"საგზაო ინსპექტირების სისტემა მოშლილი კი არ არის, არ არსებობს!“ - კვირის პალიტრა

"საგზაო ინსპექტირების სისტემა მოშლილი კი არ არის, არ არსებობს!“

2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 2572 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის ექვსი თვის მონაცემებზე 7%-ით ნაკლებია, მაგრამ დაიღუპა 201 ადამიანი, რაც 14,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ამასთან, წელს, ექვს თვეში, ავარიების შედეგად 3538 ადამიანი დაშავდა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი­ დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ავტოკატასტროფების მაღალი მაჩვენებლის მიზე­ზია­ ის, რომ ქვეყანას საგზაო უსაფრთხოე­ბის სისტემა არა აქვს, კანონის გამკაცრება კი არ ემყარება კვალიფიციურ კვლევებს.

- სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა, მიახლოებითია და ამას თავისი მიზეზი აქვს. მაგალითად, ის, რომ სისტემა, რომლითაც სტატისტიკა კეთდება, მოძველებულ მეთოდს იყენებს. აუდიტის დასკვნაშიც არის მითითებული, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. სტატისტიკას სჭირდება საინფორმაციო წყაროები, ჩვენთან კი საგზაო შემთხვევებს ზუსტად არ აღრიცხავენ - ხშირად მძღოლები თვითონ რიგდებიან და იმის გამო, რომ არ დაჯარიმდნენ (ჯარიმა 250 ლარია), ერთმანეთთან ასწორებენ­ ანგარიშს, საპატრულო პოლიციის გამოძახების გარეშე.

- გამოდის, დაშავებულების რაოდენობაც მეტია?

- დიახ. რაც შეეხება დაღუპულებს, ძირითადად, აღირიცხებიან ის დაღუპულები, რომლებსაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე­ აფიქსირებს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უნდა აღირიცხონ ისინიც, ვინც სხეულის დაზიანებით წაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებებში და შემდეგ გარდაიცვალნენ... თუმცა ოფიციალური მონაცემებითაც საქართველოში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 4-ჯერ აჭარბებს­ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ.

მინდა ბოლო დროის ტრაგედიებს შევეხო. ისინი სხვადასხვა სივრცეში მოხდა, მაგრამ ყველა შემთხვევას აკავშირებს ერთი რამ - უსაფრთხოების სისტემის არარსებობა. როდესაც ერთ შემთხვევაზე არ რეაგირებ, ის ხომ ათმაგად ბრუნდება! პარაპლანით ერთხელ რომ დაიღუპა­ ტურისტი,­ მეორედ, მესამედ, მეხუთედ, სად იყო სახელმწიფო? რატომ არ მიიღო ზომები? გომბორის ტრაგედია რომ მოხდა, დაიწყეს მსჯელობა, მოდი, ეს შევცვალოთ, ის გადავაკეთოთო... მერე იყო შატილის ტრაგედია; მერე კი სახელმწიფომ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო - ბავშვებს შორ მანძილზე ექსკურსიები აუკრძალა! უსაფრთხოების სისტემაზე საუბრისას,­ წლებია ვიმეორებთ, რომ გვჭირდება ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებისთვის. რამდენჯერ დაგვჭირდა­ და არც ერთხელ არ იყო! ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ როცა უბედურება ხდება, არავინ სწავლობს­ ამ შემთხვევას, არ აკეთებს ანალიზს,­ დასკვნას, არ ამუშავებს რეკომენდაციებს. ყველა ამ შემთხვევას აერთიანებს ორი სიტყვა: "უბედური შემთხვევა", რაც საბჭოთა კავშირიდან მოდის. როცა იტყვი, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, პასუხისმგებლობას იხსნი, არადა, ყველა ასეთ შემთხვევას თავისი­ სახელი აქვს. როცა უსაფრთხოებისთვის არაფერი გაგიკეთებია, ეს უბედური შემთხვევა არ არის. ყველა მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და თქვას, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი აღარაფერი მოხდეს. ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია, მაგრამ რაც უნდა პატივსაცემი ადამიანები მუშაობდნენ იქ, კომისიებით ასეთი საკითხები­ არ წყდება. კომ­ისია არ არის ის სტრუქტურა, რომელმაც შეიძლება გამოწვევებს უპასუხოს. ლიეტუველმა კოლეგებმა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა გვირჩიეს შესაბამისი სტრუქტურის შექმნა. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრომ თვითონ დაუწერა თავის თავს რეკომენდაცია, რომ საჭიროა­ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა...

- არც ასქულიანი სისტემის შემოღებამ გვიშველა, არც ტექდათვალიერებამ...

- პრობლემა ხელისგულზე დევს: გვჭირდება პასუხისმგებელ ადამიანთა ჯგუ­ფი­ საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მიიღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს. ტექინსპექტირება და ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გზებზე კანონს არ დაიცავ, რაზე ვილაპარაკოთ?! ბევრი მძღოლი ტექინსპექტირების ნაცვლად ყოველთვე იხდის ჯარიმას და ამის გამო ეს რეფორმა ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას. საგზაო უსაფრთხოების ჯაჭვი არ არსებობს. ალაგ-ალაგ მიიღება ერთმანეთს მოწყვეტილი გადაწყვეტილებები, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არ არის კოორდინაცია... უპირველესად გასათვალისწინებელია ევროდირექტივების დანერგვა. გვჭირდება გუნდი, რომელიც ამ პრობლემებზე იმუშავებს. ამიტომაც ვამბობ, რომ საგზაო ინსპექტირების სისტემა მოშლილი კი არ არის, არ არსებობს. 2020-2021 წლების სტატისტიკით, სატრანსპორტო საშუალებების 85%, რომელთაც საქალაქთაშორისო გზებზე მგზავრები გადაჰყავთ (იგულისხმება ავტობუსები, მიკროავტობუსები) ტექინსპექტირებაზე არ მიდის. 21-ე საუკუნეში ტაბურეტებჩამატებული ტრანსპორტით შეიძლება მგზავრების გადაყვანა?! ამიტომაც გვყავს კატასტროფული რაოდენობის მსხვერპლი. საგზაო შემთხვევები ყველგან ხდება, მაგრამ ისეთი ტრაგედიებით არ სრულდება, როგორითაც ჩვენთან. ამავე დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი გადის ე.წ. კანონიერი ავტოსადგურებიდან, ნაწილი - უკანონოდან. ქვეყანაში ფუნქციონირებს უკანონო ავტოსადგურები და, საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?! მოუწესრიგებელი ტრანსპორტით მგზავრობისას, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა­ მოხდა, პრაქტიკულად ყველა მგზავრი განწირულია, იმიტომ, რომ ასეთი ტრანსპორტი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ელემენტარულ სტანდარტს: არც საერთაშორისოს, არც ადგილობრივს და, სხვათა შორის, არც ძველს. აი, რატომ არ მიდის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების 85% ტექინსპექტირებაზე! იმიტომ, რომ ისინი გაუმართავია. ჩვენ მხოლოდ ვაძვირებთ მომსახურებას, მაგრამ არ ვფიქრობთ უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, გაძვირებასაც აქვს მიზეზი - საწვავი გაძვირდა, მაგრამ საქალაქთაშორისო მგზავრობისას ჩვენი მგზავრები რომ დაუცველები არიან? და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებს პასუხისმგებლობას ამ განუკითხაობაზე.

- გამოსავალი არის?

- დიახ, არის. თავდაპირველად საჭიროა საბჭოთა კავშირის დროინდელი ტაქტიკის მოშორება, ანუ როცა სახელმწიფო არაფერზე იღებდა პასუხისმგებლობას და ამბობდა, რომ საგზაო შემთხვევები ხდებოდა მხოლოდ მოქალაქეთა მიზეზით! საქმე იწყება საგზაო შემთხვევების კვლევით. შემდეგია დაგეგმვა მეცნიერების, ექსპერტების მონაწილეობით, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ბოლოს კი უკვე სახელმწიფოს აღმასრულებელი სტრუქტურები აკონტროლებენ, სრულდება თუ არა ყველა წესი და კანონი. რა თქმა უნდა, ინერგება ახალი სტანდარტებიც. თუ ჩვენ მართლაც ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. 30 წელია, ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებსაც კი ვერ ვაქვეყნებთ, არადა, სწორედ სტატისტიკაზეა დამოკიდებული საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება.