აგვისტოს ომი - ის, რაც აქამდე არ იცოდით - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომი - ის, რაც აქამდე არ იცოდით

"1998 წლის ე.წ. გალის მოვლენებია. დათო თევზაძე დაბრუნდა თბილისში. გამწარებული იყო მინისტრი - ინფორმაცია, რომელსაც სხვა უწყებები აწვდიდნენ, ძალიან განსხვავდებოდა სამხედრო დაზვერვის ცნობებისგან. ვსაუბრობდით გამოსავალზე. ამ დროს რეკავს ტელეფონი. სელექტორი ჩაირთო და ხმით ვიცანი ზურა ჟვანია. კატეგორიულად სთხოვდა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეეყვანა ჯარი გალში და აფხაზეთის აღება დაეწყო.(?!) ჯარს ვერ შევიყვანო, შეუვალი იყო მინისტრი, ჯერ ერთი, იმდენ ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი, რომ ვერ დავარღვევთ, მეორეც - ხელშეკრულებები რომც არ იყოს, ჯარი არ გვყავსო... ტანკები შეიყვანეო, არ იშლიდა ჟვანია. ტანკები რომ შევიყვანო, საბრძოლო მასალა და საწვავი სულ სამი დღის მაქვს და სამი დღის შემდეგ რა ვაკეთოო, - უხსნიდა თევზაძე.

- იქნება რამე! - არწმუნებდა ჟვანია.

- როგორ, ომი "იქნება რამეს" იმედად დავიწყო? - გაცხარდა მინისტრი.

- მე შენ გიბრძანებ! - უთხრა ბოლოს ჟვანიამ.

- შენ პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, მე - მინისტრი და ვერ მიბრძანებ! - მოუჭრა თევზაძემ.

პრეზიდენტს ვეტყვიო, დაემუქრა პარლამენტის თავმჯდომარე და ყურმილი დაკიდა"­ - ჰყვება "კვირის პალიტრასთან" სამხედრო ქირურგი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა (1992-93 წწ. ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის სამედიცინო­ სამსახურის უფროსი; 2007-2008 წწ. სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მეთაური; 2010 წ.

ავღანეთში სამედიცინო დაგეგმარების ავტორი; დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით და მედლით სამხედრო მამაცობისთვის).აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა. იმ ცხელ დღეებზე თითქოს ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა, თუმცა საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ ეპიზოდს ისევ ბევრი ლაქა აქვს... გთავაზობთ ინტერვიუს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ქოიავასთან,­ რომელიც აგვისტოს ომის ბევრ უცნობ ფაქტზე ექსკლუზიურად გიამბობთ.

- გასული საუკუნის 90-იან წლებში­ ქართულ ჯარს ძალიან უჭირდა - თავდ­აცვის­ სამინისტროს ისედაც მწირი ბიუჯეტი მხოლოდ ერთხელ შესრულდა, თუმცა­ მაინც ნაწილობრივ - 23 მილიონით. ჯარი ცალ-ცალი კალოშით გვყავდა და საჭმელი არ ჰქონდა. დათო თევზაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მოდიან ამერიკელები, იწყება ჯარის აღჭურვის პროგრამა და ნელ-ნელა ვიწყებთ ფიქრს პროფესიული ჯარის შექმნაზე...

- ანუ ჯარში ფული გაჩნდა?

- დიახ. სხვათა შორის, მაშინ ჯარს ბიძინაც დაეხმარა...

- ბიძინა ივანიშვილი 90-იან წლებში?

- დიახ. ისანში სამხედრო ჰოსპიტალის საოპერაციო და რეანიმაცია ბიძინამ აღჭურვა. ისეთი სამედიცინო აპარატურა იდგა, თვალებდაჭყეტილი დავდიოდით. ყველა საოპერაციოს კონდიციონერი ჰქონდა. მაშინ სად იყო ასეთი საოპერაციოები თბილისში?! ამერიკელების ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო კომანდოსის ტიპის ბატალიონების მომზადება და ჩამოვიდა "კუბიკი".

- "კუბიკი"?

- ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრები მაღალი კვალიფიკაციის გადამდგარი სამხედროები არიან და სახელმწიფოს ჯარის აღმშენებლობაში ეხმარებოდნენ. მათთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ცივილიზებული სამყარო გვიყენებდა ამოცანას, შეგვექმნა ისეთი ტიპის ჯარი, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ჩაკეტავდა კავკასიონის ქედს, რომ რუსული ცოცხალი ძალა არ შემოსულიყო, თუმცა ირანის საკითხი უფრო აშკარად ჩანდა: ირანთან ომის შემთხვევაში საქართველო უნდა ყოფილიყო უზარმაზარი­ ლოჯისტიკური ბაზა. აქედან შესაძლებელი­ იქნებოდა ჯარის, ტყვია-წამლის გადასროლა, იქიდან კი დაჭრილების ჩამოყვანა, აქ მკურნალობა და მერე გერმანიაში გაგზავნა.

- კავკასიონის ქედის ჩაკეტვა ახსენეთ, მაგრამ ხომ არსებობდა სხვა შემოსასვლელებიც, მაგალითად, ზღვიდან და აფხაზეთიდან­, რომელსაც იმ დროს ჩვენ აღარ ვაკონტროლებდით.

- ზღვა აშშ-ისთვის პრობლემა არ იყო, მით უმეტეს, რომ თუ აშშ დაიწყებდა საომარ მოქმედებას, რა თქმა უნდა, პროცესში ჩაერთვებოდა ბრიტანეთიც, ბრიტანეთის ფლოტი კი, მოგეხსენებათ... რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვქონდა კოდორი, საიდანაც სოხუმს გავაკონტროლებდით.

2004 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ჯარში სულ სხვა რეფორმები იწყება, რომლებიც შეგვიძლია შევადაროთ­ ფაზლს, რომლის საბოლოო სურათის მისაღებად ყველა დეტალი შეგნებულად ლაგდება. ჯერ ჩათვალეს, რომ ომგამოვლილ, გამოცდილ კადრებს ვიეტნამის ანუ წაგებული­ ომის სინდრომი ჰქონდათ, რაც ჯარის მოტივაციას საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ თითქმის ყველა გაუშვეს.­ ეს დიდი შეცდომა­ იყო: ერთია, როცა სხვა ქვეყანაში­ სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავ, მაგრამ როცა შენი მიწისთვის იბრძვი, ამ მიწის დაბრუნების­ მოტივაცია ყოველთვის­ დიდია. პირველ ტალღას მოჰყვა ჯარის საკვანძო ნაწილების­ გაუქმება. ბარამიძის დროსვე დაიშალა სახმელეთო ჯარების შტაბი, რაზეც ამერიკელებს ისტერიკა დაემართათ. "კუბიკის" არისტოკრატი, დახვეწილი­ ტიპები­ ისე იყვნენ მდგომარეობიდან გამოსული, ერთი შემომივარდა და ისეთი სიტყვები მითხრა, თავი უხერხულად ვიგრძენი. რას ჰქვია, სახმელეთო ჯარების შტაბი გააუქმეთ, ახლა მცირერიცხოვანი ჯარი გყავთ და ეს გასაგებია, მაგრამ დადგება დრო, როცა ჯარის გაზრდა მოგიწევთ, რომელიც­ საქართველოს დაიცავს მშვიდობიანობის დროს და რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამერიკა შეინახავს, მაგრამ მერე ფრანგები ატყდებიან, მაშინ ჩვენი ჯარიც შეინახეთო, რუსები ატეხენ წივილ-კივილს, სხვის ჯარს რატომ ინახავთო, ამიტომ ამას ოფიციალურად არ ვაკეთებთ, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ გეხმარებით,­ ახლა რომ აუქმებთ სახმელეთო ჯარების შტაბს, ომის დაწყების შემთხვევაში, გენშტაბი ყველა მიმართულების­ მართვას ხომ ვერ შეძლებს და ეს შტაბი ომის დაწყების წინ რომ აღადგინოთ, ეს ხომ იგივეა, ხანძარი რომ გაჩნდება, ხანძა­რსაწინააღმდეგო სამსახურის შექმნაზე მაშინ იფიქროთო?!

- თუ ამერიკელები ასე შეშფოთ­დნენ, რას ეფუძნებოდა რეფორმები?..

- ამაზე პასუხი არავის ჰქონდა... მომხდარის გამო მოხსნეს ბარამიძე, ასევე მოხსნეს გენშტაბის უფროსიც. ამის შემდეგ მოდის ახალი მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი და ინიშნება ახალი გენშტაბის უფროსიც, თუმცა სახმელეთო ჯარების შტაბი არავის აღუდგენია, მეტიც, გაუქმდა სამხედრო დაზვერვა და მასთან არსებული ცალკეული ტექნიკური ბატალიონი, ანუ ჯარი დარჩა თვალის, ყურის და ტვინის დიდი ნაწილის გარეშე. მოიშალა განათლების სისტემა, შეწყდა საერთაშორისო მისიები ერაყსა და კოსოვოში, განათლების მიღება საზღვარგარეთ, დაიშალა "კომანდოსის" ბატალიონები, რომლებიც­ ამერიკელებმა გაწვრთნეს. სამხედრო და პოლიციური სპეცრაზმები გაერთიანდა. ერთი შეხედვით, ეს თითქოს კარგი ამბავია, მაგრამ როცა მეთაურად ნიშნავ პოლიციელს, სამხედრო მიმართულება იშლება. აღარ გვყავდა სამთო მსროლელი ბატალიონი და ეს მოხდა ქვეყანაში, სადაც რელიეფის 75% მთაა!

- ანუ იმ ფაზლისგან, რომელიც 2004-2008 წლებში ჯარის რეფორმების შედეგად აიწყო, საბოლოოდ რა მივიღეთ?

- 2008 წლის ომი! ჯარში შემოვიდა სამხედრო პოლიცია, ოღონდ ეს არ იყო სტანდარტული სამხედრო პოლიცია, სადაც სამხედრო განათლების მქონე პირებს, მოქმედ სამხედროებს, მონაცვლეობით, ერთი თვით უწევთ ამ პოზიციაზე ყოფნა. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი პოლიციელები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში "სმერში", თან ვანო მერაბიშვილი ვისაც გამოაგდებდა, ყველას აქ უშვებდნენ... მალე თავი იჩინა­ ძველმა სენმაც­ - პოლიციელებსა და ჯარს შორის უთანხმოებამ, არადა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მათი ურთიერთობა­ დათბა, რადგან ორივე უწყება ომობდა. მაშინ, ქართული ხასი­ათიდან გამომდინარე, პოლიციელისა და სამხედროს ცნება გაქრა, ყველა თანამებრძოლი იყო... პოლიციელს შეეძლო შესულიყო ნებისმიერ ნაწილში ისე, რომ მეთაურს არც კი სცოდნოდა, ამ ნაწილის საიდუმლო განყოფილებაში გაეხსნა სეიფი და წაეკითხა ყველაფერი.

- ესე იგი ქვეყნის მთავარსარდალი ჯარს არ ენდობოდა?

- ზუსტად ისევე, როგორც ბოლშევიკები არ ენდობოდნენ თავიანთ ჯარს.

- 2007 წელს, ანუ ომამდე 1 წლით ადრე, ქართულ ჯარს რა მისია ჰქონდა და როგორ მდგომარეობაში იყო?

- გარეთ რა სამხედრო რიტორიკაც იყო, იგივე იყო ჯარში. ჯარს კარგად ეცვა და ეხურა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან დემორალიზებული იყო. სამხედრო მეთაური ნაწილში, ფაქტობრივად, დიქტატორი ხარ, გაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ მოულოდნელად გეკისრება სხვა მოვალეობები, რომლებიც სამხედრო საქმესთან ნაკლებად არის დაკავშირებული და, ამასთანავე, აღარ გაქვს უფლებები.

2007 წელს ინიშნება კეზერაშვილი და თითქოს ამ მოშლილი სისტემების აღდგენაც იწყება. თავიდან სამხედრო დაზვერვა აღადგინეს, მერე - სახმელეთო ჯარების შტაბიც. ახალი მინისტრი, წინამორბედებთან შედარებით, უფრო პროგრესული და მიზანდასახული ჩანდა. ყველაფერი სწრაფად ხდებოდა და რაღაცისთვის სამზადისს ჰგავდა. ამ დროს მე ჰოსპიტალი არ მაქვს... გორის ჰოსპიტალი ვერანაირად ვერ გამოდგებოდა სამხედროების სამედიცინო მომსახურებისთვის, ამიტომ შევხვდი კეზერაშვილს და ვუთხარი, გორის ჰოსპიტალი გადმოიტანე ისანში და გორში იყოს გარნიზონის ჰოსპიტალი, რადგან გორში უკვე იმდენი სამხედრო ნაწილია, საკუთარი ჰოსპიტალი სჭირდებათ, თანაც ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩვენ დაგვჭირდება საევაკუაციო ჰოსპიტალი-მეთქი. კეზერაშვილმა მითხრა, ისანში ჰოსპიტალს ვერ გადმოვიტან, ირაკლიმ (ოქრუაშვილმა)­ გააკეთა და არ გამოვაო. მაშინ დაზღვევის სისტემა გავაკეთოთ, როგორიც ამერიკელებს აქვთ: სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი პლუს დაზღვევა სამოქალაქო სექტორში-მეთქი. ძალიან მოეწონა და მერე ამ საქმეშიც დიდი ფული მოიხსნა...

- აფხაზეთის მიმართულებით რა ხდებოდა?

- სენაკის, ზუგდიდის საავადმყოფო­ები შესწავლის სტადიაში იყო. 2008-ში მივლინებებით დავდიოდით საავადმყოფოებში, ვსწავლობდით, რა შესაძლებლობები გვქონდა, რა იყო საყიდელი და ა. შ., მაგრამ აფხაზეთში ომი ნიშნავს, რომ ცხინვალშიც გაგირთულდება საქმე, ამიტომ იქაც გჭირდება სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემა...

- ანუ იმ დროს ცხინვალი არ იყო პრიორიტეტული და მხოლოდ დამატებით განიხილებოდა?

- აქ იყო ერთი საინტერესო მომენტი: სამხედრო დაზვერვა გაუშვეს აფხაზეთის მიმართულებაზე, ცხინვალის მიმართულებაზე კი გაუშვეს შსს, კუდ-ი. იქ ისინი მუშაობდნენ და ამ ფაქტმა დაგვაბნია. თუ ჯიბის ქურდებზე ან კრიმინალზეა ლაპარაკი, მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ საბრძოლო მოქმედებებზე ვსაუბრობთ, მაშინ იქაც სამხედრო დაზვერვამ უნდა იმუშაოს, არადა ჩვენ ცხინვალისკენ გახედვაც კი კატეგორიულად აგვიკრძალეს. აშკარა წყაროებსაც არ მიაქციოთ ყურადღებაო. აი, მაშინ ვიფიქრეთ, რომ ცხინვალში იქნებოდა დარტყმა, რადგან იქ კუდ-ი, ანუ ელიტური (ასე მიიჩნევდნენ) ნაწილი მუშაობდა.

ამ ფონზე, 2007 წელს, ჯანდაცვის სამინისტროში, თათბირზე, რომელსაც ირაკლი გიორგობიანი (მინისტრის მოადგილე) ატარებდა, დავაყენე საკითხი: მობილიზაციის გეგმაში შეიტანეთ ყველა დიდი საავადმყოფო (აფხაზეთის ომის გამოცდილება მქონდა, როცა სხვადასხვა საავადმყოფოში გაფანტული ჯარისკაცების მოვლა-პატრონობა ჭირდა), მათ დავცლით და მხოლოდ დაჭრილებისთვის გამოვიყენებთ-მეთქი. შეცბნენ - ერთში ვერ დაეტევიანო?­ ყველაზე დიდი რომელია და რამდენ საწოლზეა­ გათვლილი-მეთქი, ვიკითხე. ყველამ ერთხმად - ღუდუშაური და 200 კაცზეა გათვლილიო. ყველაზე დიდი ღუდუშაური როგორ არის, როცა რესპუბლიკური საავადმყოფო მშვიდობიან დროს 1 600-ზე, ომის დროს კი 3 800 საწოლზე იშლება-მეთქი, გამოვედი წყობიდან! რესპუბლიკური მხოლოდ 60 საწოლზეა გათვლილიო, მიპასუხეს. ეს როგორ-მეთქი, პირი დავაღე. თურმე რა ხდება: ომია დაგეგმილი, რესპუბლიკური საავადმყოფო კი გამოშიგნულია! სართულიდან სართულზე ვერ ახვიდოდი, კიბეები არ იყო, მხოლოდ ემერჯენსი მუშაობდა... თქვენ თუ 200 საწოლზე­ დიდი საავადმყოფო არა გაქვთ, რას აპირებთ, როცა ერთი თვის განმავლობაში 22 000-იანი რეგულარული ჯარის და 60 000-იანი რეზერვის 20%-მდე დანაკარგი გექნებათ-მეთქი...

- სამედიცინო დანაკარგს გულისხმობთ?

- დიახ... დაჭრილები, დაზარალებულები, კონტუზიანები და ა.შ. დაახლოებით 20 000-მდე კაცი გამოდის და სად მიგყავთ ეს ხალხი, ან თუ მიგყავთ, სამოქალაქო მოსახლეობას ავად გახდომას უკრძალავთ-მეთქი? აი, აქ უკვე კერძო მეპატრონეები­ ჩაერივნენ საქმეში მკერდზე მჯიღის ცემით - ეს ჩემი საავადმყოფოაო და ა.შ.

ათასი საწოლი მაინც მქონდეს-მეთქი, მაგრამ ეს სასაცილო იყო, რადგან 1000 დაჭრილი რამდენიმე დღეში გროვდება, თანაც ჩვენ ხომ მოწინააღმდეგის მკურნა­ლობაც მოგვიწევდა! თუ წინ მივიწევთ, დაჭრილი მოწინააღმდეგე ჩვენ გვრჩება, მით უმეტეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მეორე საკითხი სამედიცინო რეზერვი იყო და მომიწია ახსნამ, რომ საომარ პირობებში ექიმებსაც სჭირდებათ ჩანაცვლება. 2007 წლის დეკემბერში­ უკვე მყავდა რეზერვი. საველე ჰოსპიტალისთვის, სადაც, ძირითადად, ქირურგიული პროფილია, გამომიყვეს თერაპევტები, მამოლოგები,­ დერმატოთერაპევტები და ფიზიოთერაპევტები.(?!)

2008 წელს ჯარში საქმიანობა უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა: დაიწყო ახალი­ დანაყოფების შექმნა-აღჭურვა, უახლესი­ შეიარაღების შესყიდვა, მაგრამ დადგა ერთი საკითხი - მე მჭირდებოდა დამატე­ბითი შესაძლებლობები. ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების დროს ფრანგების ნაჩუქარი ჰოსპიტალი შეიძლება საკმარისი არ ყოფილიყო, რადგან აფხაზეთშიც მომიწევდა ამ ჰოსპიტალის სხვადასხვა მიმართულებით დაშლა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დაიწყო ლაპარაკი, რომ კიდევ ერთი გვეყიდა. მინისტრისგან თანხმობა­ მივიღეთ, დავწერეთ მონაცემები და გამოცხადდა ტენდერი. განაცხადი შემოიტანეს ფრანგებმა, თურქებმა, ბელგიელებმა, ბერძნებმა და ებრაელებმა. ებრაული კომპანია რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ისრაელს საველე ჰოსპიტალი არ აქვს, არ სჭირდება. ყველა მონაცემით ბელგიური ჰოსპიტალი ჯობდა. ებრაელებს 12-მეტრიანი კონტეინერები ჰქონდათ. ეს კარგია, მაგრამ რამდენი კონტეინერიც არის, იმდენი მზიდი გჭირდება. წარმოიდგინეთ, მანქანა დაიტვირთა, წაიღო ერთი კონტეინერი ზუგდიდში (უფრო შორ მანძილზე აღარაფერს ვამბობ), ჩამოცალა და მობრუნდა თბილისში მეორის წასაღებად... ეს ხომ აბსურდი იყო! თან თუ მთაში იქნებოდა საჭირო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვითარება შეიქმნებოდა!.. ბელგიელები გვთავაზობდნენ კარვებს კარგ ფასად და კარგი აპარატურით, ამიტომ ბელგიური კომპანია ავირჩიეთ...

