"ჩემი ოჯახის გადასარჩენად ეს გმირი ხალხი თავდაუზოგავად შრომობდა... მე მათ შესაფერის მადლობას ვერასდროს გადავუხდი“ - კვირის პალიტრა

"ჩემი ოჯახის გადასარჩენად ეს გმირი ხალხი თავდაუზოგავად შრომობდა... მე მათ შესაფერის მადლობას ვერასდროს გადავუხდი“

"ისედაც უბედურების კულტად ვარ ამ ქვეყანაში ქცეული და კიდევ ვიღაცას ჭკუა ვასწავლო, როგორ დააფასონ სიცოცხლე, არ იქნება სწორი" - თავს არიდებდა ინტერვიუს რამაზ დავლაძე. მე მას გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა უკანასკნელ გზაზე გაცილებისას შევხვდი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გლოვის დღე რომ გამოცხადდა, ის უკვე თბილისში იყო. ამ საშინელ ამბამდე გლოვის დღე ოქტომბერში­ გამოცხადდა, ბათუმის ტრაგედიისას - მაშინ კორპუსის ჩამონგრევას ცხრა ადამიანი­ შეეწირა. მაშველები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შრომობდნენ იმ იმედით, რომ იქნებ ნანგრევებიდან ვინმე ცოცხალი­ ამოეყვანათ. რამაზ დავლაძემ ბათუმის ტრაგედიის დროს ოჯახის ოთხი წევრი - ორი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.

gmirebi3-1659876162.jpg

- ჩამოვედი, რათა პატივი მიმეგო გმირებისთვის. მადლობის გადასახდელად ჩამოვედი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. ასე ჩავთვალე საჭიროდ. სხვანაირად არც შემეძლო. მართალი გითხრათ, ჩემზე უკეთ, ალბათ, არავინ იცის, რას ნიშნავს ადამიანის დაკარგვა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და ვუსამძიმრებ ჩემს თავსაც, რომ ასეთი გმირი ხალხი დავკარგეთ.

- 29 ივლისს დაღუპული მაშველები­ კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი ბათუმის ტრაგედიისას ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციაშიც მონაწილეობდნენ.

- ჩემი ოჯახის გადასარჩენად ბევრი იბრძოლა თითოეულმა მაშველმა. მადლობელი ვარ. ეს გმირი ხალხი თავდაუზოგავად შრომობდა. ის კადრი მახსოვს, ქუჩაში რომ ისვენებდნენ ეს ბიჭები. ისიც დავინახე, ჩემი ბავშვის საწოლზე რომ ისხდნენ. მეტი დასაჯდომი აღარც იყო არაფერი. ყველა მტვრიანი, დღე და ღამე ერთმანეთში ჰქონდათ არეული, თავს არ ზოგავდნენ. მე მათ შესაფერის მადლობას ვერასდროს გადავუხდი. ძალიან დასაფასებელი ხალხია. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანები ჩვენზე ფიქრობენ! მადლობა თითოეულ მაშველს, მედიკოსს და მფრინავს.

gmirebi-1659876162.jpg

- გახსოვდათ კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი?

- მართალი გითხრათ, ის დღე საერ­თოდ­ არ მახსოვს... არც ვიცოდი, რომ კახა და გიორგი ჩემს ტრაგედიაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ჩამოვსულიყავი. თითქოს რაღაც მომაგლიჯეს, ისე მეტკინა ამ ადამიანების ამბავი. ყველა მაშველი ერთნაირად მიყვარს და ვაფასებ. ჩვენი მშვიდი ცხოვრების სადარაჯოზე დგანან. ძალიან რთული პროფესია აქვთ, სულით ძლიერების, გმირობისთვის მოწოდებულთა პროფესია.

თბილისში რომ მოვდიოდი, ვაკვირდებოდი, გზაზე მანქანები როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს. ნუ იჩქარებთ. გაუფრთხილდით იმას, ვინც გყავთ. გაუფრთხილდით სიცოცხლეს, ბედნიერებას და თქვენს ცხოვრებას. არაფერს არ აქვს აზრი, თუ საყვარელი ადამიანები აღარ გეყოლებათ. ჩემთვის ყველაფერმა ფასი დაკარგა. მანქანით ოჯახთან ერთად როცა დავდიოდი, 50 კმ/სთ-ზე სწრაფად არასოდეს მივლია. ხალხმა უნდა იფიქროს, რომ ბედნიერებას დაფასება, მოფერება და გაფრთხილება სჭირდება. დააფასეთ ყოველი ბედნიერი წამი.

მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ვიყავი ბედნიერი. მახსოვს, როგორ ვსეირნობდი ჩემს ცოლ-შვილთან ერთად, მახსოვს ჩემი ძმა, მახსოვს ჩემი ცხოვრება, ბედნიერი ყოველდღიურობა... დილით რომ ავდგებოდი, ბავშვები - ერთი, მეორე, მესამე... იქით მეუღლე საუზმეს ამზადებდა... ეს იყო ენით აუწერელი ბედნიერება. ადამიანი რომ ვერ წარმოიდგენს, ისეთი ბედნიერი ვიყავი... სამწუხაროდ, არ დამცალდა ასე ბედნიერად ცხოვრება - წამში ჩამოიქცა ყველაფერი...

- დღეს როგორ ცხოვრობთ თქვენ და დემეტრე?

- სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ჯერ ვერც ვხვდები, სად ვარ, რას ვაკეთებ და ვინ ვარ. იმ უბედურების შემდეგ სიცოცხლე შემძულდა, მაგრამ მოვალეობა მაქვს - შვილი მყავს გასაზრდელი და ნელ-ნელა ისევ ვიყვარებ სიცოცხლეს. ტელევიზორს რომ გამორთავ, ისე ვარ გამორთული ცხოვრებიდან. მხოლოდ შვილზე ვფიქრობ: დროზე წავიყვანო, მოვიყვანო, დავაძინო, ვაჭამო... ყოველდღიურად ვებრძვი ცხოვრებას, ვცდილობ, ჩემს თვალზე ცრემლი არ დაინახოს, არ მოიწყინოს. ძალიან მხიარული ოჯახი მქონდა, ახლა კი უცებ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ოჯახს ვეღარ დავარქმევ ჩემს სახლს. ორი ადამიანი ერთმანეთს თვალებში შევციცინებთ. მართალი გითხრათ, ჯერ არ მითქვამს ბავშვისთვის, რაშია საქმე. რატომ წავიდნენ და სად წავიდნენ, არ იცის. იცის, რომ გაფრინდნენ... ნელ-ნელა ვემზადები, რომ ვუთხრა, ისე, რომ მისთვის ძალიან მტკივნეული არ იყოს. სტუმრად რომ მივდივარ მეგობრებთან, იქ ბავშვებთან გაილაღებს და დამტოვე მამიკოო, მთხოვს. მეკითხება, ჩვენ რატომ არ ვართ ასე ბევრი, სად წავიდნენ ჩემებიო? მერე კი იწყება ისეთი კითხვები, რომლებსაც ვერ ვპასუხობ... მე თვითონ არ მაქვს პასუხი, სად წავიდნენ, რატომ წავიდნენ... ხშირად მეკითხება: "რამდენ ხანს ცოცხლობენ ცხოველები?" მერე მოაყოლებს: "რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი?" მეუბნება, არ დაბერდე, მამიკო, არ მომიხუცდე, არ მინდა, რომ ბაბუა გახდეო... ბავშვი დაბნეულია, გაურკვევლობაშია... მე კი ჩემი თავი მყავს გადასარჩენი ბავშვთან ერთად და ასე მივყვები უინტერესო ცხოვრებას, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ეს ბიჭი დამიტოვა და სიცოცხლე ისევ შემაყვარა. ყოველდღე მაძლევს ძალას. მის თვალებში ვხედავ ჩემს პატარა ერეკლესაც, ანასტასიასაც, ჩემს მეუღლესაც, ჩემს ძმასაც...

- ახლა რამხელაა თქვენი ვაჟკაცი?

- 6 წლის გახდა. უსაყვარლესი ბიჭია და ძალიან გონიერი. მაქვს იმედი, რომ ღირსეულ ქართველს გავზრდი და ისეთ ადამიანს, თავის ქვეყანას რომ გამოადგება.