თავისუფლების მოედანზე აქტივისტებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე აქტივისტებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი იმართება.

აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ბანერები გამოფინეს, რომლებზეც შემდეგი რიტორიკული კითხვებია დატანილი: ,,ვის აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%? ვინ იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს? ვინ დაგვესხა თავს 2008 წელს? ვინ დაადგა ილორის ეკლესიას რუსული გუმბათი?”.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია ,,დემოკრატიის მცველების” დამფუძნებელმა ანა ქართლელიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა სწორედ თავისუფლების მოედნიდან გაგრძელდეს.

,,2008 წლის აგვისტოს ომიდან უკვე 14 წელი გავიდა. რასაკვირველია, ბრძოლა ისევ გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს მთავარ მტერს და ამ ყველაფერს დაემატა უკრაინაც. დღევანდელი აქციით გვსურს ხელისუფლებას რამდენიმე კითხვა დავუსვათ, მათი რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს 2008 წლის ომს მათთვის არაფერს წარმოადგენენ”, - აღნიშნა ანა ქართლელიშვილმა.

ცნობისთვის, აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.