"მუდამ იმაზე იყო მომართული, სხვა გაეხარებინა სიტყვით, საქმით თუ სიმღერით...მარტო მეგობრებს კი არა, მთელ ქვეყანას მოენატრება მამუკა" - კვირის პალიტრა

"მუდამ იმაზე იყო მომართული, სხვა გაეხარებინა სიტყვით, საქმით თუ სიმღერით...მარტო მეგობრებს კი არა, მთელ ქვეყანას მოენატრება მამუკა"

"ჩემი ცხოვრების სლოგანია: იცხოვრე ერთგულად და სუფთად, ადამიანურად, უღალატოდ, გიყვარდეს და უყვარდე. ეს არის ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაზე. თესე სიკეთე, ოღონდ არ ელოდო მის მომკას, რადგან უფალი ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს, ვინ ვინ არის და ვინ რას აკეთებს. არაფრის თამაში არ არის საჭირო, ვინც ხარ ის უნდა იყო", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკა ონაშვილი. ყველასთვის საყვარელი მომღერალი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გაჰყვა ბევრი ცრემლი, მოგონება და სახელი კაცისა, რომელიც ძალიან დააკლდა ქალაქს.

"მღეროდა გულით, ცხოვრობდა გულით"

გია ბაღაშვილი, მუსიკოსი: - დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვა თავზარდამცემი ამბავია, რომელსაც ვერაფრით ვეგუები. არ უნდა გონებას ამის დაჯერება. წავიდა სიკეთის მთესველი, კეთილშობილი, ღიმილითა და სითბოთი სავსე კაცი. წავიდა ახალგაზრდა, სულ რაღაც 55 წლის. მუდამ იმაზე იყო მომართული, სხვა გაეხარებინა სიტყვით, საქმით თუ სიმღერით... მღეროდა გულით, ცხოვრობდა გულით. ერთი მისხალი არ ჰქონია ანგარების, შურის, ღვარძლის, დაუნახაობის. მიმტევებელი იყო, დიდბუნებოვანი, ბავშვური. გულწრფელი იყო ყველასთან, ცდილობდა ნაწყენი არავინ დაეტოვებინა და ახერხებდა კიდეც ამას. ქალაქელი კაცი იყო, თბილისის შვილი. თბილისურად ცხოვრების ნიჭი და შნო ჰქონდა. იხდენდა სცენას, სუფრას. უსაზღვროდ ნიჭიერი იყო, ნამდვილი ტალანტი. არასოდეს იხუმრებდა უგემოვნოდ. ერთი ემოციაც კი არ ჰქონია ყალბი. იშვიათი შინაგანი მომხიბვლელობის წყალობით ყოველთვის ახერხებდა მაყურებლის გულამდე მიეტანა სათქმელი.

20 წელი ვიდექით ერთად სცენაზე. ყოველი მისი გამოჩენა იყო ნამდვილი ზეიმი. ამ ზეიმს მამუკა თავად დაატარებდა უზარმაზარი, სიკეთით სავსე გულით და უშურველად გვინაწილებდა ყველას. მამუკა მთელი საქართველოს ტკივილია და მადლობა­ ჩვენს უსაყვარლეს მაყურებელს, რომელიც ამხელა ემოციით, ალალი ცრემლითა და დიდი გულისტკივილით ემშვიდობება მას.

"დიდი იყო ყველანაირად..."

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი: - თავიდან მე და მამუკას მამა, გელა ონაშვილი ვმეგობრობდით. მამუკა ჩემზე 16 წლით უმცროსი იყო. უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ, კარგი მომღერალი, მხატვარი, საუკეთესო პიროვნება. დიდი იყო ყველანაირად - სიყვარულით, სიკეთით, იუმორით... ყველა გაჭირვებულის გვერდში მდგომი და გამამხნევებელი. მარტო მეგობრებს კი არა, მთელ ქვეყანას მოენატრება მამუკა.

"თავის სადარდებელს ყოველთვის მალავდა"

ოთო ნემსაძე, მომღერალი: - მამუკა იყო ყველასთვის ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი კაცი, ძვირფასი ადამიანი და კარგი მუსიკოსი. მის გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ, რომ იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა. თავის სადარდებელს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბევრი ჰქონდა, ყოველთვის მალავდა. მის გვერდით მოწყენილი არავინ იყო. ძალიან დიდი დანაკლისია მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს.