"კახეთის ზღვა“ - კვირის პალიტრა

"კახეთის ზღვა“

ახალგაზრდა მკვლევარი ნიკა ყარალაშვილი უკვე რამდენიმე წელია ქიზიყის ისტორიითა და ძველ ქიზიყელთა ყოფა-ცხოვრებით არის დაინტერესებული. როგორც გვითხრა, აქამდე უცნობ 300-ზე­ მეტ საინტერესო ისტორიისა თუ ამბავს მიაკვლია. ეძებს ყველგან - არქივებში, ძველ ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებში... ნიკა შეგვპირდა, რომ საინტერესო ამბებს პერიოდულად გაგვაცნობს.

- ქიზიყის მოკვლევა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. არქივში დოკუმენტების დიდი ნაწილი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდანაა შემონახული, უფრო ძველი შემოსევების დროს განადგურებულა.…ზოგჯერ წინა საუკუნეების მასალებსაც ვპოულობ.

- რომელმა ინფორმაციამ გაგაოცათ ყველაზე მეტად?

- იმან, რომ თურმე იმ ტერიტორიაზე,­ სადაც ახლა ქიზიყის სოფლებია, წინათ ზღვა ყოფილა. გაზეთი "ივერია" წერდა:­ "უწინდელ უხსოვარ დროში ეხლანდელი კახეთის დაცემულ და ვაკე ადგილზე ზღვა მდგარა, რომელიც საიდამღაც გადმოვარდნილა. ამ დროს ხალხი მაღლობ ადგილებზე სახლებულა. როცა ზღვა დამშრალა, მაშინ ხალხსაც ძირს დაუწევია და ეხლანდელ ნანგრევ-ნასოფლარები უქმად დარჩენილაო. ზღვის დაშრობის მიზეზად შემდეგ ლეგენდას ასახელებენ: როცა კახეთი ზღვასა სჭერია, ბოჭორმის წმინდა გიორგის­ ჰყოლია ერთი კურატი, რომელიც დრო და დრო დაიკარგებოდა ხოლმე და, როცა უკან ბრუნდებოდა, თურმე რქებს­ სისხლით გაბასრულს მოიტანდა ხოლმე. შემდეგ, როცა შეიტყეს, რომ კურატი ზღვის პირზე მიდის, ზღვიდან გველვეშაპი გამოდის, რომელიც კურატს ებრძვის, კურატიც თავისას ცდილობს, მაგრამ გველვეშაპის კანს ვერაფერს აკლებს, - მაშინ ადგნენ წმინდა გიორგის ყმები და კურატს რქებზე ალმასები აასხეს. კურატი ისევ წავიდა გველვეშაპთან საომრად. გველვეშაპიც გამოვიდა­ და შეიბნენ. გველვეშაპის კანმა ალმასიანი­ რქების შეხებაზე დაჰკარგა წინანდელი თვისება, გველვეშაპმა იგრძნო ეს, შეშინებული­ ისე ძლიერად შეცურდა ზღვაში, თავი ვეღარ შეიკავა, ეცა იმ გორას­ შირაქის ბოლოს, სადაც ეხლა ალაზანი და იორი გადაჩხრიალებენ, იყო გაჭიმული და ზღვას აგუბებდა, გაანგრია იგი, და ზღვაც გადავარდა".

