"საბჭოთა პოლიტიკოსს ისე ეშინია რეფორმების, როგორც ეშმაკს საკმევლის" - ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების დასაცავად აფხაზეთში შიმშილობა დაიწყეს - კვირის პალიტრა

"საბჭოთა პოლიტიკოსს ისე ეშინია რეფორმების, როგორც ეშმაკს საკმევლის" - ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების დასაცავად აფხაზეთში შიმშილობა დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ხდება. 22 ივნისიდან რამდენიმე კაცმა სოხუმის ცენტრში კარვები გაშალა და შიმშილობა დაიწყო. ისინი სხვების შემოკრებასაც ცდილობენ. პარალელურად, გროვდება საპროტესტო ხელმოწერები. პეტიციას ხელი უკვე 15 ათასზე მეტმა კაცმა მოაწერა. აფხაზების თქმით, რადგან საქმე რუსეთს ეხება, ოპოზიცია ჯერ ვერ შეთანხმდა, რა ფორმით შეუტევს ბჟანიას გუნდს, მაგრამ "ქვეყნის მოღალატეების" ძახილს მოუხშირეს. ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კი რუსეთში ვიზიტებს მოუხშირეს. აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, დმიტრი მედვედევს შეხვდა, სადაც ისაუბრეს "რუსეთისა და აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე". მედვედევმა ისაუბრა "აფხაზური კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაზეც, რაც, მედვედევის აზრით, "კარგი იმპულსი იქნება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და რუსული ბიზნესისთვის საინვესტიციო პოტენციალის გასახსნელად", - წერს აფხაზური მედია.მოსკოვში ასევე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი რობერტ კიუტი. აფხაზების თქმით, მაშინ, როცა ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე დისკუსია გამწვავდა, მოსკოვში ხელმძღვანელ პირთა გახშირებული ვიზიტები მოსახლეობის უმეტესობას აღიზიანებს, რადგან მოსკოვში ვიზიტამდე ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფერხებამ შესაძლოა გააცივოს აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობა. თავის მხრივ, აფხაზები ამ ვიზიტებს "მოსკოვში დაბარებად" აღიქვამენ. მათი მოსაზრებით, შესაძლოა კრემლმა თავის ფავორიტებს უსაყვედურა კიდეც, რომ მოსახლეობა მოსალოდნელი სიახლეების შესახებ "შესაბამისად ვერ მოამზადეს".

"კიდევ რა უნდა წაიღოს რუსეთმა, რომ ზურგი არ შეგვაქციოს და ჩვენთან იმეგობროს? რა დაგვრჩა მისაცემი, რომ ქვეყნად აღგვიქვას და რასაც მოისურვებს, ყველაფერს არ წაეპოტინოს? სინამდვილეში, პირიქით ხომ არ არის - რაც მეტს ვაძლევთ, მით მეტს ითხოვს და ხომ არ ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ განვუსაზღვროთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია და არც მეგობარს ვუთმობთ და არც მტერს", - წერენ სამოქალაქო აქტივისტები სოცქსელებში.

afxazeti2-1659879481.jpg

მოსახლეობის უკმაყოფილების გამო ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო აფხაზე­თის პარლამენტის­ აგარაკ "ბიჭვინთის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების კონსტიტუციასთან­ შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნა. ე.წ. სასამართლოს დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებე­ლმა­ მიმართვაში უნდა წარმოადგინოს განს­ახილველი საკითხის სამართლებრივი­ სა­ფუძველი. აფხაზეთის "პარლამენტს" შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს და იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ახლიდან გაგზავნოს მიმართვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში.

"სახელდობრ, რა შეუსაბამობა იპოვა­ სასამართლომ, არ განუმარტავს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამა­რთლო ამ გახურებული ტურიზმის სეზონზე ქვეყანაში დუღილის ტემპერატურის მომატებას მოერიდა. შუა ზაფხულში, ამდენი რუსი დამსვენებლის ქვეყანაში ყოფნის დროს, ანტირუსული აქციების წამოწყება ნამდვილად არ მოიტანს კარგ შედეგს, მით უფრო, რომ როგორც ირკვევა,­ არც ჩვენ ვეპიტნავებით მათ დიდად და არც აფხაზებს­ აქვთ რუსების მიმართ­ გულწრფელი ძმობა. ახლა ცეცხლის გაჩენა ყველას დააზიანებს­, ხალხსაც, ხელმძღვანელობასაც და აფხაზ­ეთში მოსკოვის ინტერესებსაც. ამიტომ კრემლში არ ჩქარობენ, მოიცდიან. ბჟანია ხშირად ლაპარაკობს აფხაზეთის გაზიფიცი­რების აუცილებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ აჯობებს, დროულად­ გადავცეთ რუსეთს აგარაკი "ბიჭვინთა", აგუძერის პარკიც, აფხაზეთის ენერგოსისტემაც, რათა დრო არ დავკარგოთ და ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ასე ხომ, ბჟანია ორ კურდღელს ერთად იჭერს - წლებია მოსახლეობა ყოველ ზამთარს უშუქობასა და გათბობის პრობლემებზე ჩივის და "მთავრობას" კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. გაზიფიცირებით ეს პრობლემები მოიხსნება, სამაგიეროდ, რუსეთი თავისკენ უფრო "მიგვაჩოჩებს", თან ჩვენივე ნებით. ამასობაში პატარა აფხაზეთის სამართავად მისი ბერკეტების ჩამონათვალს, ეკონომიკას, ტურიზმს, ენერგეტიკას, მიწებს, უძრავ ქონებას, სხვებიც შეემატება. დამოუკიდებელი კი გვქვია, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს ვემსგავსებით თუ უკვე არ ვგავართ", - წერს აქტივისტი ლეონ დასანია.

afxazeti3-1659879481.jpg

პირველი აფხაზური ფლეშმობი რუსეთის წინააღმდეგ

რადგან ე.წ. პარლამენტის დღის წესრი­გში ვერ მოხვდა იმ დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი, რის საფუძველზეც აფხაზეთის ლიდერებმა მოსკოვს აგარაკი "ბიჭვინთა" უნდა აჩუქონ, დაძაბულობა თითქოს უნდა განმუხტულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - აფხაზებმა იციან, რომ ბჟანია-არძინბას გუნდსა და კრემლშიც სწორედ ამას ელოდებიან, საპროტესტო მუხტი ჩაცხრება და ეს საკითხი "პარლამენტის" დღის წესრიგში ისევ დადგება. ამიტომაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად აფხაზეთში რუსეთის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. ვინაიდან მოსახლეობა ოპოზიციას დიდად არ ენდობა, საქმეში სამოქალაქო აქტივისტები ჩაერთვნენ - რეგიონში დაიწყო აქცია ლოზუნგით "Сохраним сбереженное", რაც საზოგადოების გამოღვიძებას, საფრთხეების დანახვას, აგარაკის შენარჩუნებასა და "აფხაზეთის სუვერენიტეტის" დაცვას ემსახურება. როგორც მწერალი დმიტრი გაბელია წერს, ხალხმრავალი აქციები აუცილებელია, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ამას პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს, მაგრამ აფხაზეთს არჩევანი არა აქვს! მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ბანერით, რომელზეც აფხაზეთია გამოსახული, ხოლო ის ადგილები, რომელთა მიტაცებასაც მოსკოვი აპირებს, წითლად არის მონიშნული.

"ფედერალების გზით" შინისკენ

"აგარაკ "ბიჭვინთის" პარალელურად, აგუძერის პარკიც არ დაგვავიწყდეს, რომელიც ისე მიჰქონდა რუსეთს, ვითომც არაფერი... ერთი რამ მაინტერესებს - ის ხალხი, პოლიტიკოსები, ხელმძღვანელი პირები, ოპოზიციონერები, რომლებიც ფულის ან სხვა კეთილდღეობის სანაცვლოდ გააჩუმეს და ახლა აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას სთხოვენ პარლამენტს, ხვალ-ზეგ, როდესაც თანამდებობებზე არ იქნებიან, როგორ აპირებენ ჩვენ გვერდით ცხოვრებას? აფხაზეთი ხომ პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ამის შემდეგ ვინმეს გაუკვირდება ამდენი მკვლელობა? სამშობლოს ღალატი მეტი კი არაფერია. მათ შორის ის "პატრიოტებიც" არიან, რომლებიც ქართველი ბიზნესმენების ინვესტიციების შემოტანას ცდილობდნენ, ახლა კი ხალხს ასახლებენ თავიანთი სახლ-კარიდან... ხალხი წლებია მუდმივი შეზღუდვებით ცხოვრობს. პურის საყიდლად რომ გადიან, პასპორტებიც თან უნდა ჰქონდეთ, თორემ იმ მონაკვეთს ვერ გაივლიან, რასაც "ფედერალების გზას" უწოდებენ. თქვენი აზრით, ეს ანექსია არ არის?" - წერს სამოქალაქო აქტივისტი ალიას აკირთავა.

აფხაზების თქმით, აქტიურობს თურქეთში აფხაზთა დიასპორაც.

"სტამბოლიდან წერილი მოვიდა, რომ­ლითაც კავკასია-აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტის ხელმძღვანელი ერდეშან ბგანბა მუჰაჯირების შთამომავლებისთვის ბიჭვინთისა და აფხაზეთის სხვა ქალაქებში ისტორიული მიწების დაბრუნებასა და აფხაზთა დიასპორისთვის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების უფლებას ითხოვს". ამასთან, პოლიტიკოსების ახალმა თაობამ, რომელიც არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან, სოხუმში გამართულ "მრგვალ მაგიდაზე" აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასაცავად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადეს. მონაწილეების აზრით, დროა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი და იმავე ხალხის ხელისუფლებაში მონაცვლეობით ყოფნის მოჯადოებული წრე გაირღვეს და პოლიტიკაში ახალი სისხლი მოვიდეს.

"საბჭოთა პოლიტიკოსს ისე ეშინია რეფორმების, როგორც ეშმაკს საკმევლის. სანამ ახალი თაობა და სამოქალაქო აქტივისტები სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზებს ეძებენ, პრეზიდენტი ტრადიციულ მარშრუტს არ ღალატობს და მოსკოვს არ სცილდება. ასლან ბჟანიას შემდეგი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკს ის შეხვდა. რაზე ისაუბრეს, ამის გამოცნობა ან შეიძლება, ან არა... პრესსამსახური გაცვეთილი ფრაზებით გვამცნობს: "ერთობლივი ურთიერთქმედების საკითხებზე, ერთობლივი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებაზე, აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხებზე, ჩვენ განვიხილეთ რესპუბლიკაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები..." მაგრამ აფხაზეთს რა ამით?.." - კითხულობს სამოქალაქო აქტივისტი ადგურ ლაგვილავა.

რატომ დუმან თბილისში?!

პოლიტიკოსების, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდებისა და კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის ოფიციალურად გადაცემის საკითხზე დუმს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. მეტიც, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა "კვირის პალიტრას" განუცხადა, რომ "კომენტარი არ იქნება". ერთადერთი, ვინც აგარაკ "ბიჭვინთის"­ რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ პროცესს ანექსიას უწოდებს. "რასაც ახლა ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.