„ცუდი რა არის, თუ რუსი, რომელსაც პუტინთან კავშირი არა აქვს, საქართველოში ბინას იყიდის?“ - კვირის პალიტრა

„ცუდი რა არის, თუ რუსი, რომელსაც პუტინთან კავშირი არა აქვს, საქართველოში ბინას იყიდის?“

"მედიაში უცებ წამოჭრილი, თითიდან გამოწოვილი თემა რუსეთის მოქალაქეების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებმა და სხვა პოლიტიკოსებმა დაპირისპირების განახლებისთვის საბაბად გამოიყენეს, მთავარი თემები კი ისევ გვერდზე გადადეს", - ასე გამოეხმაურა პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი­ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგ დაპირისპირებას. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმოსვლის გაკონტროლების მიზნით სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა, რის გამოც მმართველი გუნდის ლიდერებმა მათ ქსენოფობები უწოდეს. "სინამდვილეში საქართველოში არ არსებობს ქსენოფობიის პრობლემა. უბრალოდ, ირაკლი კობახიძემ ეს საკითხი ოპონენტების საგინებლად გამოიყენა", - ამბობს "გირჩის" ლიდერი.

- საქართველოში რუსი ტურისტების გაზრდილი რიცხვი თვალში საცემია, მაგრამ ეს ლოგიკურია და მგონი, რიგითი­ მოქალაქეებისთვის პოზიტიურიც კია. როდესაც მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მათ შორის ეკონომიკური რეცესია, რეგიონში ომია, ჩვენ რუსი ტურისტების სახით რთული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება მოგვეცა. ამ უნებლიე სიკეთის გაფუჭება ისეთი რაღაცით, როგორიცაა სავიზო რეჟიმის შემოღება, კარგი არ არის.

- ვერც რუსეთის იმ მოქალაქეებში ხედავთ პრობლემას, რომლებიც აქ მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას?

- თუ რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანაზე მეტად ჩვენს ქვეყანას ენდობიან და აქ ურჩევნიათ ბინების ყიდვა ან სახაჭაპურეების გახსნა, ესეც კარგი ამბავია. ცუდი რა არის, თუ რუსი, რომელსაც პუტინთან კავშირი არა აქვს, საქართველოში ბინას იყიდის? დღეს რუსეთიდან კაპიტალი გაედინება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური. ბევრი კომპანია, რომლებიც დღემდე რუსეთში მუშაობდნენ, უცხოეთში გადავიდნენ. მე თუ მკითხავთ, კარგიც კი არის, რუსეთიდან ფული რომ გააქვთ. რა თქმა უნდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სანქცირებულმა პირებმა კაპიტალი გადმოიტანონ, მაგრამ ეს უკვე სპეცსამსახურების საქმეა და ამ საკითხს ვერავითარი სავიზო რეჟიმი ვერ მოაგვარებს.

- ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ სანქცირებულ პირთა კაპიტალი არ შემოვიდეს ან სხვა, მსგავსი ტიპის გამოწვევისთვის რამდენად მზად არიან?

- ძალიან სწორად დასმული კითხვაა. საქმეც ის არის, რომ საზოგადოება ხელისუფლებას არ ენდობა და ამიტომაც შფოთავს, როდესაც საზღვარზე გადმოსულ ამდენ რუსს ხედავს. თუმცა ნახეთ, როგორი დილემის წინაშე ვდგავართ - ჩვენ გვინდა იმ ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც არ ვენდობით, კედელი ავაშენოთ საზღვარზე და აღარავინ შემოვუშვათ ქვეყანაში. ამიტომ ვამბობ, რომ ამ თემაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ამით ხელისუფლებასა და ოპოზიციას საშუალებას ვაძლევთ ერთმანეთთან იჩხუბონ და ამის ყურებაში გაგვატარებინონ დრო... ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია, რათა ევროკავშირის დადგენილი 12 პუნქტის შესრულება მოვახერხოთ. ეს ერთადერთი პირობაა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეგვიძლია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ეს უნდა ჩვენი ქვეყნის უდიდეს ნაწილს, მოსახლეობის 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. ევროკავშირი გვეუბნება, სანამ თქვენ ერთმანეთთან ჩხუბს არ დაასრულებთ, ვერც ჩვენს რეკომენდაციებს ვერ შეასრულებთ და არც ჩვენ მიგიღებთ ევროკავშირშიო. არ ვიცი, რატომ არის ჩვენი პოლიტიკოსებისთვის რთული იმის გაგება, რომ ერთადერთი გასაღები, რომლითაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება უნდა დავიწყოთ, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაა.P სხვა შემთხვევაში, ვერც სასამართლოს საკითხს განვიხილავთ, ვერც დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ და ვერც რუსი ტურისტების საკითხს გადავწყვეტთ.A ამ ყველაფერზე საუბარი დეპოლარიზაციის გარეშე არასერიოზულია. წარმოუდგენელი რამ ხდება, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ოკუპანტთან ფარულ თანამშრომლობას. თუ მე "ნაცმოძრაობა" ვარ და ოკუპანტთან ვთანამშრომლობ, ან პირიქით, "ოცნება" ვარ და ოკუპანტთან ვთანამშრომლობ, როგორ უნდა შევთანხმდეთ თუნდაც საემიგრაციო პოლიტიკაზე რუსეთთან?! სანამ ლანძღვა-გინების გარეშე არ განვიხილავთ პრობლემებს, სულ კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით. ეს დაპირისპირება ყველას ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

- დეპოლარიზაცია მარ­თლაც ერთადერთი გამო­სავალია ამ სიტუაციიდან, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამის მიღწევა?

- დეპოლარიზაცი­ისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი­ იქნება მიშა სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. ეს შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, მმართველ ძალას კი გამოაცლის "მტრის ხატს", რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზეა აგებული. ეს თავად "ნაცმოძრაობასაც" მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, რათა არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინა პირობა. ბოლო­დროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის, ის ოფიციალურად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და თავის გუნდთან ერთად აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს, ერთი მხრივ, 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლარიზაციის შემცირების შესრულების წინა პირობაა და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი დემოკრატიული თამაშის წესების დამკვიდრებას. ეს განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან კონსოლიდირებულ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს.

- თქვენი პარტია "გირჩისა" და პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და ივანიშვილის დაბრუნების შესახებ სასაცილო უწოდა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

- მართლა რთულია ამ წინადადებას მმართველი გუნდიდან ვინმე დაეთანხმოს. სანამ ეს მოხდება, მანამდე სხვა სვლაა საჭირო, სააკაშვილმა უნდა მიიღოს პოლიტიკიდან ნამდვილად წასვლის გადაწყვეტილება. თუ ეს მოხდება, "ნაცმოძრაობაში" მეორე სვლა უნდა გაკეთდეს - მთლიანად პარტიამ თუ არა, დიდმა ნაწილმა მაინც მხარი უნდა დაუჭიროს სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას. აი, ამის მერე გახდება შესაძლებელი ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის საუბარი და მმართველი გუნდი იძულებული, ვალდებული გახდება სერიოზულად დაფიქრდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვებაზე. ასე რომ, ჯერ მდინარაძის სვლა არ არის და არც მისი კომენტარია საინტერესო, ახლა სააკაშვილის სვლაა.

ხათუნა ბახტურიძე