"კახეთის ზღვის" შესახებ საინგილოშიაც გავრცელებულა ლეგენდა: "უწინ, უხსოვარ ზამანას (ზამანა - ეპოქა) მთელი კახეთის მიდამო წყალს ეჭირა. ხალხი მთებზე სცხოვრობდა. დაგუბებულ წყალს თანდათან კიდევ ემატებოდა. ხალხი უფრო და უფრო შევიწროებაში შედიოდა. გაჭირდა ცხოვრება, რადგან მთებიდგან ძირს ვერ ჩამოდიოდნენ. მაშინ სცხოვრობდა ერთი გამოცდილი მენახშირე. დაეკითხნენ მას, როგორ დაეშროთ ზღვა. მენახშირემ ერს ასეთი­ რჩევა მისცა. ზღვაში ნახშირის პარკი ჩააგდეთ. ამ პარკს წყალი მოიტივტივებს და იმდენს ატრიალებს, რომ ბოლოს იმ მხრისკენ მიიტანს, საითაც წყლის გასადინელი რუსხმული საგულებელია: ის ადგილი გასჭერით. წყალი გადავარდება და გეშველებათო... პარკი სამხრეთის მხარეს მიადგა. იმ ადგილას, საცა აწ ალაზნის რუსხმულია, შირაქში, შავი-მთის ვიწრო გადატეხილში. ეს ადგილი, საცა კავკავებად აყუდებულიყო­ "შავი მთა", გადათხარეს და გადასჭრეს. წყალმა დენა იწყო. ჩახრამა რუსხმული ძირამდის, გადიდინა სრულიად და აწინდელ ალაზნის კალაპოტში ჩაიწკრიტა. და მას შემდეგ მოშენდა - ლამაზი კახეთი".

ქიზიყის ტერიტორია ქრისტეშობის პერიოდიდან კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი. ეს სახელი კამეჩთა სიმრავლის გამო შეურქმევიათ. XIX საუკუნეშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში იმდენი კამეჩი ჰყოლიათ, როდესაც ისინი მდინარე ალაზანში წვებოდნენ, წყალი მიმდებარე ტერიტორიას ტბორავდა. ამის გამო ზაფხულის სიცხეში ალაზანი თითქმის ყოველდღე ჯებირებიდან გადმოდიოდა.

ქიზიყელი მკითხავები

- როგორც ვიცი, ქიზიყელთა ცხოვრების კურიოზული ფაქტებიც გაქვთ მოძიებული...

- ერთხელ ქიზიყის სოფელ ვაქირში ხმა გავრცელებულა, სოფელში ნატვრისთვა­ლი­ და თამარ მეფის მთელი სიმდიდრეა დამარხულიო. თურმე ღამღამობით მკითხავი­ თებრო მთვარწულივით დადიოდა და ხან ერთ ალაგს დაჰკრავდა ფეხს და ხან მეორეს, მერე კი იქაურებს მიწას ათხრევინებდა. ხშირად ერთმანეთის მალულადაც თხრიდნენ, რომ სიმდიდრეში მოზიარე არა ჰყოლოდათ... ერთ-ერთი ვაქირელის ოჯახში ფეხმოტეხილი ბატკანი დაუტოვებიათ გამოსაკვებად. ერთ ღამეს ბატ­კანი სახლში შესულა და ფილაქნიან იატა­კზე დაუწყია ფეხების ბაკუნი.­ ამ ხმაზე რძლებს გამოუხედავთ და ეზოში­ ციცინათელა შეუნიშნავთ. ამტყდარა დავიდარაბა:­ ეს კაკუნი და ციცინათელა ნატვრისთვალისთვის დაუკავშირებიათ და დაუწყიათ დავა, არა ჩემი განძია, არა ჩემიო. რძლები­ ერთმანეთს თმებში ჩაჰფრენიან და ბიცოლა რომ არ ჩარეულიყო, ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა ეს უაზრო ცემა-ტყეპაო, ნათქვამია წყაროში.

საინტერესოა მკითხავების თემაც. მიუხედავად იმისა, რომ ქიზიყი ეკლესია-მონასტრებით იყო დახუნძლული, ხალხის მიდრეკილება ცრურწმენისკენ აშკარად შეიმჩნეოდა. სოფელ ანაგაში 15 ეკლესია-მონასტერი არსებობდა, ვაქირი კი იმით იყო გამორჩეული, რომ ერთ სოფელში VI-VIII საუკუნეების ორი ტაძარი იყო - ნათლისმცემლისა და კვირაცხოვლის სახელით ცნობი­ლი. იმ დროს იქ ცხოვრობდა მკითხავი მაია,­ რომელიც ადამიანებს მკურნალობდა კიდეც და ,,სასჯელსაც" ადებდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ,,პაციენტს" მაიამ ეკლესიის ვალად 200 ურემი პირჯვარი აჰკიდა. ძველ ქიზიყში ისეთი უმეცრება სუფევდა, პირჯვრის რაოდენობას ურმებით წონიდნენ. ძველი ქიზიყელები მკითხავებს დიდ პატივს სცემდნენ და სასულიერო პირებზე­ მეტად მათი სჯეროდათ. ერთმა ქიზიყელმა გაზეთშიც დაწერა, მღვდლები მკითხავებთან ურთიერთობას გვიკრძალავთ, არადა, ზოგიერთი თავად დადის მკითხავთანო...

