"არ ვაპირებ ხაჭაპურით, ხვანჭკარით და სიცილ-კისკისით დავხვდე რუსებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის მომიტრიალებენ ტანკის ლულას“ - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ ხაჭაპურით, ხვანჭკარით და სიცილ-კისკისით დავხვდე რუსებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის მომიტრიალებენ ტანკის ლულას“

"სულ რომ თითო ვარსკვლავი გვიწერონ სხვადასხვა შესაფასებელ პლატფორმაზე, ჩვენ მაინც ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მკვლელია! აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!" - ასე ეხმაურება რესტორან "გუდას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი ქავთარაძე რუსი ტურისტების სოციალურ ქსელში გამოხატულ უკმაყოფილებას. რუსი მომხმარებლების უკმაყოფილება კი იმან განაპირობა, რომ ფასანაურში, რესტორან "გუდაში" შესულებს კარზე დახვდათ აბრა წარწერით "ამ რესტორანში შემოსვლით თქვენ ეთანხმებით, რომ რუსეთი ოკუპანტია", ხოლო კედლებზე "რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი ომის დამნაშავე". უფრო ვრცლად "გუდაზე", რუს ტურისტებსა და ფასანაურში არსებულ ვითარებაზე ანი ქავთარაძე გვესაუბრება:

- მე და ჩემმა მეუღლემ რესტორანი 2019 წლის აგვისტოში გავხსენით. გახსნის დღიდან ვაიფაის სახელია "აფხაზია იზ ჯორჯია", ხოლო პაროლი "სამაჩაბლო იზ ჯორჯია" და სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური ატყდა. მერე იყო პანდემია, რესტორნის დახურვა, გახსნა...

kafe2-1659877042.jpg

ფასანაურის გზაზე ყოველთვის ბევრი რუსი ტურისტია. შესაბამისად, ამ ადგილებში კვების ობიექტები მათზეა ორიენტირებული. ჩვენ ამ სეგმენტზე თავიდანვე არ გვქონდა გათვლა, რუსული მენიუც კი არ ჩავუშვით, მეტიც, ქართულ მენიუზე დავაწერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსებს აქვთ ოკუპირებული. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჯერ ერთი, მე და ჩემს მეუღლეს რუსული საოკუპაციო რეჟიმისადმი ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდა. გარდა ამისა, ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ფასებიც შესაბამისი გვქონდა და გვაქვს. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, ასე ვერ იმუშავებთო, მაგრამ პირიქითაა. სინამდვილეში, რუსები ყველაზე დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები არიან. რაღაცნაირი, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მიიღონ და ცოტა დატოვონ, მოსამსახურეებად აღგვიქვამენ. ეს ყველამ იცის, ვინც ტურისტულ ბიზნესში მუშაობს. რუსებისადმი ჩვენს კრიტიკულ განწყობასაც რომ თავი დავანებოთ, მერკანტილური გათვლებითაც არ არის რუსი ტურისტი საინტერესო. რაც შეეხება ქართველ და მაღალბიუჯეტიანი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ქართველები როგორც კი ვაიფაის სახელისა და პაროლის შესახებ შეიტყობენ, მაშინვე ჩვენთან მოდიან, კერძებითა და მომსახურებითაც კმაყოფილი არიან. ძალიან მოსწონთ გემრიელი კერძები და ორიგინალური გარემო. უცხოელი ტურისტები ხშირად გვეკითხებიან, რა დატვირთვა აქვს ვაიფაის სახელსა და პაროლს და ყველაფერს ვუყვებით რუსული ოკუპაციის შესახებ. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გამოვფინეთ უკრაინის დროშა...

- როგორია რუსების რეაქცია, როდესაც თქვენი რესტორნის გარემოს ნახავენ?

