრო, თუ ადრე გარშემო ნატოს ოთხი ათასი ჯარისკაცი ჰყავდა, ახლა 300-ათასიანი კონტინგენტი მიიღო.

თუმცა ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რადგან პოლიტიკაში რაღაც რაღაცის სანაცვლოდ ხდება და არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ უეცრად რუსეთი რეგიონიდან კი არ გავიდეს, დარჩეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი კავკასია სჭირდებათ ირანსაც და თურქეთსაც. შესაბამისად, ყველა შესაძლო სცენარზე უნდა ვმუშაობდეთ. კიდევ ერთი - ქართველების უმეტესობისთვის სანუკვარი ოცნება რომ ახდეს და რუსეთი დაიშალოს, მზად ვართ თავისუფალი ჩრდილოეთ კავკასიის მეზობლად ცხოვრებისთვის?.. "ოცნებასაც" ვგულისხმობ და ოპოზიციასაც, "ნაცმოძრაობას" უფიქრია, რას ვუხერხებთ თუნდაც კადიროვს, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება აქვს და საქართველოს მიმართაც გამოუხატავს ინტერესი? ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალ საფრთხეებს როგორ ვპასუხობთ?..

გაჩნდა პერსპექტივა, როგორმე გვესარგებლა მსოფლიოში შექმნილი მძიმე რეალობით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ ამ პოლიტიკური კლასის გამო ესეც ვერ შევძელით. ამიტომ არა მგონია, რომ სახელისუფლებო ან ოპოზიციურ გუნდს ქვეყნისთვის სასარგებლო მანევრირება შეეძლოთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ორიენტირებული უნდა ვიყოთ გადარჩენასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. სხვა რეალურ პრობლემებს, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, "ოცნებაც" და ოპოზიციაც სრულიად დაცილებული არიან...