tadzari-1659878531.jpg

- XIX საუკუნეში ქიზიყში ექიმი რატომ არ არსებობდა?

- ეს საკითხი ბუნდოვანია. წყაროების მიხედვით, სოფელ ვაქირში XIX საუკუნის მიწურულს ხალხი მეტად ავამყოფობდა. ამის მიზეზი სოფლის ბოლოს ჭაობი ყოფილა, საიდანაც ვრცელდებოდა მალარია, ბრუცელოზი და სხვა დაავადებები. ჭაობსა და სოფელს შორის ვენახები იყო. იქ არსებულმა ჭის წყლებმაც ბევრი ადამიანი მოწამლა. ერთხელ უეცრად გაჩენილ ქოლერას სოფელში 137 კაცი უმსხვერპლია. ავადმყოფობებით ხალხი ისე ყოფილა შეწუხებული, სოფელში ქსენონი ანუ საავადმყოფო გაუხსნიათ, მაგრამ იქაც ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობასო.

რადგან კახეთს ვაზის სამშობლო ჰქვია, ზოგს, ალბათ, ჰგონია, რომ წინათ ქიზიყში ბევრი ვენახი იყო. არქივის მასალა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თურმე ქიზიყში ვენახებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მხოლოდ 3 პროცენტი ეკავა. XIX საუკუნის ბოლოს ქიზიყში დაახლოებით 82 ათას დღიურ მიწას ამუშავებდნენ და მხოლოდ 2 800 მოიცავდა ვენახებს. დანარჩენზე ქერი და ხორბალი მოჰყავდათ და ორმოებში ინახავდნენ მოსავალს. ერთ წელს ვაქირში იმდენი მარცვლეული აუღიათ, მთელ სოფელს 3-4 წელი გამოკვებავდა. ასე რომ, ქიზიყს ხორბლის ბეღელი ტყუილად არ ერქვა, იქ აღებული მოსავლით მარაგდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

პატარა კახის საბრძოლო ნათლობა

- პატარა კახი კახელებისთვის გამორჩეული მეფეა. მასაც ძალიან ჰყვარებია ქიზიყელები...

- წყარო გვიყვება, რომ ვაქირელ ლუკა ხელაშვილს შეძლებული ოჯახი ჰქონია, ქვიტკირის ორსართულიანი სახლი წამოუჭიმია. მეფე ერეკლე ლუკას ოჯახს თურმე ხშირად სტუმრობდა და ღამითაც რჩებოდა ამალასთან ერთად. ერთი ვერსიით, ამ სოფლის სახელწოდება ხელაშვილებთან ერეკლე მეფის სტუმრობას უკავშირდება. ერთხელ, როცა ერეკლეს ლუკას სახლში გაუტარებია ღამე, მხლებლებისთვის უბრძანებია, რადგან ოჯახს ხშირად ვაწუხებთ, ამჯერად ქირა გადაუხადეთო. ეს ამბავი ლუკას შეუცხადებია, ვაა, მეფე ქირით დავაძინოთო? როგორ შეიძლება, სირცხვილი არ არისო და სოფელს მას შემდეგ დარქმევია ვაქირი. თუმცა მივაკვლიე არჩილ II-ის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ვაქირია მოხსენიებული, ანუ სოფელი მე-17 საუკუნეშიც ამ სახელით იყო ცნობილი.­ სახელწოდება ,,ვაქირი", აღმოსავლურად მზის ამოსვლას ნიშნავს. ხალხი ამბობდა, დილით მზის პირველი სხივი მხოლოდ ამ სოფელს ეცემაო. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ სიღნაღის ე.წ. წინა მხარში, სადაც ამჟამად ბევრი სოფელია, ძველად მხოლოდ ერთი იყო - ვაქირი.

