„ხელისუფლებასაც უნდა აფიქრებდეს აგრესორი ქვეყნიდან ხალხის უკონტროლო შემოდინება“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებასაც უნდა აფიქრებდეს აგრესორი ქვეყნიდან ხალხის უკონტროლო შემოდინება“

პარტია "ლელომ" ხელისუფლებას სამი ინიციატივით მიმართა. "რუსეთის ფედერაციასა და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი; უნდა შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი. ასევე შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირება", - ასეთია "ლელოს" ინიციატივა. პარტიის ლიდერების აზრით, ქვეყანაში ვითარება ბევრად რთულია, ვიდრე ჩანს. შესაბამისად, სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადები გააკონტროლოს. მათივე ინფორმაციით, "ლელოს" საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა გასაჯაროვდეს შესაბამისი ინფორმაცია და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე. პარტიის წევრები ითხოვენ გასაჯაროვდეს ოფიციალური სტატისტიკაც, თუ რამდენმა უცხოქვეყნელმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი, რამდენმა მოითხოვა ბინადრობის უფლება, რამდენმა დაარეგისტრირა ბიზნესი და ასე შემდეგ... როგორი იყო მმართველი გუნდის პასუხი "ლელოსთვის", როგორ აფასებენ ოპოზიციონერი ლიდერები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას და როგორი იქნება მათი შემდგომი სტრატეგია, ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ტურისტების შემოსვლის შეზღუდვას, რუსი იქნება, ყაზახი თუ სომეხი. ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გვსურს. რეგიონში ომია, ოკუპანტ რუსეთს, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20% მიიტაცა, სასტიკი ომი აქვს უკრაინასთან. ამის ფონზე ჩვენს ქვეყანაში იზრდება რუსი ვიზიტორების რაოდენობა. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ყველა ტურისტული მიზნებით არ ჩამოდის საქართველოში. რუსეთთან დაკავშირებული ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ისევე როგორც სხვა მეზობლებს. ამიტომაც აკრძალეს ბულგარელებმა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებზე, უფრო ადრე კი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს შემზღუდავი ზომები რუსი ტურისტების შედინებაზე. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ რუსი ტურისტები არ სურთ, არა, უბრალოდ, იციან, რომ რუსეთი აგრესიულად არის განწყობილი მეზობელი ქვეყნების მიმართ. დღეს რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაბრკოლების გარეშე შემოვიდეს ქვეყანაში და 360 დღით დარჩეს. არადა, იშვიათი გამონაკლისის­ გარდა, ტურისტი ერთი წლით არასდროს მიდის უცხო ქვეყანაში, მოგზაურობისა და დასვენებისთვის ერთი თვე სრულიად საკმარისია. ჩვენს მოქალაქეს რუსეთში ერთი წლით კი არა, ერთი დღითაც არ უშვებენ, ვიზაშიც საფასურის გადახდა უწევს. დიახ, რუსი ტურისტისთვის მარტივი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლა, მაგრამ მხოლოდ ვიზით. რუსეთის­ მოქალაქემაც უნდა გადაიხადოს მასში საფასური და ეს თანხა­ საბაჟო სამსახურსა და ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

მე კარგად მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც რუსი ტურისტების მომრავლების გამო შფოთავს. ვითარება­ ნამდვილად ყურადსაღებია. ამას პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ლანძღვით, შეურაცხყოფითა და ქსენოფობიაში დადანაშაულებით კი არ უნდა უპასუხოს, მიზანმიმართული, ადეკვატური ნაბიჯებით. უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. სწორედ სიტუაციის კონტროლსა და შეშფოთებული ქართველი ხალხის დამშვიდებას ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა სავიზო რეჟიმის შესახებ.

- როგორი იყო ხელისუფლების პასუხი თქვენს ინიციატივაზე?

- პასუხად მივიღეთ, რომ "ქართული­ ოცნება" არ აპირებს სავიზო რეჟიმის შემოღებას. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ,­ ჩვენი ინიციატივა პარლამენტშია. ახლა მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა. ჩვენ არა გვაქვს ბერკეტი, რომ მთავრობას რაიმეს გაკეთება ვაიძულოთ. სრულიად რეალური საფრთხით შეშინებული მოქალაქეების დადანაშაულება­ ქსენოფობიაში რუსული პროპაგანდის ნაწილია. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ირაკლი კობახიძე მართალი, როდესაც ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა. საქართველოში არასდროს ყოფილა ქსენოფობიური განწყობა, არც ახლაა და არც მომავალში იქნება. წესით, მასაც უნდა აფიქრებდეს მეზობელი აგრესორი ქვეყნიდან ხალხის უკონტროლო შემოდინება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საემიგრაციო პოლიტიკა რუსეთთან, ისევე როგორც სხვა საკითხები, გაცილებად მარტივად შესათანხმებელი იქნებოდა მმართველ გუნდთან დეპოლარიზაციის შემთხვევაში?

- რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. დეპოლარიზაცია ნიშნავს ხელისუფლების გადანაწილებას და არა "ქართული ოცნების" ხელში ძალაუფლების კონცენტრირებასა და პარტიულ დომინაციას. ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში.

- ევროკავშირის რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობა დეპოლარიზაციის კიდევ ერთ შესაძლებლობას ხომ იძლ­ევა?­ მმართველი გუნდის­ ლიდერები ოპოზიციის­ გადაწყვეტილებას, დამოუკი­დებლად იმუშაონ ევროკავშირის რეკომენდაციებზე საბოტაჟად მიიჩნევენ.

- რა საბოტაჟზეა საუბარი? ოპოზიცია არსად გასულა, პარლამენტშია და მუშაობს. ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია ევროკავშირის სტანდარტის შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს მოითხოვს, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, ანტიკორუფციულ სააგენტოს შექმნას და ასე შემდეგ... "ქართულმა ოცნებამ" არ მოინდომა რეკომენდაციებზე ინკლუზიურად მუშაობა. კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიებს ქმნიან. ოპოზიციას არც მუშაობის პროცესი შეუთანხმა და არც დრო. გარდა იმისა, რომ ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტა, თან ოპოზიციის ლანძღვა-გინება დაიწყო. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ კობახიძე მისივე შექმნილ კომისიებს დაპირისპირებისა და ლანძღვა-გინების პოლიგონად გამოიყენებდა. ჩვენ კი გვინდა რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ კანონპროექტები. აი, ამიტომ არ დაელოდა ოპოზიცია კობახიძეს და დაიწყო მუშაობა. დეპუტატები მთელი აგვისტოს განმავლობაში იმუშავებენ და სექტემბერში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის კანონპროექტებს წარმოადგენენ.

ოპოზიციის კანონპროექტები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იქნება და არა "ქართული ოცნების" ინტერესებს მორგებული. არა გვაქვს იმის ილუზია, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონპროექტებს კანონებად აქცევს, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. პირნათელი ვიქნებით როგორც ქართველი ხალხთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან.

ხათუნა ბახტურიძე