ისრაელი-ღაზა, ჩინეთი-ტაივანი, სერბეთი-კოსოვო, ყარაბაღი - რა ხდება ამ „შეშლილ“ მსოფლიოში? - კვირის პალიტრა

ისრაელი-ღაზა, ჩინეთი-ტაივანი, სერბეთი-კოსოვო, ყარაბაღი - რა ხდება ამ „შეშლილ“ მსოფლიოში?

2022 წელი ისედაც შევა მსოფლიოს ისტორიაში, როგორც ევროპაში 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის დასაწყისი, მაგრამ აგვისტოს პირველმა კვირამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ჯერ იყო და, 1-ლ აგვისტოს, სერბეთმა და კოსოვომ კინაღამ საბრძოლო მოქმედებები განაახლეს; ორიოდე დღის შემდეგ ტაიბეიში ჩაფრენილმა ამერიკელმა კონგრესვუმენმა კინაღამ ჩინეთ-ტაივანის ომი გამოიწვია; შუა კვირაში აზერბაიჯანს „"გაახსენდა", რომ ყარაბაღიდან ყველა შეიარაღებული სომეხი ვერ გააგდო და მათზე უპილოტო „ბაირაქტარებით“ "ნადირობა"“ გააგრძელა; თალიბებმა ტაჯიკები ორიოდე დღეში დაპყრობის მუქარით „"გაახარეს", ხოლო კვირის ბოლოს „სარაკეტო დუელი გაიმართა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის.

სიმართლე რომ ითქვას, ზემოთ ჩამოთვლილი კონფლიქტები გასულ კვირას არ დაწყებულა. ზოგიერთ მათგანს - ათწლეულების, ზოგს კი საუკუნეების ისტორია აქვს, მაგრამ მათი ასე, ერთიმეორის მიყოლებით, გააქტიურება მართლაც გასაკვირია. ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ეს დაძაბულობის კერები ერთმანეთთან რაღაც უხილავი ჯაჭვით არის დაკავშირებული, რომლის „მოქაჩვით“ ისინი აქტიურდება. ვცადოთ, გავაანალიზოთ, რა ძალებს შეიძლება აძლევდეს ხელს ან, პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ სურდეს ამა თუ იმ კონფლიქტის ხელახალი გაღვივება.

სერბეთ-კოსოვოს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლება რუსეთის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს - უკრაინასთან ხანგრძლივ ომში აღმოჩენილი კრემლისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუკი ევროპის თითქმის ცენტრში ქვემეხები დაიწყებდა გრუხუნს და ტანკების მუხლუხები გზებზე ღრმა კვალს დატოვებდა.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ნატო, რომელსაც კოსოვოში სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, ამ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფო წარმონაქმნს დაუჭერდა მხარს და, შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყურადღება უკრაინის სამხედრო დახმარებიდან კოსოვოზე გადაინაცვლებდა, ანუ პუტინი ევროპას ყურისძირში „აუფეთქებდა“ შენელებული მოქმედების ნაღმს, შექმნილი დესტაბილიზაციით ისარგებლებდა და უკრაინის სრული ოკუპაციის დაჩქარებას ეცდებოდა.

ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირების გამწვავების ერთგვარ ინიციატორად აშშ იქცა, როდესაც მისი ოფიციალური პირი ასევე ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, რითაც მეტისმეტად გააღიზიანა ჩინეთი, რომელიც ტაივანის კუნძულებს თავის ტერიტორიად თვლის. ჩინეთ-ტაივანის დაპირისპირების ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობის დაძაბვად ქცევა ხელს აძლევს რუსეთს, რათა მოსკოვმა, პეკინმა, თეირანმა, ფხენიანმა თუ კარაკასმა წრე შეკრან ვაშინგტონის წინააღმდეგ!

აი, ყარაბაღში მესამე ომის დაწყება კი, პირიქით, პუტინის ინტერესებს არ უნდა შეესაბამებოდეს. მოსკოვს არ სჭირდება, ალიევმა ახლა განაახლოს საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის გასაკონტროლებლად და იქ მყოფი რუსული „სამშვიდობო ძალების“ უსაქმოდ დასატოვებლად.

ამასთან, თუკი ბაქომ მართლაც შეძლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყარაბაღში დარჩენილი სომხური შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაცია, სომხეთში, ალბათ, მაშინვე გაძლიერდება ანტირუსული განწყობა იმის გამო, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა ყარაბაღში ვერ ან არ დაიცვა სომეხთა ინტერესები.

ასევე არ მოეწონება რუსეთს, თუ თალიბები მართლაც დაიწყებენ გასული კვირის მუქარის ასრულებას, ტაჯიკეთის დასაპყრობად ათიოდე დღეც გვეყოფაო.

ტაჯიკეთი რუსეთის პარტნიორად არის მიჩნეული, მის ტერიტორიაზე დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზაც, რომელსაც, ალბათ, მოუწევს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, თუკი თალიბები მართლაც შეესევიან მეზობელ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, არადა, უკრაინის ფრონტზე ბრძოლით გადაღლილ რუსულ არმიას შუა აზიაში თალიბებთან საქმის გასარჩევად არ უნდა ეცალოს.

ისრაელ-ღაზის სექტორს შორის კიდევ ერთი სარაკეტო დუელის დაწყება კი მართლაც ზუსტად ერგება მოსკოვის ინტერესებს - რაც უფრო მეტი პრობლემა შეექმნება ისრაელს, თელ-ავივს ნაკლები სურვილი ექნება, დაეხმაროს კიევს, თუმცა ისრაელი არც აქამდე იკლავდა თავს უკრაინის სამხედრო დახმარებით.

ისრაელს აგვისტოს ომიდან მოყოლებული უწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და კრემლის რიდითა თუ შიშით თავს იკავებს საქართველოსა და, მით უმეტეს, უკრაინის დახმარებაზე, თუმცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს უმნიშვნელოვანესი სამხედრო დახმარება გაუწია (რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური მოგების სანაცვლოდ), რადგან პუტინი აზერბაიჯანის არმიის ისრაელის იარაღით გაძლიერების წინააღმდეგი არ იყო, ან რატომ იქნებოდა, როცა ალიევმა რუსეთის გავლენიანი სამხედრო-პოლიტიკური წრეების მოსათაფლად რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული იარაღი შეიძინა, ხშირად - გაბერილი ფასითაც, საიდანაც გვარიანი პირადი გამორჩენა ნახეს რუსმა ჩინოვნიკებმა და გენერლებმა.

როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილი კონფლიქტური სიტუაციების მიმართ? საქართველო, რომელსაც სერბეთივით და ჩინეთივით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს, რა თქმა უნდა, კოსოვოსა და ტაივანის მხარეს ვერ დადგება (მით უმეტეს, რომ სწორედ დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო პუტინმა შური საქართველოზე იძია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებით), ამით კი ჩვენი ინტერესები სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის სტრატეგიულ მიზნებს დაუპირისპირდება. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილის გამო საქართველოს პოზიცია ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებითაც გასაგები უნდა იყოს, მაგრამ მჭიდრო მეზობლური ურთიერთობა დიპლომატიურად მოქცევას გვკარნახობს.თალიბების ტაჯიკებზე გალაშქრების საფრთხე საქართველოს ყველაზე ნაკლებად უნდა აწუხებდეს, მაგრამ თალიბების შემოჭრა პოსტსაბჭოთა შუა აზიაში და შემდეგ შეიძლება - სამხრეთ კავკასიაშიც ახლავე უნდა გვაფიქრებდეს.