- ძალიან ბევრი შემოდის და თავის ამორალურ სახეს ბოლომდე გვაჩვენებს. შემოდიან, ჭამენ, სვამენ, იღებენ ყველა მომსახურებას, მათ შორის სარგებლობენ ვაიფაით, ანუ საკუთარი ხელით წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, მერე მიდიან და კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ პოსტებს გვიძღვნიან სოციალურ ქსელში. სადაც მოუხერხდებათ, ჩვენს ბანერებს ხევენ. იქ, სადაც კამერები გვაქვს, ვერ ბედავენ, მაგრამ საპირფარეშოშიც კამერას ხომ ვერ დავამონტაჟებთ?სამართლიანობისთვის რომ ვთქვა, ერთმა­ რუსმა ტურისტმა სოცქსელში დაწერა, ასეთი გემრიელი ხინკალი არასდროს მიჭამიაო, მაგრამ იქვე გაგვაკრიტიკა იმის გამო, რომ რუსეთს ოკუპანტად, პუტინს კი სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ. დარბაზში დიდი ეკრანი გვაქვს დაკიდებული, სადაც ადრე საქართველოს ბუნების ამსახველი ვიდეორგოლები გადიოდა. ახლა ეს რუსული ოკუპაციის ამსახველმა და უკრაინის მხარდამჭერმა სლაიდებმა შეცვალა. ჩვენმა მეგობარმა გიდმა, ცოტნე ჯაფარიძემ, საინტერესო იდეა მოგვაწოდა - მისი რჩევით კედლებზე ჩამოვკიდეთ რუსულ ენაზე დაბეჭდილი სტიკერები, სადაც ჩამოწერილია ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსეთმა სისხლის გუბეები დააყენა, თანაც ყველაფერი დათარიღებულია. სხვათა შორის, სირია გამოგვრჩა და ბევრმა შენიშნა. ამიტომ ამასაც ჩავამატებთ. ვერაფრით შევაფერხეთ რუსები, უკრაინის დროშა გადმოვფინეთ, მაგრამ მაინც შემოვიდნენ, ვაიფაის სახელი და პაროლიც გაატარეს, ვერც კედლებზე გამოკრულმა ბანერებმა და სტიკერებმა შეაფერხა. ბოლოს პირდაპირ შემოსასვლელ კარზე გავაკარით, რომ რესტორანში შემოსვლით აღიარებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მკვლელია, მაგრამ მაინც შემოდიან, ჭამენ­ და სვამენ. ეს მათ თავხედობასა და უტიფრობაზე მეტყველებს. ჩვენც შევნიშნეთ და შემდეგ ჩვენი პოზიციის მქონე რესტორატორებმაც გვითხრეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე მორიდებულად იქცეოდნენ, თითქოს უხერხულობას გრძნობდნენ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გაშალეს ფრთები, ძველებურად უტიფრები გახდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ განიცდიან, რომ რუსული იმპერიალიზმი ბავშვებსაც კი არ ინდობს, აწამებს და ხოცავს მათ.

- ამ ყველაფრის გაკეთება მარტო შეძელით?

- მე და ჩემმა მეუღლემ ეს ყველაფერი მარტო, ჩვენი დაუღალავი შრომით შევქმენით. მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ, ჩემი მეუღლე კი საბანკო საქმის სპეციალისტია, მაგრამ მერვე წელია მთლიანად რესტორანზე გადმოერთო.

12082022-1336-1660297036.52_REC.png

- შვილებიც ხომ არ გყავთ თქვენს საქმიანობაში ჩართული?

- 5 და 4 წლის გოგონები გვყავს - ლილე და ნინე. პატარები არიან, მაგრამ კარგად ხვდებიან, მათი დედიკო და მამიკო რა საქმესაც აკეთებენ. მე ხომ 90-იანი წლების ბავშვი ვარ, სამოქალაქო ომი, აფხაზეთი... ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. იმთავითვე გააზრებული მქონდა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. ქავთარაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, იქვე "ლეჩკომბინატის" გადაღმა, გორაკზე გააკეთეს ძმათა სასაფლაო. ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრებიდან კარგად ჩანდა გორაკი. მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მეორე კლასში ვიყავით. ეს წლები ჩემს მეხსიერებაში ძალიან მკვეთრად ჩაიბეჭდა. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ქართველ ბიჭებს სამხედრო პატივით კრძალავდნენ. ჩემი სკოლიდანაც გაიპარნენ მეთერთმეტეკლასელი ბიჭები აფხაზეთის ომში, მათ შორის ზოგი დაიღუპა კიდეც და სკოლაში მათი ხსოვნის საღამოებს ვატარებდით... შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და მე ვიცოდი, რომ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებაში ისევ რუსეთის ხელი ერია. მივეჩვიე, რომ ფანჯარაში არ უნდა გამეხედა, ჩემი საწოლი ფანჯარასთან არ უნდა მდგარიყო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ მოკლეს გადაჭრილი თოფით 16 წლის ბიჭი. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობელი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, ვიცოდი, საიდან მოდიოდა ჩემი ქვეყნის უბედურება. 9 აპრილის შესახებაც ვიცოდი, მე და დედამ 10 აპრილს ტიტები მივიტანეთ რუსთაველის პროსპექტზე. მერე იყო 2008 წელი, იმ დროს რეზიდენტი ვიყავი. ჩვენი საავადმყოფოდან მამაკაცები საველე ჰოსპიტლებში იყვნენ წასული, ჩვენ კი წარმოუდგენელ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ჩემი თვალით ვნახე დასახიჩრებული ქართველი მებრძოლები... გორის ჰოსპიტალშიც ვყოფილვარ დაჭრილების წამოსაყვანად. მე არ მინდა ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმაც ნახონ, მინდა მათ თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრონ.

