რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის უკრაინული ვარიანტი - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის უკრაინული ვარიანტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები შექმნა. კომიტეტში 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. ამ 5 ჯგუფიდან 4-ს, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის გარდა, იური­დიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. მან უკვე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შესაქმნელად უკრაინულ კანონს გამოიყენებს და ის ბიძინა ივანიშვილზე ვერც ერთ შემთხვევაში "ობიექტური საფუძვლებით" ვერ გავრცელდება. "უკრაინული მოდელი ეფუძნება იმ ე.წ. ბიზნესმენებს, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან... ეს კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ობიექტური საფუძვლით ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე". არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის დასრულების პირობა დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება უნდა გახდეს და ცალკე კანონის მიღება საჭირო არ არის. რას შეცვლის საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული ვარიანტით მიღება და რაც მთავარია, თუკი ამ ფორმით მიიღებენ, ჩათვლის თუ არა ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის პუნქტს შესრულებულად, ამ საკითხებზე საია-ს ხელმძღვანელს ნიკა სიმონიშვილს­ ვესაუბრეთ.

- ის, რომ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს ირჩევს, რამდენიმე საკითხს გამოკვეთს: პირველი - იმ კანონმა უკრაინაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუჭერია მისთვის მხარი სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების დიდ რისკებს შეიცავდა - ანუ, თუ კანონის აღმასრულებელი არ არის დამოუკიდებელი და პოლიტიკური ნებით იმოქმედებს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სწორედ ოპონენტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული; მეორე - ეს კანონი უკრაინაში, ფაქტობრივად, არც ამოქმედებულა. შესაბამისად, როდესაც არ ვიცით, როგორ მუშაობს რეალობაში, მისი ქართულ რეალობაში გადმოტანა კიდევ უფრო მეტ რისკსა და კითხვას აჩენს. ამასთან, ევროკომისიას არსად დაუწერია, რომ მაინცდამაინც კანონი უნდა მივიღოთ, ან უკრაინული მოდელი ავირჩიოთ და ა.შ. დეოლიგარქიზაციას სამოქალაქო სექტორი განსხვავებულად ვუყურებთ. ნებისმიერი კანონი ტერმინების განმარტებებს მოიცავს და დეოლიგარქიზაციის კანონშიც უნდა იყოს ჩანაწერი, თუ რა არის ოლიგარქიზაცია, ვინ არის ოლიგარქი, რა ითვლება ოლიგარქიულ ქმედებად... გარდა ამისა, კანონს უნდა ჰყავდეს აღმასრულებელი. როდესაც ევროკომისიის რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დამოუკიდებლობა ამ უწყებების პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეს კანონი ძალიან დიდ რისკებს წარმოშობს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური მიზნებისთვის კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც შეიძლება შეიქმნას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს კანონი ასევე ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, რომ დაგვაკარგვინოს ფოკუსი მთავარი საკითხიდან.დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის გაძლიერებაა, იმ პოლიტიკური სისტემის ცვლილება, სადაც ერთი პირი აკონტროლებს მთელ სახელმწიფოს. რატომ არა აქვთ დემოკრატიულ ქვეყნებში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი? იმიტომ, რომ არ სჭირდებათ, რადგან აქვთ ძლიერი ინსტიტუტები, რომლებზეც ზეგავლენა შეუძლებელია ფორმალურად თუ არაფორმალურად. თუ გვექნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელისუფლების დანაწილების დროს კონტროლისა და ბალანსის კარგი სისტემა და მივაღწევთ, რომ ძალაუფლება იყოს დანაწილებული, ასეთ შემთხვევაში ერთპიროვნული თუ ოლიგარქიული გავლენები განეიტრალდება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მივიდეთ კარგ დემოკრატიულ სისტემამდე, ნაცვლად იმისა, რაღაც კანონი მივიღოთ. რაც მთავარია, უნდა შევცვალოთ ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობას.

- ხელისუფლებამ კონკრეტულად თქვა, რომ ეს კანონი არ შეეხება ივანიშვილს.

- ხელისუფლებამ რა კანონიც უნდა მიიღოს, ყველას შეეხება, ბიძინა ივანიშვილის გარდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ნებისმიერი კანონი, მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუციები მართულია, ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას. პირიქით, იმ ავტორიტარულ და ოლიგარქიულ სისტემას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, უფრო გააძლიერებს.

- თუკი ეს კანონი მიიღეს იმ ფორმით და არ შეეხება ივანიშვილს, ალბათ, საეჭვოა ევროკავშირმა დეოლიგარქიზაციის პუნქტი შესრულებულად ჩათვალოს.

- არა მგონია, ევროკავშირმა მოიწონოს და მხარი დაუჭიროს ამ კანონის მიღებას მაშინ, როცა მართლმსაჯულების სისტემა კონტროლირებულია. დარწმუნებული ვარ, ამას ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს.

- რატომ არ ერთვებით ამ ჯგუფის მუშა­ობაში, იქნებ დაგერწმუნებინათ მმართველი გუნდი, რომ ამ კანონის მიღება არ ღირს?

- ჩვენ ამ პუნქტებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფებში ჩართული ვართ. არ ვერთვებით მხოლოდ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის მუშაობაში, რადგან მიგვაჩნია, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღება არ არის დეოლიგარქიზაციის დასრულების გარანტია. ჩვენ დეოლიგარქიზაციას ვხედავთ იმ 11 პუნქტის შესრულებაში და არა კანონის მიღებაში, არა კანონის გადმოთარგმნაში, რაც არათუ არ მოუტანს ქვეყანას სასურველ შედეგს, არამედ უფრო გააუარესებს მდგომარეობას.

რუსა მაჩაიძე