რატომ გაიხსენეს პელესთან მატჩის შემდეგ ლავრენტი ბერია და რას ნიშნავს გურულად "ერხანს" - კვირის პალიტრა

რატომ გაიხსენეს პელესთან მატჩის შემდეგ ლავრენტი ბერია და რას ნიშნავს გურულად "ერხანს"

ეს უნიკალური ფოტო 1959 წელს თბილისის “დინამოს” ძველ სტადიონზეა გადაღებული. ცენტრში ბურთით ვლადიმერ (სიომა) ბარქაიაა, გარშემო კი - ბელგიური “ლა განტუაზის” მიმოფანტული მცველები, თუმცა “დინამოს” ლეგენდარული თავდამსხმელი მაინც აგრძელებს შეტევას...

ბატონი ვლადიმერი გაგრაში დაიბადა და გაიზარდა და, როგორც ჩანს, ამიტომაც ამ ფოტოს “სიომა ბარქაიას პლაჟი” შეარქვეს. 28 ივლისს ვლადიმერ ბარქაიას 85 წელი უსრულდება და მასთან საუბარიც სწორედ ამ ფოტოთი დავიწყე.

poto-1659879158.png

- ბატონო სიომა, ვიცი, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ, როგორ გაგრძელდა ეს შეტევა?

- არა, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, ექვს ათეულ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. თანაც, ასეთ მომენტებში ფეხბურთელი თამაშზე ფიქრობს. ამიტომ არც ის მახსოვს, რა ფინტი გავაკეთე, ლამის მთელი დაცვა რომ დავაწვინე. ფეხბურთი იმიტომაცაა ლამაზი სანახაობა, რომ მსგავსი ეპიზოდები იქმნება. მეტსაც გეტყვით - ხშირად მხოლოდ ინტუიციით ვგრძნობდი, საით გამეგრძელებინა შეტევა. ზოგჯერ გოლიც ისე გამიტანია, კარისკენ არც გამიხედავს. ამ მატჩიდან კი ის დამამახსოვრდა, რომ თამაშის დასაწყისშივე ანგარიში ბელგიელებმა გახსნეს, მაგრამ პირველივე ტაიმში ჯერ ზაურ კალოევმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ თენგიზ მელაშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი და 2:1 მოვიგეთ.

- ვლადიმერ ბარქაიას “ხიმანდრობები” დღესაც ახსოვთ სტაჟიან გულშემატკივრებს. თუ არ ვცდები, ვადიმ სინიავსკიმ ერთხელ რეპორტაჟის დროს ვერაფერი გაუგო თქვენს შეტევას და სწორედ იმ მომენტში გაიტანეთ გოლი: “ბარქაია ხიმანდრობს, ხიმანდრობს... დარტყმა, გოლი!” ასეთი იყო მაშინ მისი კომენტარი.

- სინიავსკიზე მეტად მე მოსკოვის “დინამოსა” და საბჭოთა ნაკრების მეკარე, ლევ იაშინი გავაოგნე. ის რომ კარში იდგა, გოლის გატანა ძალიან ძნელი იყო. იმხანად იაშინი მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო და გოლი რომ გავუტანე, მივუბრუნდი და მივაძახე: “გამოიღე, დეპუტატო!” გაგიჟდა, ისე გამწარდა, მაგრამ ვერაფერი მითხრა.

საერთოდ, იაშინი კარგი პიროვნება იყო, მასთან ვმეგობრობდი. ფეხბურთს რომ თავი დავანებეთ, ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ვიყავი. იაშინის დაბადების დღე ახლოვდებოდა და ცოტა ფული შევუგროვე. გაგრაში მეგობრებს დავურეკე და სამი ყუთი ღვინო “ლიხნი” გამოვაგზავნინე, მოსკოვში იაშინს წავუღე. სახლში რომ შევედი, თავის თანაგუნდელ ვლადიმირ ბელიაევთან ერთად, პატარა ბოთლით კონიაკს უსხდნენ. ხელმოკლედ ცხოვრობდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა, თვალზე ცრემლი მოადგა. მითხრა, შენ გარდა არავის გავხსენებივარ; ერთხელ მხოლოდ იაპონელებმა მაჩუქეს ავტომანქანა, მაგრამ ჩემთვის პატარაა, ვერ ვჯდები და ქალიშვილს უნდა მივცეო.

- იაშინის გარდა, სხვების კარშიც გაგიტანიათ სამახსოვრო გოლები. განსაკუთრებით საბჭოთა დედაქალაქ მოსკოვის გუნდებს “აწიოკებდით”, რის გამოც “სტოლიჩნი” (“დედაქალაქელი”) შეგარქვეს. ეგებ გაიხსენოთ რომელიმე მათგანი.

- “სტოლიჩნი” 1959 წელს შემარქვეს. მოსკოვში ადგილობრივ “სპარტაკს” ვხვდებოდით. თამაშის დასაწყისშივე მასპინძლებმა 2 ბურთი გაგვიტანეს და ტრიბუნებიც აგუგუნდნენ - “სპარტაკ! სპარტაკ!” სკანდირებდნენ. მალე თენგიზ მელაშვილმა ჩემი ჩაწოდებით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მერე მოსკოველებმა ისევ შეაგდეს ბურთი და 3:1 გახდა ანგარიში. აი, ამის შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გავუტანე მასპინძლებს და საბოლოოდ, 5:4 გავიმარჯვეთ. იმავე წელს მოსკოვშივე უკვე ადგილობრივი “დინამოც” დავამარცხეთ და იქაც ორი გოლი მე გავიტანე. სწორედ ამის შემდეგ შემარქვეს “სტოლიჩნი”.

- ისე, ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო “სიომას” სახელით გიცნობენ და ნაცნობებიც თუ უცნობებიც სწორედ ასე მოგმართავენ.

- “სიომა” ბავშვობაშივე გაგრელმა მეზობელმა, ვოვა ლებედევმა შემარქვა ჩემი ცხვირის უცნაური ფორმის გამო. 8 წლის ვიყავი, ომი რომ დამთავრდა. ყველას უჭირდა, ცოტა ჩვენც გვშიოდა, მაგრამ გაგრაში სიწყნარე იყო. სახლის კარს არავინ არ კეტავდა, არც არავის ჰქონდა რაიმე მოსაპარი. პირიქით, მეზობლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ბერძნების ოჯახი ცხოვრობდა ჩვენთან ახლოს. სამი ბიჭი ჰყავდათ და თუ სადილად რაიმე გემრიელი თევზი ჰქონდათ, აუცილებლად მეც დამიძახებდნენ. იცოდნენ, კარგი თევზი მიყვარდა. უბანში ერთი ლამაზი გოგო გვყავდა, ნინო ერქვა. ჩემზე უფროსი იყო. ფეხბურთი სწორედ მისგან ვისწავლე. სხვათა შორის, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი (ჟორა) სიჭინავაც ჩემს უბანში იზრდებოდა. მანაც დიდი ფეხბურთი ითამაშა.

- თქვენი საფეხბურთო კარიერის პიკში სწორედ ჟორა სიჭინავასთან ერთად ითამაშეთ პელეს, გარინჩას, ჟაირის, ჯალმა სანტოსისა და სხვა ბრაზილიელი ვარსკვლავების წინააღმდეგ...

- 1965 წლის ზაფხულში მოსკოვში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ჩამოვიდნენ. ასიათასიან “ლუჟნიკის” სტადიონზე ტევა არ იყო. მოედანზე რომ გამოვედით ჟორას ვეკითხები: - სად დაიბადე, ჟორა? - გაგრაშიო, მიპასუხა. - რომელ ქუჩაზე? - ნინოშვილზე. - ოდესმე წარმოიდგენდი, რომ ორი პატარა ბიჭი ამ ერთი ქართული ქალაქიდან და ერთი ქუჩიდან, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებდით-მეთქი?..

ჩვენ გარდა იმ მატჩში მიშა მესხმა, სლავა მეტრეველმა და ანზორ კავაზაშვილმა ითამაშეს. საბჭოთა ნაკრების 11 ფეხბურთელიდან მოედანზე 5 ქართველი ვიყავით, პელეს მეურვეობა კი გუნდის უფროსმა მწვრთნელმა, ნიკოლაი მოროზოვმა სწორედ ჟორას დაავალა. პელეს, აბა, ვინ შეაჩერებდა?!. ორი გოლი თავად გაიტანა, ერთიც ფლავიოს გაატანინა და ბრაზილიელებმა 3:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ გასახდელში მოროზოვი გიჟს ჰგავდა და ყვიროდა, ერთი პელე ვერ დაიჭირეთ მთელმა გუნდმაო! ჟორამ უთხრა: მაგას მხოლოდ ლავრენტი ბერია თუ დაიჭერდაო...

- თამაშის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა პელესთან ერთად ფოტო გადაიღეს, მაგრამ იქ თქვენ არა ხართ. რატომ?

- რამდენიმე დღეში თბილისის “დინამოს” საკავშირო ჩემპიონატის პრინციპული მატჩი გვქონდა და ამიტომ საფინალო სასტვენამდე შეცვლა ვთხოვე მოროზოვს: არ მინდოდა, ბოლომდე დავხარჯულიყავი.

- ახლა თუ გაქვთ კავშირი გიორგი სიჭინავასთან?

- ჟორას ვურეკავ ხოლმე. ისევ გაგრაში ცხოვრობს. ახლახან ცოტა იავადმყოფა, ინსულტი ჰქონდა. მისგან ვიგებ მშობლიური ქალაქის ამბებს. ვიცი, რომ ჩემს სახლში აფხაზი სილაგაძეების ოჯახი ცხოვრობს. როგორ მოგწონთ, სილაგაძე და - აფხაზი?!. ბავშვობა და ყმაწვილკაცობა იქ გავატარე. ზღვა, ქვიშა, ნინოშვილის ქუჩა, სტადიონი. ეს ყველაფერი ჩვენი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ეს დავკარგეთ. დავკარგე ჩემი სახლი, ჩემი საფლავები და ალბათ მათ დაბრუნებას ვერც მოვესწრები. უკვე იმ ასაკში ვარ, სიმართლის სათქმელად “ცხენის შეკაზმა” არ მჭირდება. ამიტომ ვიტყვი, რომ არავის აინტერესებს ჩვენი აფხაზეთი, არც ერთ მთავრობას... როგორღაც სოჭში ვეტერანი ფეხბურთელები შევიკრიბეთ - ქართველები, აფხაზები, რუსებიც იყვნენ. მე ყველასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი აფხაზეთის ნაკრებშიც, საბჭოთა ნაკრებშიც და თბილისის “დინამოშიც”. ყველგან მყავდა მეგობრები. აქაც თითქოს ისევ ძველი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ეს უკვე ის ბიჭები აღარ იყვნენ...

- თუ არ ვცდები, აფხაზეთის ნაკრებიდან თბილისის “დინამოში” 1956 წელს გადმოგიყვანეს. საინტერესოა, როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა?

- მოსკოვის “ტორპედოსთან” საკონტროლო მატჩი გვქონდა. ეს ჩემი დებიუტი იყო და ძალიან ვინერვიულე, გასახდელში გაპარვაც ვცადე, მაგრამ ვლადიმერ მარღანიამ დამაბრუნა მოედანზე და გამამხნევა. მაინც გათიშული ვთამაშობდი. ისევ პარტნიორებმა შემაგულიანეს და ანდრო ზაზროევის გადაცემით გოლიც გავიტანე. მახსოვს, ტრიბუნების ტაშიც დავიმსახურე.

- გულშემატკივრების გარდა, ქება და კრიტიკა კომენტატორებმაც იციან. საინტერესოა, თქვენს დროს მათ აზრს თუ ითვალისწინებდით?

- ჩემს დროს კომენტატორები ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე იყვნენ, დიდებული პიროვნებები და ყველასთვის საყვარელი ადამიანები. მსახიობები იყვნენ, მაგრამ ჩვენსავით ფეხბურთით ცხოვრობდნენ. კომპეტენტურებიც იყვნენ და, გვაქებდნენ თუ გვაკრიტიკებდნენ, მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან და ორივესთან ვმეგობრობდით. ერთხელ ტაშკენტში გვქონდა თამაში, ადგილობრივ “პახტაკორთან”. ორი თვე ტრავმის გამო არ მითამაშია. დედაჩემი გაგრაში ცხოვრობდა და ჩემი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცოდა. რადიორეპორტაჟი კოტე მახარაძეს უნდა წაეყვანა; რაც მთავარია, ბოლო 15 წუთი - რუსულად. დედა რუსი იყო და თუ რეპორტაჟის დროს კოტე იტყოდა, რომ ტრავმის შემდეგ ბარქაია უკვე კარგად არის, დედა წყნარდებოდა. მივედი კოტესთან და ჩემი გასაჭირი ავუხსენი. დამპირდა, ვიტყვიო, და თქვა კიდევაც, მაგრამ დედას რადიოთი გაუგონია, რომ ბარქაიამ ტრავმის შემდეგ კარგად ითამაშა და პრიზის სახით ტრამვაი აჩუქესო...

- ბატონო სიომა, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება და არაფერი გვითქვამს თქვენი ჯანმრთელობის, ოჯახის შესახებ.

- ჯანმრთელობას დიდად არ ვუჩივი, მაგრამ სიბერეს მაინც თავისი პრობლემები ახლავს. თუმცა, 85 წელი არაფერი ყოფილა, თავი ისევ პატარა ბიჭი მგონია. ერხანს სიცოცხლეს კიდევ ვაპირებ - გურულად “ერხანს” 100 წელს ნიშნავს. მე 101 წელი უნდა ვიცოცხლო. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე თინა, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. შვილიშვილი სამი მყავს და კიდევ, მთავარი - ორი შვილთაშვილი. ისინი გერმანიაში ცხოვრობენ, მაგრამ ხან მე ჩავდივარ მათთან და ხან ისინი ჩამოდიან ჩემთან.

- ბოლოს მინდა, ერთი სადღეგრძელოს თქმა გთხოვოთ. ამ ერთი ჭიქით, ვის დალოცავდით?

- მე და ჩემი თაობა საქართველოსთვის, ქართველებისთვის ვთამაშობდით. ამიტომაც, პირველ რიგში, ჩემი სამშობლოს და ღმერთის დიდებისას შევსვამ!

გოგი ფრანგიშვილი

ჟურნალი "გზა"