საქართველოში ომების დაწყების "კვირეული" - კვირის პალიტრა

საქართველოში ომების დაწყების "კვირეული"

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აგვისტო, იმის მაგივრად, რომ დასვენების სეზონი ყოფილიყო, საქართველოში ახალ-ახალი ომების დაწყების პერიოდად იქცა.

30 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომი დაიწყო - რკინიგზის გაკონტროლების საბაბით სოხუმისკენ დაძრულ ქართულ გვარდიას სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ეს შეტაკება 13-თვიან ომში გადაიზარდა.

14 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონისკენ დაძრული ქართული არმია საქართველოში შემოჭრილ რუს ოკუპანტებთან რამდენიმედღიან ბრძოლებში ჩაერთო.

ამ ორმა თარიღმა მილიონამდე საქართველოს მოქალაქის ბედი შეცვალა და არა მარტო ქართველების, არამედ ოსებისა და აფხაზებისაც. ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა, ათიათასობით დაშავდა, დაიჭრა და დაინვალიდდა, ათასობით კი დაიღუპა.

შეიძლებოდა თუ არა ორივე ომის თავიდან აცილება? ალბათ, არა, რადგან ომისკენ მთელ საქართველოს ისეთი ძალები მიაქანებდნენ, რომელთა შემჩერებელი ვერ მოიძებნებოდა, თუკი, რა თქმა უნდა, ამერიკა და ევროპა არ გადაგვეფარებოდნენ, როგორც ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთთან დაკავშირებით გააკეთეს 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

ომების ჭაობისკენ ჩვენმა ფიცხმა ხასიათმა და დინჯად განსჯისა და გაანალიზების დაზარებამაც გვიბიძგა - ჩვენ ხომ მხოლოდ გულზე მუშტის ბრაგუნით ვოცნებობდით დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს გაბრწყინებაზე.

sam-1659892329.jpg

მაგრამ საინტერესოა, ეს საბედისწერო შეცდომა, რომელიც გამოუცდელებმა 1992 წლის აგვისტოში დავუშვით, 16 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რაღატომ გავიმეორეთ? ვინ დაარწმუნა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლება, რომ რუსეთი თვალს აგვარიდებდა და თავისივე შექმნილი სეპარატისტების დაცვას არ მოინდომებდა?

30 წლის წინ, 13 აგვისტოს, ახალციხის რუსული კადრირებული მოტომსროლელი დივიზიის შტაბის წინ ჩემ გვერდით მდგომი ამ დივიზიის მეთაური, რუსი გენერალი აქეთ გვეხვეწებოდა, ტანკები სწრაფად გადაიბარეთ, ნუ გეზარებათო... თურმე, მეორე დღეს ომი უნდა დაწყებულიყო...

14 წლის წინ, აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების ორი მეტისმეტად მაღალი ჩინის მოხელე მარწმუნებდა, ომში რუსები არ ჩაერევიან და შვილიშვილებს თავი გამარჯვებით ხომ უნდა დავამახსოვროთო...მგონი, მართლაც დავამახსოვრებთ თავს მომავალ თაობას, ოღონდ საკითხავია, რით.