ერთ დღესაც შემხვდა სამხედრო დაზვერვის შეფი ირაკლი ქურასბედიანი და, რას შვრები ჰოსპიტალზეო, მკითხა. ბელგიური შევარჩიეთ, მაგრამ პროცესი ძალიან ჭიანურდება-მეთქი. ებრაელებმა რამე შემოგთავაზესო? - მკითხა მოულოდნელად­. ­­კი, მაგრამ არ ვარგა-მეთქი, ვუპასუხე. აიღე ებრაული, არც დაფიქრდეო. რატომ? - გავიკვირვე. მეც მქონდა ტენდერი, შემომთავაზეს გერმანელებმა ახალი იაფად და ებრაელებმა ძველი ძვირად, როგორ ფიქრობ, რომელს ავირჩევდი? - მკითხა. რა თქმა უნდა, გერმანულს-მეთქი. ჰოდა, ახლა აღარაფერი მაქვს, რადგან თურმე ებრაული­ უნდა მეყიდაო.(?!) ეს რომ გავიგე, გამახსენდა, რომ ბიჭებმა მითხრეს, ებრაული კომპანია, რომელიც ტენდერში მონაწილეობს,­ წინა დღის შექმნილიაო და ყველაფერი ცხადი გახდა. თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მინისტრთან. ეს ტენდერი უკვე ჩაშლილია­ და აღარაფერს ვყიდულობთო, მომიჭრა კეზერაშვილმა. ასე დავრჩით ჰოსპიტალის გარეშე...

2008 წლის მარტში მივედი მამუკა ბალახაძესთან (სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი). სამხედრო აკადემიის შენობებში ვართ. ვეუბნები­, ხომ იცი, ჩვენი ჯარი ჯარი არ არის, რამდენიმე თვეში ჯარს ვერ შევქმნით, ჰოდა, იქნებ უთხრა, ვისაც საჭიროა, სანამ ჯარი მზად არ იქნება, რაღაცები გადაიდოს-მეთქი. ბალახაძე ახალგაზრდა კაცი იყო, პატრიოტულ თემებთან დაკავშირებით სისხლი უდუღდა, ისე, როგორც შეიძლება­ ბევრ სხვას... გამაჩერა, ტელეფონები სადღაც გადამალა, მერე სხვა ოთახში გამიყვანა და მითხრა: "ლაშა, ისინი ომს დაიწყებენ, ჩვენთან ერთად, ან ჩვენ გარეშე... ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები დაიღუპოს..."

- ე..ი. წინასწარ ხვდებოდით ომის შედეგს? მაგრამ ხომ არსებობდა სამხედრო გეგმა...

- რა თქმა უნდა! ტერიტორიების დაბრუნების გეგმა 90-იანი წლებიდან არსე­ბობდა და კარგი გეგმაც იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ სადემარკაციო ზოლი, რომელიც ერგნეთთან იწყებოდა, ჯავის ჩათვლით არ გრძელდებოდა. ის ლამის ცხინვალს მოიცავდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, მისთვის გვერდი აგვექცია და მის ზურგს უკან აღმოვჩენილიყავით, შევსულიყავით ჯავაში, მერე კი როკის გვირაბთან...

ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სის­წრაფეზე. ცხინვალს ორივე მხრიდან გვერდს ვუვლიდით და შევდიოდით ჯავაში როკის გვირაბის ჩასაკეტად. ვანათი-ერგნეთის მიმართულებით იმოძრავებდა მესამე ბრიგადა, ხოლო ზნაურის მიმართულებით, სადაც პრობლემებს ველოდით, რადგან ის სეპარატისტებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული, უშვებდნენ მეოთხე ბრიგადას...

- რუსი სამშვიდობოები?

- როგორც წეღან აღვნიშნე, ჩვენ გვერდს ვუვლიდით სადემარკაციო ზოლს, შესაბამისად, რუსი სამშვიდობოების საპასუხისმგებლო ზონას. მესამე და მეოთხე ბრიგადები ცხინვალის ჩრდილოეთით შეერთდებოდნენ და გეზს აიღებდნენ ჯავისკენ, რომელიც არტილერიის დახმარებით უნდა აეღოთ, შემდეგ კი ჩაკეტავდნენ როკის გვირაბს. ეს ყველაფერი 36-43 საათში უნდა მომხდარიყო.

- ასეთი ბლიცკრიგი რეალური იყო?

- ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთებულიყო. შემდეგ უკვე საქმეში ერთვებოდნენ ცალკეული დანაყოფები, როკთან რჩებოდა ის ძალა, რომელიც გვირაბს ჩაკეტავდა თავისი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. პარალელურად ერაყიდან ჩამოდიოდა პირველი ბრიგადა, ამასობაში კი სამშვიდობოები ჩაკეტილი იქნებოდნენ. მესამე და მეოთხე ბრიგადა დაბრუნდებოდა უკან, დადგებოდა ცხინვალთან სიმაღლეებზე და ქალაქს შესთავაზებდა დანებებას. ამ დროს ქალაქს სამხრეთიდან მოადგებოდა პირველი ბრიგადა და ცხინვალს დანებების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. შემდეგ პირველი ბრიგადა შევიდოდა ცხინვალში, მას მიჰყვებოდა პოლიცია და დაიწყებოდა განიარაღება.

- საჰაერო საფრთხეებს როგორ ავიცილ­ებდით?

- საჰაერო სივრცეს ვკეტავდით დიდი რაოდენობის "სტრელებით" და "იგლებით". შეიძლება მთლად ვერ ჩაგვეკეტა, მაგრამ მუშაობის საშუალებას არ მივცემდით. უნდა ითქვას, რომ საშუალება არც აგვისტოს ომის დროს მივეცით.

- აფხაზეთის მიმართულებით რა იგეგმებოდა?

- მეორე ბრიგადა კეტავდა ენგურს (თავდაცვის მიზნით), მეხუთე ბრიგადა კი იდგა კოდორში. მესამე და მეოთხე ბრიგადები მოიხსნებოდნენ ცხინვალიდან ზუგდიდის მიმართულებით და ჩასვლის შემდეგ დაიწყებდნენ შეტევას. ცხინვალის დანებების შემდეგ რუსებს ენგურზე გადმოსვლის მიზეზიც კი არ ექნებოდათ, რადგან სამაჩაბლოში ყველაფერი დამთავრდებოდა მას შემდეგ, რაც ოსები ჩაბარდებოდნენ ყვირილით: "სად იყავით, ქართველებო? აქამდე რატომ არ მოხვედით?!"...

- ასეთი გეგმის განხორციელება შესაბამის მზადყოფნას მოითხოვდა და მასშტაბურ სწავლებებსაც...

- არტილერიის კლასიკური წვრთნა არის ასეთი: ზარბაზანი, რომელსაც ვერავინ ხედავს, დგას დახურულ პოზიციაზე და ესვრის მოძრავ სამიზნეს გადმოცემული კოორდინატებისა და სიჩქარის განსაზღვრით, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა - პირდაპირ ესროდნენ უძრავ ობიექტს. არტილერიას, ტანკებს, ქვეითებს, სპეცრაზმს ერთდროულად არ უმოქმედიათ. თანაც კრწანისთან ფართობი სამხედრო წვრთნებისთვის საკმარისი არ არის. ასეთ დროს უნდა გამოიყენო, მაგალითად, კახეთი. მთაში უნდა ავარჯიშო ხალხი, რომ იცოდნენ, იქ როგორ იმუშავებს არტილერისტი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ჯარში მოსულმა პოლიციელებმა ჯარი ძალიან დაჩაგრეს...

- საომარი მოქმედების კონკრეტული თარიღი არ იყო ცნობილი?

- არა, არავინ არაფერს ამბობდა. თავიდან ითქვა მაისი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯარის მზადყოფნის ხარისხიდან გამომდინარე ეს არარეალური იქნებოდა.

- მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ ნახა, როგორ დაიწყო რუსულმა მხარემ ქართული სოფლების დაბომბვა და ეს მხოლოდ ერთი დღე არ იყო..

- 2008 წლის 6 აგვისტოს დამირეკა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა გია მათიაშვილმა (ამჟამად გენშტაბის უფროსი), სასწრაფოდ შენი ნაწილის მობილიზაცია დაიწყე, ეს არ არის სასწავლო განგაში, მოემზადე მარშისთვის და დილის 5 საათზე მეხუთე სართულზე მინისტრთან იყავიო. რა თქმა უნდა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ცუდი იყო, რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ომის მსხვერპლის შესახებ, არადა სწორედ ომის მსხვერპლი გვასწავლის სიფრთხილეს. იყო საერთო აღტყინება, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს და გავხდებით გმირები! ეს განცდა ხანდახან მეც კი მქონდა. როცა წარმოიდგენ, ასეთი კარგი შეიარაღებით, ამხელა ჯარით შენი მიწის დასაბრუნებლად მიდიხარ, რა თქმა უნდა, ემოცია დიდია. ხუთ საათზე ყველა მეთაური მინისტრის მისაღებში ვიყავით და მაშინ, როცა ქვეყანა საომარ მოქმედებებს იწყებდა, მინისტრმა ორი საათი დაიგვიანა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)