"ყველაზე კარგად დავისვენებდი აფხაზეთში...ეს ჩემი ოცნებაა" - სად ატარებენ ზაფხულს ცნობილი ქართველები - კვირის პალიტრა

"ყველაზე კარგად დავისვენებდი აფხაზეთში...ეს ჩემი ოცნებაა" - სად ატარებენ ზაფხულს ცნობილი ქართველები

ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა დასვენებასა და ქალაქიდან გასვლაზე უფრო ბევრს ფიქრობ, ვიდრე მუშაობაზე. რაც უფრო მაღლა იწევს თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი, ეს სურვილიც უფრო და უფრო გეძალება. ვინ სად ატარებს ზაფხულს და როგორი დასვენების მომხრეა? ამის შესატყობად "კვირის პალიტრა" რამდენიმე ცნობილ პიროვნებას დაუკავშირდა.

"ხანდახან ზღვას ველაპარაკები, ვეფერები, ვკოცნი..."

dasv3-1659881173.jpg

ირმა სოხაძე, მომღერალი: - ზაფხული არის ჩემი საყვარელი წელიწადის დრო. საოცრად მიყვარს მზე. არასოდეს მცხელა, არ ვითანგები. ზოგი შრომისუუნაროა სიცხეში, მე - პირიქით, ორმაგად პროდუქტიული ვხდები. ეტყობა, ტროპიკების ადამიანი ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებდი შუა სარტყელში, თუმცა საქართველოს ჰავაზე ვგიჟდები. 400 ჩ-მდე და უფრო მაღალი ტემპერატურის დროსაც კი თავს შესანიშნავად ვგრძნობ. 5 სექტემბრამდე შვებულება მაქვს და ზღვისკენ ვაპირებთ წასვლას. ჩემი კურორტი ზღვაა. არ მიყვარს მთა. ძალიან მიყვარს აჭარა, გურია. გრიგო­ლეთიდან უკვე ჩემი საყვარელი ადგილები იწყება. ბათუმამდე რაც კი კურორტია, ყველგან ვარ ნამყოფი. განსაკუთრებით მიყვარს შეკვეთილი, იმიტომ, რომ ქვიშაა და დაბალი ზღვა. დიდი მოცურავე არა ვარ, რომ შორს გავცურო, ამიტომ მიყვარს დაბალი ზღვა, მზე, ქვიშა. ზღვა ცოცხალი არსებაა, გონიერი, ემოციური, რაციონალური და მე მასთან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ხანდახან ველაპარაკები, ვეფერები, ვკოცნი... სხვათა შორის, ბევრ ზღვაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ შავი ზღვა ყველაზე კარგია ჩემთვის ტემპერატურით, ფერით, მინერალური შემადგენლობით, მარილიანობით... მიხარია, რომ წავალ. თითქმის 10 წელია, შეკვეთილში, მთელი ოჯახი, პატარა ულამაზეს სასტუმროში დავდივართ, მაგრამ წელს მაქსი და ადრიანი, ჩემი პრაღელი შვილიშვილები, უკვე იყვნენ, ასე რომ, ამჯერად ერთად ვეღარ წავალთ. ახლა მივდივართ ნატა, ნატას შვილები, ნატას მეუღლე, მე და ჩემი მეუღლე. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ დროს გავატარებთ. ხმაურიანი დასვენება არ მიყვარს. მირჩევნია, 10 საათზე ჩემს შვილიშვილებთან ერთად დავიძინო და დილის 7 საათზე ან უფრო ადრეც ველოდო მზეს...

"ნეტავ მქონდეს საშუალება, წავიდოდი მთაშიც და ზღვაზეც"

ეკა მამალაძე, მომღერალი: - გონიოში ვისვენებდი. რამდენიმე დღეა, მე და ნანი საირმეში ჩამოვედით. ნატალია ბავშვთან ერთად თბილისშია. ახლა კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის დაბადების დღეზე ვართ. ვატო კახიძეც აქ არის მეუღლესთან ერთად.

- საერთოდ როგორი დასვენების მომხრე ხართ, მთა თუ ზღვა?

- ნეტავ მქონდეს საშუალება და ერთგანაც წავიდოდი და მეორეგანაც. წყნარი დასვენება მიყვარს, სიმშვიდე...

აქედან ბაქოში მივემგზავრებით მე და ნანი - მუსლიმ მაგომაევის საიუბილეო საღამოზე ვართ მიწვეული.

ზაფხულში კარგი დასვენება კარგად მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ენერგიულობაზე და, რაღა თქმა უნდა, გარეგნობაზეც გავლენას ახდენს.

"მშვიდი, ჰამაკში წამოწოლილი დასვენება არ მიყვარს"

dasv2-1659881173.jpg

სალომე ბაკურაძე, მომღერალი: - ჩემს მეგობართან ვარ საგურამოში. ალბათ, გესმით, რა ჟივილ-ხივილში არიან ჩვენი ბავშვები. ახალი ჩამოსული ვარ ბაკურიანიდან. მოგვიანებით, ალბათ, ოჯახთან ერთად ერთი კვირით წავალ გონიოში. ზღვაზე დასვენებას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ახლა ზღვას მთაც მიემატა, რადგან ბავშვისთვის აუცილებელია... მშვიდი, ჰამაკში წამოწოლილი დასვენება არ მიყვარს, აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. ზოგს ოჯახთან ერთად უყვარს დასვენება, ზოგს მეგობრებთან. მადლობა ღმერთს, რომ ოჯახშიც გამიმართლა და მეგობრებშიც და ერთად შესანიშნავად ვისვენებთ.

საქართველო მდიდარია კურორტებით, თუმცა, საქართველოს გარეთაც მივემგზავრები ხოლმე. ევროპაში ბევრგან ვიყავით, ახლა აზიისკენ გვაქვს გეზი.

- ცივილიზაცია და კომფორტი გირჩევნიათ თუ ეგზოტიკური კურორტი?

- ცივილიზაცია, კომფორტი და ხალხმრავლობა მომწონს.

"ყველაზე კარგად დავისვენებდი ჩემს სოფელში, ოტობაიაში"

ჯანო იზორია, მსახიობი: - ვარ ფოთში, მაქვს რეპეტიციები თეატრში, ვემზადებით ფესტივალისთვის. გაიხსნა რეგიონული თეატრების ფესტივალი. 8 აგვისტოს გვექნება პრემიერა. აი, ამ სასიამოვნო გაწამაწიაში ვარ და დასვენებისთვის ვერ მოვიცალე, თუმცა როცა საყვარელ საქმეს ვაკეთებ, შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

ფესტივალი რომ დასრულდება, ზღვაზეც უფრო ხშირად გავალთ, მერე კი ცოლ-შვილი უნდა წამოვიყვანო თბილისში.

აქტიური დასვენება არ შემიძლია, ვიღლები. მყუდრო ადგილას მირჩევნია. კითხვაც მიყვარს, მაგრამ უფრო ხეტიალი, პალიასტომზე ნავით თევზაობა მიზიდავს.

- ოჯახთან ერთად გირჩევნიათ დასვენება თუ განმარტოებით?

- ოჯახთან, თუმცა რომ მქონდეს პატარა სახლი ფოთში, წყლის პირას, განვმარტოვდებოდი იმ პერიოდში, როდესაც როლისთვის ვემზადები. იმედია, მექნება ასეთი სახლი, როდესაც ფილმების ჰონორარი მოიმატებს...

ყველაზე კარგად დავისვენებდი აფხაზეთში, ჩემს სოფელში, ოტობაიაში. ეს ჩემი ოცნებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვისრულებ...