"რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა" - ახალქალაქში, ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ახალქალაქის ჰოსპიტალში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაოზე უცნობია. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.
ახალქალაქის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, 6 აგვისტოს შეიყვანეს.
"გვსურს, გამოვხატოთ მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს. 6 აგვისტოს შემოიყვანეს საავადმყოფოში რთული სამედიცინო ჩვენებით. კლინიკაში შემოყვანისთანავე, ძალიან მალე, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა გულის გაჩერება და ყველა შემთხვევა იყო აღმოფხვრილი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად.
ყველაფრის მიუხედავად მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა მისი არასტაბილური მდგომარეობის, ჰემოდინამიკოს გამო. პაციენტის მართვის პროცესში იყვნენ ჩართულები ყველა დარგის, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევის, ინტენსიური მკურნალობისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა პაციენტის ფიზიკური პარამეტრების გაუმჯობესება. პაციენტი დღეს, 7 აგვისტოს გარდაიცვალა” - აცხადებენ კლინიკაში.