- როგორც გავიგე, უკრაინელებს დიდი დახმარება აღმოუჩინე ჰუმანიტარული ტვირთით.

- ომის დაწყებიდან ორ-სამ დღეში გავიგე, რომ სამედიცინო სექტორს მედიკამენტების დეფიციტი ჰქონდა. მე ომის სირთულე როგორც ექიმმა 2008 წელს გამოვცადე. მაშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი. აგვისტოს ომი სულ რაღაც ხუთ დღეს გაგრძელდა და ექიმებმა მძიმე დღეები გავიარეთ. წარმოიდგინეთ, რას განიცდიან და რა დღეში არიან უკრაინელი­ ექიმები. ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ მათთვის მედიკამენტები მიმეწოდებინა. საქართველოში უკრაინის წარმომადგენლის ნომერი მომცეს, რომელმაც დამაკვალიანა. იმდენად დიდი თანხა მოგროვდა, რომ გამიკვირდა, 40.000 ლარს ასცდა. ჩვენი ტვირთი საქართველოს ხელისუფლების სახელით გაიგზავნა და არა ქართველი ხალხის და შემდგომ ჩვენ თავად დავასტიკერეთ ყუთები, რომ ეს იყო ქართველი ხალხისგან. საკმაოდ დიდი ტვირთი გავგზავნეთ ხარკოვში საველე ჰოსპიტლისთვის. ვიცოდით, რომ მოხალისეებს, რომლებსაც სამედიცინო ტვირთი გადაჰქონდათ, პირდაპირ მანქანებში ცხრილავდნენ და მედიკამენტების ყუთებს თუ დაინახავდნენ, ანადგურებდნენ. ამიტომ თითოეული მედიკამენტი დავსკოჩეთ, ისე შევფუთეთ, რომ პირდაპირ ჩაეყარათ მანქანებში, სკამების ქვეშ. ჯამში 115 ათასი ლარის მედიკამენტები გავგზავნეთ. სხვათა შორის, დავეხმარეთ უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ასაკოვან მამაკაცსაც, რომლის ქალიშვილები ევროპაში გახიზნულან, სიძეები კი იბრძოდნენ. მისმა აქაურმა ნათესავმა გვითხრა, რომ ეტლს ყოფილა მიჯაჭვული, თავშესაფარშიც­ კი ვერ ჩადიოდა დაბომბვის დროს და არც წამლები ჰქონია. უკრაინელ მოხალისეებს ვთხოვეთ და დიდი რისკის ფასად მიუტანეს ქართველ მოხუცს წამლები.

ჩემი გოგონები ისევე გულშემატკივრობენ უკრაინელებს, როგორც მე. ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, როდესაც მესმის რიტორიკული კითხვა: "აბა, ომი გინდათ?" - ომი ვის უნდა, რომელ ჭკუათამყოფელს! ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც არ მინდა რუსებთან თანაცხოვრება. მათ გვერდით მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია, არ ვიცით, როდის რა მოუვლით იმპერიალისტური იდეებით შეპყრობილ თავებში, როდის დაგვესხმებიან თავს თავიანთი მოქალაქეების "გათავისუფლების" სახელით! ჩვენ ვმუშაობთ, ვწვალობთ, რომ შვილებს კარგი, ეკონომიკურად უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეთ. სულაც არ ვაპირებ ხაჭაპურით, ხვანჭკარით და სიცილ-კისკისით დავხვდე რუსებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის მომიტრიალებენ ტანკის ლულას.

ხათუნა ბახტურიძე