ბიოლოგიური იარაღი - კაცობრიობის მასობრივი განადგურების ყველაზე ფარული ხერხი - კვირის პალიტრა

ბიოლოგიური იარაღი - კაცობრიობის მასობრივი განადგურების ყველაზე ფარული ხერხი

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ავხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ მშვიდობიანობის დროსაც ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად: იქნება ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, ავტოკატასტროფა, ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა სახის კატასტროფა. ვუსურვებთ ჩვენს მკითხველს, რომ ამ რჩევების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირვებოდეს. რუბრიკაში "სამოქალაქო თავდაცვა" დიდი სიამოვნებით ვუპასუხებთ ამ საჭირბოროტო თემებთან დაკავშირებულ მკითხველის კითხვებსაც, რომელთა გამოგზავნა "კვირის პალიტრის" საიტზე www.kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებში შეიძლება.

ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და თვით მომწამვლელი გაზის ადამიანზე ზემოქმედება მაშინვე ვლინდება, მაგრამ იარაღის ამ საშინელ სახეობას მომაკვდინებელი ვერდიქტი ფარულად, თანაც - კვირებისა თუ თვეების შემდეგ გამოაქვს და მას ბიოლოგიური იარაღი ჰქვია.

საფრთხის მასშტაბით, მასო­ბრივი განადგურების იარა­ღის­ სამი ძირითადი სახეობიდან­, ბიოლოგიური არა მარტო ქიმიურს, ბირთვულსაც კი აღემატება, რადგან გლობალური ბირთვული ომის შემთხვევაშიც შეიძლება კაცობრიობა გადარჩეს, ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით გამოწვეულ პანდემიებს კი დედამიწის მოსახლეობა თითქმის მთლიანად შეეწირება.

შორს წასვლა არ არის საჭ­ირო­, განა კოვიდპანდემიამ­ არ დააყენა ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საშინელი განცდის წინაშე? და ჯერ არ ვიცით, წინ კიდევ რა გველოდება, თუ კოვიდის ახალმა­ შტამებმა შემოგვიტია.­ ისიც კი ვერ დადგინდა, კოვიდი ბუნებრივ პროცესებში ადამიანის უხეში ჩარევის შემდეგ "აფეთქდა"­ თუ ის მეცნიერებმა­ სამხედროების შეკვეთით შექმნეს, როგორც ბიოლოგიური იარაღის თანამედროვე სახეობა.

ბიოლოგიური იარაღის სახეობები

samx3-1659891277.jpg
დღეს არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს, რომ ბიოლოგიური იარაღი აქვს, თუმცა, ეტყობა, ამ მიმართულებით ფარული სამეცნიერო კვლევები კვლავაც მიმდინარეობს

მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღად შეიძ­ლება ზოგიერთი პათოგენური­ მიკროორგანიზმის, ვირუსების, ბაქტერიული ტოქსინების, მათ შორის - ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიში ციმბირის წყლულის, დიზენტერიის, შავი ჭირის, დროებით მწყობრიდან გამომყვანი ქოლერის, ბრუცელოზის, დიფტერიის, ტულარემიის და სხვათა გამოყენება.

ბიოლოგიური იარაღის სახე­ობაა ენტომოლოგიური იარაღიც, რომელიც მწერების საბრძოლო დანიშნულებით გამოყენებას გულისხმობს.

ენტომოლოგიური იარაღი შეიძლება სამ ტიპად დაიყოს.

პირველი - მწერებს წინასწარ დააავადებენ საშიში პათოგენით და შემდეგ მათ მოწინააღმდეგის პოზიციების თავზე ჭურვებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით გაფანტავენ. ეს მწერები კბენენ ადამიანებსა და ცხოველებს, რითაც აჩქარებენ ეპიდემიის გავრცელებას.

მეორე - მწერებს, რომლებიც შეიძლება არც იყვნენ წინასწარ დაავადებული, მასობრივად უშვებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასანადგურებლად.

მესამე - მოწინააღმდეგის სანგრების თავზე დიდი რაოდენობის­ ფუტკრებისა და კრაზანების გაფანტვის შემდეგ მტკივნეულმა ნაკბენებმა, განსაკუთრებით - თვალების არეში, შეიძლება მოწინააღმდეგის ჯარისკაცები გარკვეული ხნით ბრძოლისუუნაროდ აქციოს.