ვაქირისა და ანაგის ბოლოს ახლაც არის პატარა ტყე, რომელსაც ხალხი ,,ჭიან ტყეს" უწოდებს. ეს ამბავი 1735 წლის მკათათვეს მომხდარა. უთენია დააცხრა დაღესტნელ მოთარეშეთა რამდენიმე გუნდი ქიზიყის წინამხრის სოფლებს. დაარბიეს ჯუგაანი, ასანური, საქობო, ვაქირი, ანაგა. გაძარცვეს დიდი და პატარა, წაასხეს პირუტყვი, მოიტაცეს ქალები, ბავშვები, გადაბუგეს სახლები. მტერი მდიდარი ნარბევით გაეშურა ალაზნის ფონისკენ. გასცდნენ განაპირა დასახლებებს, შემოუარეს ,,ჭიან ტყეს" და შესვენებაზეც იფიქრეს... უცებ მეხივით დაიჭექა ქართველთა საბრძოლო ყიჟინამ... დაღესტნელებს ელდა გაუათკეცდათ, როცა მდევრის მოთავე რაზმში კახეთის სამეფო დროშას მოჰკრეს თვალი. არადა, თავდასხმის წინ თითქოს უტყუარი ცნობები შეკრიბეს: თეიმუ­რაზ II ფშავში­ იყო გახიზნული, უფლისწულები, თეიმურაზ II-ის უფროსი ძმის გამაჰმადიანებული ვაჟები სპარსეთში იყვნენ გადახვეწილი, ქიზიყის მოურავი კი "საენდრონიკო სოფლებში" მიმალულიყო... მაშინ ვინ ააფრიალა სამეფო დროშა?­ ნუთუ თეიმურაზ II-ის ,,ძუძუმწოვარა ბალღმა", 15 წლის ერეკლემ? მაშ, დრო მოსულა­ ამ თავხედ ,,მგლის ლეკვს" ასწავ­ლონ ჭკუა... დაღესტნელებისკენ ყმაწვილი ერეკლე ბატონიშვილი მოქროდა, პირად მცველთა და სახელდახელოდ შეკრებილ მცირერიცხოვან ამალას მედგრად მოუძღოდა. დაიწყო­ ნეიშნის ბრძოლა - ერეკლე II-ის საბრძოლო ნათლობა, რომელიც უფლისწულის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა... სამ დღეს რეკავდნენ ბოდბის მონასტრის ზარები, ცასა სწვდებოდა სიხარულის ყიჟინა. სწორედ მაშინ უწოდეს ქიზიყელებმა მომავალ მეფეს პატარა კახი. ეს მეტსახელი ჯერ მთიელებმა (თუშ-ფშავ­-ხევსურებმა, თიანეთელებმა, დიდოელებმა) აიტაცეს, მოგვიანებით კი მთელმა საქართველომ შეისისხლხორცა. დიახ, პატარა კახი ჭაბუკ უფლისწულს მცირე ასაკის გამო შეერქვა...

- ქიზიყელები ამაყობენ, რომ უბატონო­ კუთხიდან არიან. რას ნიშნავდა უბატონო?

- XIII საუკუნიდან ქიზიყში ბატონი, როგორც მმართველი ფეოდალი, არ ყოფილა, მაგრამ ქიზიყი მეფის მმართველობას ემორჩილებოდა. ქიზიყს მოურავი მართავდა. მისი საშუალებით მიდიოდა ხალხის გადასახადები მეფესთან. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ბატონს ყმა გამოექცეოდა და ის მოასწრებდა ქიზიყის ტერიტორიაზე გადასვლას, საფრთხე აღარ ემუქრებოდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. როცა ასეთ შემთხვევას მეფEე შეიტყობდა, ქიზიყში იასაულს გზავნიდნენ და გლეხს თავის ბატონს უბრუნებდნენ.

ნელი ვარდიაშვილი