კორონაგამოვლილი პლაჟები როგორც იქნა აივსო,­ სამაგიეროდ, დაცარიელდა დამსვენებლის ჯიბე - კვირის პალიტრა

კორონაგამოვლილი პლაჟები როგორც იქნა აივსო,­ სამაგიეროდ, დაცარიელდა დამსვენებლის ჯიბე

ზღვისპირეთში დაიწყო ზაფხულის ყველაზე აქტიური აგვისტოს თვე, როდესაც, როგორც ამბობენ, სანაპიროზე ნემსი არ ჩავარდება, თუმცა აჭარაში დამსვენებლის სიმცირე არც წლევანდელ ნალექიან ივლისში იგრძნობოდა.

წელს ფასები ძალიან გაზრდილია - უპირველეს ყოვლისა, ბინების ფასია მომატებული. ქობულეთსა და ურეკში, სანაპიროს პირველ ზოლში­ (ზღვის ხედით), ერთი დღის ფასი 100 დოლარი, მეორე ზოლში კი 50 დოლარია. შედარებით იაფად იშოვით ბინას ზღვისგან მოშორებით.

ზღვისპირეთში დამსვენებელი, ტრადიციულად, კაფეებსა და რესტორნებში სადილ-ვახშმობს, რომლებიც, სიძვირის მიუხედავად, წელსაც სავსეა, თუმცა ფასები­ აქაც განსხვავებულია. მაგალითად, ამ სეზონზე აჭარული კულინარიის მშვენებას, აჭარულ ხაჭაპურს, ქობულეთისა თუ ურეკის სანაპიროზე კაფეებში 11 ლარად მიირთმევთ, ქალაქის სიღრმეში კი 9 ლარი ღირს. ქობულეთში დაახლოებით 25 ლარს გადაიხდით ცხელ კერძებში, მაგალითად, ხბოს ხორცის სოუსში, რაც ნიშნავს, რომ აქ თითოეულ დამსვენებელს სადილში, საშუალოდ, 30-35 ლარი ეხარჯება,A ერთ ოჯახს კი - 110-115 ლარი.

ჭიქა ნალექიან ყავას ქობულეთში 2.50-3 ლარად მოგართმევენ, უნალექო ყავის ფასი კი 5 ლარია. თუ დაიწუწუნებთ, სიმპათიური მიმტანები, რომელთაც დედაქალაქთან შედარებით გაცილებით უხვად - თვეში 1500 ლარს უხდიან, მხოლოდ გაგიღიმებენ.

თუ ძალიან დაგცხათ, ქობულეთის სანაპიროზე ჩამოსასხმელი ნაყინი შეგიძლიათ 2.50-3 ლარად მიირთვათ. ის სხვა ქალაქების ჩამოსასხმელი ნაყინისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ქაღალდის ხელსახოცით მოგართმევენ.

ქობულეთში შედარებით იაფია სომეხი მოქალაქეების დაქირავებული კაფეები, რაც საქართველოს საზღვაო კურორტებზე­ სომეხი დამსვენებლის ტრადიციული პრაქტიკაა - სომხეთიდან საქართველოს ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულები შავი ზღვის სანაპიროზე ხშირად ქირაობენ ბუტიკებსა თუ კაფეებს, რათა დასვენებასთან ერთად ივაჭრონ და შინ ფულიც გაიყოლონ, თუმცა, როგორც ერევნელმა ედიკ კაზარიანმა შემოგვჩივლა, წელს ქობულეთში ვაჭრობაში გაცილებით ნაკლები ფული იშოვება, ვიდრე აქამდე, რადგან ხალხს შემოსავალი ნაკლები აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სომხურ კაფეებში" უფრო ცოტა მომხმარებელია. როგორც ჩანს, სომეხ დამსვენებელსაც კი ქართული კერძები უფრო მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ ქობულეთში გაცილებით მეტი სომეხი ისვენებს, ვიდრე რუსი და, მით უფრო - ბელორუსი ან უკრაინელი.

პარაშუტით ზღვაზე დაშვება 7 წუთის განმავლობაში გრძელდება და 120 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა, როგორც ჩანს, ექსტრიმის მოყვარულებს ამაში ფული არ ენანებათ.

სანაპიროს გასაწმენდად სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება, რადგან საზამთროს ქერქსა და სიმინდის ფუჩეჩს აქ ვეღარ ნახავთ. თანაც, ალბათ, ქართველებიც ნელ-ნელა ვხვდებით, რომ საკუთარ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ, იმის მიუხედავად, რომ სირთულეები არ გვაკლია. სამაგიეროდ, გვაქვს ზღვა, მთა და მომავალი, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.