ახალგორელები რუსულ ჩიხში - კვირის პალიტრა

ახალგორელები რუსულ ჩიხში

დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო გასულ კვირას კიდევ ერთი ახალგორელი, თენგიზ მარტიაშვილი მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. 70 წლის კაცის ოჯახი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა ე.წ. ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობისგან ქართულ მხარეს გადასვლის ნებართვის მიღებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ დათანხმდნენ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. ადგილობრივების თქმით, მოლოდინი, რომ "ხელმძღვანელობაში" ალან გაგლოევის მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა და ავადმყოფებს ქართულ მხარეს გადასვლის შესაძლებლობა ექნებოდათ, ამაო აღმოჩნდა...

არაოფიციალური აკრძალვები ახალგორის "ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა"­ ილარიონ გაგიევმა დანიშვნისთანავე დაი­წყო.­ 19 ივლისს ის მოსახლეობას წარუ­დგინეს და უთხრეს, რომ საჭიროების შემთ­ხვევაში პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა, თუმცა ამაოდ - მისი დანიშვნის დღიდან სამ პაციენტს დასჭირდა ქართულ მხარეს გადმოყვანა და მან სამივეს უარი უთხრა. ადგილობრივების თქმით, სოფელში, სადაც მარტიაშვილი ცხოვრობდა, სამედიცინო პუნქტიც კი არ არის.

"როდესაც მოხუცი ცუდად გახდა, მისმა­ ქალიშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და მამა ახალგორის­ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა,­ რათა თბილისში გადაყვანის მოთხოვნის­ დოკუმენტი გაეფორმებინათ. ჩვენთან ასეა - ჯერ ახალგორის საავადმყოფოში, რო­გ­ორც აქაურები ვამბობთ, "გუგლის მოყვარულთა­ საზოგადოებასთან" მიგვყავს,­ რადგან სიმპტომების მიხედვით ინტერნეტში ეძებენ დაავადების მიზეზებს და დიაგნოზს ვარაუდით სვამენ... თუ ვინმე გავლენიანი გყავს, ის აგვარებს პაციენტის ქართულ მხარეს გადაყვანას, თუ არადა, იწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვა უწყებებთან განცხადებების გზავნა, რომ ავადმყოფის თბილისში გადაყვანის ნებართვა მოგვცენ.

axalgori3-1659880031.jpg

ამჯერად გაგიევმა უნდა გადაწყვიტოს ადამიანის ბედი იმის მიხედვით, რა ხასი­ათზეც ბრძანდება. მარტიაშვილს ახალგორში საკვებით მოწამვლა დაუდგინდა, ორი დღე იქ "უმკურნალეს" და მდგომარეობა რომ გართულდა, ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოთხი დღე გააჩერეს. ქალიშვილი იხვეწებოდა, თბილისში­ წაყვანის ნებართვა მომეცითო, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ, სიტუაციას ვაკონტროლებთო.­ მდგომარეობა კრიტიკული რომ გახდა, "წითელი ჯვრის" საშუალებით მცხეთაში გადაყვანას დათანხმდნენ, მაგრამ მოხუცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თურმე სეფსისი ჰქონია და დროული ჩარევით გადარჩენა შეიძლებოდა", - ამბობს­ ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

როგორც ირკვევა, ახალგორელების ბედს რამდენიმე ადამიანი წყვეტს, მათ შორის არიან დეპუტატი ზაზა დრიაევი და პოლიტიკური ორგანიზაცია "ნიხასის" ახალგორის წარმომადგენელი რეზო დევიძე­. ახალგორელების თქმით, გაგლოევის ადმინისტრაციას შეიძლება ძალიან უნდა ქართულ მხარესთან გზის გახსნა, მაგრამ რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებების, ფინანსურ-ეკონომიკური კავშირების გამო გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

axalgori2-1659880031.jpg

"ბიბილოვის წასვლის შემდეგ გაგლოევსა­ და მის გუნდს უამრავი პრობლემა დახვდათ, მათ შორის ფინანსური. ყველა რესურსი ამოწურულია, თითო-ოროლა ბიზნესმენს, რომელთაც იბარებდნენ და "სამშობლოს სამსახურში დგომას" აიძულებდნენ, აღარაფერი დარჩათ, არჩევნებს შესწირეს ყველაფერი, ამიტომ გადაწყვიტა გაგლოევმა მოსკოვში ფულის სათხოვნელად­ წასვლა. თუმცა, როგორც ამბობენ, უშედეგოდ, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობას უკრ­აინასთან ომის გამო თავად აქვს ფინანსური პრობლემები", - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი ჩვენთან საუბრისას.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მწვავედ აისა­ხა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზეც. სოცქსელებში­ ხშირად წერენ ფასების ყოველდღიურ გაძვირებაზე:

"რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები სულ უფრო მძიმედ ურტყამს ჩვენს ჯიბეს. ყველაფერი გაძვირდა:­ მედიკამენტები, პური, შაქარი... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები, რის გამოც უკვე ლაპარაკია ქართულ მხარესთან სავაჭრო პუნქტის გახსნაზე. თუმცა ამ თემას გაგლოევის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ახმაურებს, რადგან მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩანს, შიშობენ, რომ ოპოზიცია ამ თემას აუცილებლად გამოიყენებს სპეკულაციისთვის და იტყვის, ბიბილოვის გუნდმა საქართველოსთან კავშირის გასაწყვეტად ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და რუსეთს მიუახლოვდა, ახალი ხელმძღვანელობა კი ისევ უკან ბრუნდება, ეს კი მოღალატური საქციელიაო... შედარებით იაფი პროდუქტის შემოტანის პერსპექტივად საქართველოსთან სავაჭრო გზის, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის გახსნა განიხილება, უბრალოდ, ამისთვის, მოსახლეობა­ უნდა მოამზადონ, რომ ოპოზიციის მოწოდებებს არ აჰყვეს და სიტუაცია არ არიოს", - გვითხრა ერთმა ცხინვალელმა.

"რაზდახანის გამშვები პუნქტის გახსნას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი. გაგლოევის გუნდს გაუჭირდება უკრაინაში დაღუპული ჩვენი ბიჭების ოჯახებს აუხსნას, რატომ ვერ იპოვეს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად ისევ საქართველოს ვუკავშირდებით. მეც მინდა­ იაფი ცხოვრება, ჩემი ხელფასი­ თვიდან თვემდე კი არა, ორ კვირას არ მყოფნის, მაგრამ მორალურ მხარეზე რატომ არაფერს ვამბობთ? ან რას ვფიქრობდით მაშინ, როცა მთლიანად რუსეთის კმაყოფაზე გადავედით და ძლივს სტაბილურად ვიგრძენით თავიო, აჟიტირებული ვიმეორებდით მაშინ, როცა ამა თუ იმ საქონელს მოსკოვზე უფრო ძვირად ყიდდნენ. თუმცა ახლა, როცა სანქციებმა მოუჭირა, პირველი ისინი ალაპარაკდნენ, პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ რა ქნას ხალხმა,E უჭირს, გამოსავალი ხომ უნდა ვიპოვოთო და თვალი ქართულ მხარეს გაურბით - ანუ რუსულ საქონელს სიამოვნებით ჩაანაცვლებენ ლილოდან ჩამოტანილით. ფულს ხომ სუნი არა აქვს და არც ეროვნება. როცა უნდათ, პრორუსები არიან და თუ გაჭირდა, პროქართველობაც არ ეთაკილებათ. მაღაზიებსაც თამამად დააწერენ, თბილისის საქონელიო, და თუ ვინმე რამეს ეტყვის, მაშინვე უპასუხებენ, ცოტა ხნით, სანამ სანქციები შემსუბუქდებაო", - წერს ვიოლა კოჩიევა.

"ამბობენ, რუსეთისთვის დაწესებული­ სანქციები შეიძლება სამხრეთ ოსეთის საპენსიო და სახელფასო დოტაციებსაც შეეხოსო. საინტერესოა, რას იზამენ საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებულები, მთელი ოჯახი და სანათესაო რომ დასაქმებული ჰყავთ და წარმოუდგენელი შტატები აქვთ შექმნილი", - წერს ცხინვალელი ვერა ქუმარიტოვა.

"სამი შვილი მყავს. პატარა სურსათის­ მაღაზია მქონდა და იმით ვირჩენდით თავს. ახლა ყველაფერი გაძვირდა, ხალხი ვეღარ ყიდულობს და რაც შემოვიტანე, ისიც მიფუჭდება. იქიდან ძვირად მომაქვს, აქაც ძვირად მიწევს გაყიდვა, ტრანსპორტირება ძვირი მიჯდება, საწვავის ფასმა მოიმატა, მოგებაც ხომ უნდა დამრჩეს. ძალიან კარგი­ იქნება, თუ ქართულ მხარეს გახსნიან. პატრიოტებმა და ტრიბუნიდან ჭკუის სწავლების მოყვარულებმა ემოციები დაიოკონ. ჩემს ოჯახს დღეში 10 ცალი პური არ ჰყოფნის. თუ ვინმე თუნდაც ხუთ ცალს უფასოდ მომიტანს, ხმას აღარ ამოვიღებ. თუ არადა, ვერავის რჩევასა და მორალის კითხვას ვერ მივიღებ. ჩვენს ხელისუფლებას, წინა იქნება თუ ახლანდელი, კეთილი უნდა ენება და რუსულის გარდა, სხვა გზებიც უნდა ეპოვა. ჩვენ ნუ გვთხოვენ გმირობას. ამ წლების განმავლობაში ერთეულები გამდიდრდნენ შეზღუდვებითაც და მათი მოხსნითაც. როდესაც საქმეს სჭირდებოდა, ძალიან კარგად გადადიოდნენ საქართველოში სამკურნალოდაც და სხვა საჭიროებისთვისაც...

უფრო გაძვირდა სამედიცინო მომსახურებაც. ადამიანი კბილის ექიმთან ვეღარ მისულა, მასალა გაძვირდაო და შეიძლება ერთ ვიზიტში მთელი თვის ხელფასის დატოვებამ მოგიწიოს. ვიცი, რომ საქართველოში რუბლი სტაბილურ დონეზეა, დოლარიც. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოდან არ გასულან დასავლური კომპანიები და ხანდახან იმპორტულ საქონელს ჩვენი მოსახლეობაც თუ გასინჯავს, კარგი იქნება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი თენგიზ კოჩიევი.

"საარჩევნო კამპანიის დროს გაგლოევი ახალგორელებთან შეხვედრისას ქართულ მხარეს გადასასვლელი პუნქტების გახსნას გვპირდებოდა, მაგრამ შემდეგ ეს თემა მიჩუმდა... ახლა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღონ, რადგან რუსეთში ხელისუფლებაც და ბიზნესიც თავად ცდილობს სანქციებიდან გამოსავლის პოვნას", - წერს ახალგორელი რუსა გამხიტაშვილი.