ბიოლოგიური იარაღის კიდევ ერთ სახეობად მიჩნეულია გენეტიკური (ეთნიკური) იარაღი,­ რომლის საშუალებით თითქოს შესაძლებელია მიზანმიმართულად მხოლოდ კონკრეტული რასის, ერისა თუ სქესის ადამიანების განადგურება.

მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ფანტასტიკის სფეროა და ასეთი "წერტილოვანი" მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა შეუძლებელია, თუმცა კონსპირატორების მთელი არმია საპირისპირო აზრისაა.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენების მეთოდები

samx2-1659891277.jpg
ბიოლოგიურ იარაღთან მუშაობა უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს. მათ შორის არის ასეთი სკაფანდრის გამოყენებაც

ნებისმიერი სახის იარაღს გარკვეულ მანძილზე გადატანა­ სჭირდება, რათა შეიძლებოდეს­ მისი მოწინააღმდეგესთან მიახლ­ოება. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბიოლოგიური იარაღია და მოწ­ინა­აღმდეგისთვის მისი "საჩუქ­რად" გაგზავნა შესაძლებელია საავიაციო ბომბებისა და კასეტების, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების საბრძოლო ქობინების სახით, თუმცა ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეიძლება ძალზე არატრადიციული მეთოდითაც - ფოსტით გაგზავნილი კონვერტით, რომელშიც, მაგალითად, ციმბირის წყლულის სპორების ჩხირებია "ჩატვირთული". კონვერტის გამხსნელი და მის ახლოს მყოფნი, დიდი ალბათობით, მაშინვე ამ საშიში ბაქტერიით დაავადდებიან.

ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ისტორიული ფაქტები

ითვლება, რომ ბიოლოგიური­ იარაღის გამოყენების პირველი დადასტურებული ფაქტი უკავშირდება 1346 წელს ოქროს ურდოს ხანის, ჯანიბეკის მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქ კაფის (დღევანდელი ფეოდოსიის რაიონი ყირიმის ნახევარკუნძულზე) ციხე-სიმაგრეში შავი ჭირით გარდაცვლილი მეომრის გვამის გადაგდებას. მართალია, შავმა ჭირმა ციხე-სიმაგრის დამცველები აიძულა, დანებებული­ყვნენ, მაგრამ ქალაქიდან გაქცეულმა ვაჭრებმა შავი ჭირის ეპიდემია მთელ ევროპას მოსდეს.

1763 წელს ოქროს ურდოზე­ თითქოს უფრო დემოკრატმა ბრიტანელმა სამხედროებმა ჩუტყვავილათი დასნებოვნებული ზეწრები შეუგზავნეს იმ ინდიელებს, რომლებმაც ბრიტანელთა ფორტს ალყა შემოარტყეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ცდებს ატარებდა, ნიმუშები კი მონღოლეთსა და ჩინეთში საბრძოლო მოქმედებების­ დროს გამოიყენა.

საბჭოთა კავშირი 1930-იანი წლებიდან ფარულად ატარებდა­ კვლევებს ბიოლოგიური იარა­ღის შესაქმნელად და ომის დროს სტალინის განკარგულებაში ციმბირის წყლულის გამომწვევი ბომბებიც კი იყო, თუმცა­ ბერიას ქვეშევრდომებმა ბიოლოგიური იარაღი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს: როდესაც 1942 წლის ზაფხულში საბჭოთა არმიას სტალინგრადთან ძალიან გაუჭირდა, მათ ტულარემიით დაავადებული მინდვრის თაგვები გაუშვეს გერმანელების პოზიციებზე და ცოტა ხანში მართლაც შეაჩერეს მათი შეტევა, რადგან ფრონტის ხაზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მკვეთრად მოიმატა ტულარემიით დაავადებულ გერმანელ ჯარისკაცთა რიცხვმა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ბერიას "დავალებით" გაგზავნილ რუსულ მინდვრის თაგვებს პატრიოტული სული არ აღმოაჩნდათ და ფრონტის ხაზის მეორე მხარეს უკვე საბჭოთა არმიის­ სანგრებსა და შტაბებსაც შემოუტიეს.

მოქალაქეთა შორის ციმბირის წყლულის მასობრივად გავ­რცელების შემთხვევა, რომელიც ლეტალური შედეგებით დასრულდა, 1979 წელს საბჭოთა კავშირში, ქალაქ სვერდლოვსკში­ (დღევანდელ ეკატერინბურგში) დადასტურდა. გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ლაბორატორიიდან, სადაც ციმბირის წყლულის სპორებს საბრძოლო მიზნებისთვის იკვლევდნენ, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ამ საშიშმა ბაქტერიებმა ატმოსფეროში გააღწია, შედეგად კი ქალაქის 64 მცხოვრები დაიღუპა.

რატომ არის განსაკუთრებულად საშიში ბიოლოგიური იარაღი?

იმის გამო, რომ ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებულ ვირუსებსა და ბაქტერიების შტამებს ახასიათებს საინკუბაციო პერიოდი და, ამასთან, ვიზუალურად ან ყნოსვითა­ თუ გემოთი ადამიანი მათ ვერ აღმოაჩენს, ძალიან ძნელია ოპერატიულად დადგინდეს მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი­ განადგურების ასეთი­ იარაღის გამოყენების ფაქტი. ამისთვის სპეციალური ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ერთგვარ მინიშნებად შეიძლება იქცეს იმ სპეციფიკური ბომბებისა თუ ჭურვების ფრაგმენტების აღმოჩენა, რომელთა საშუალებით ის მოწინააღმდეგემ­ გაავრცელა.

საბრძოლო მოქმედებების­ რაი­ონში ან სულაც ღრმა ზურ­გში­ მღრღნელებისა და მწერების რიცხვის უეცარი მომრავლება, მით უმეტეს - ზამთარში რწყილების გამოჩენა ასევე დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს.

ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მასში შეიძლება სხვადასხვა ვირუსი და ბაქტერიების სპორები იყოს გამოყენებული, თუმცა მისი შემქმნელები თავს მაინც იზღვევენ და ისეთ შტამებს ათავსებენ, რომლებიც ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება, რადგან თავიანთი ჯარისკაცების უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ.

აკრძალულია თუ არა ბიოლოგიური იარაღის წარმოება და გამოყენება?

1972 წელს ხელი მოეწერა "ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოების, მარაგის შექმნისა და მათი განადგურების" საერთაშორისო კონვენციას. დღეს ამ კონვენციას ცნობს მსოფლიოს 182 ქვეყანა, მათ შორის - საქართველოც, მაგრამ, მაგალითად, ისრაელი მას რატომღაც დღემდე არ აწერს ხელს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ამ კონვენციის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი იყო, ერთი წლის შემდეგ,1973 წელს, შექმნა სამეცნიერო საწარმო "ბიოპრეპარატი", სადაც 1992 წლამდე 50-ზე მეტი სახეობის ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს - ციმბირის წყლულის, ებოლას, ტიფის, შავი ჭირისა თუ ჩუტყვავილას სპორებს მასობრივად აწარმოებდნენ და გადამტან საშუალებებში - საავიაციო ბომბებსა და რაკეტის ქობინებში ათავსებდნენ საბრძოლო გამოყენებისთვის.

რატომ აბრალებს რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას?

რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა თბილისში ლუგარის ბიოლაბორატორიის გახსნის დღიდან გვაბრალებს იქ ამერიკელებთან ერთად ბიოლოგიური იარაღის შექმნას, ხოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევსაც აუხირდა, დონბასელი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ციმბირული წყლულით სავსე ბომბების გამოყენებას აპირებდით და იმიტომაც შემოვიყვანე უკრაინაში რუსული ტანკების კოლონებიო. არადა, დიდი ალბათობით, რუსეთი თავად განაგრძობს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შექმნა-წარმოებას, თუნდაც მხოლოდ საერთაშორისო ტერორისტული მიზნებით, რაზეც ევროპის ქალაქებში "ნოვიჩოკის" არაერთი სასიკვდილო "გაელვებაც" მეტყველებს.