“ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა...” - კვირის პალიტრა

“ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა...”

“გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა”

ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. 55 წლის ხელოვანი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი “გზასთან” საუბარში ერთად განვლილ წლებს, მათ მეგობრობას იხსენებს.

- მალე 71 წელი მისრულდება. ბევრი სიკვდილი ვნახე, ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე. შეძრული ვარ. ამ შეშლილ და გაუბედურებულ სამყაროში ადამიანის სახით მოვლენილი ერთი დიდი სიკეთე და სიყვარული ჩაქრა... უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქში და, რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი, განუკითხაობა არსად მინახავს... არავინ არავის უთმობს, ყველას სადღაც ეჩქარება, ვიღას ახსოვს კანონი, საგზაო მოძრაობის წესები, ადამიანური ურთიერთობები, შინაგანი კულტურა? მთავარია, თავისი გაიტანოს და რაც მთავარია, ყველას სჯერა, რომ ცუდი ამბავი მას არ დაემართება.

გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება... ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირული თანადგომა შეეძლო. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ხალხს ძალიან ჰყვარებია - ეს ასე ხდება, განსაკუთრებით საქართველოში. სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ადამიანებს. ნიჭიერია და მორჩა, ასეთების მეტი რა გვყავსო? მაგრამ რომ გარდაიცვლება, მერე ხდება მისი აღზევება, ნათელი მხარეების წარმოჩენა. ეს ალბათ, სხვა ერსაც ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით ქართველებს. თუნდაც იმიტომ, რომ აქ სხვაგვარი მეგობრობა, ახლობლობა ვიცით და ადამიანს რომ დავკარგავთ, მის ფასს მერე ვიგებთ. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასეა. მამუკას ახლობლებისთვის კი არა, სრულიად უცნობი ადამიანისთვის შეეძლო გვერდში დგომა. ჩვენ არ გვიკვირდა მისი საქციელი, რადგან ვიცოდით, როგორი იყო. იმას, იმ უცნობს გაჰკვირვებია, მერე დამეგობრებულან... მამუკამდე მამამისთან ვმეგობრობდი. მისნაირი კაცის შვილი სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გენო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ისეთივე უანგარო და კეთილი. მამუკაზე 16 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არასდროს ყოფილა. მახსოვს, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ძალიან გამხდარი იყო, შემდეგ მოიმატა. ყოველთვის და თანაც, მხოლოდ სცენაზე კი არა, მის მიღმაც ვმეგობრობდით, რაღაც საქმეებზე უცხოეთშიც წავსულვართ მარტო, არც იქ იცვლებოდა.

- ამბობენ, რომ ძალიან უყვარდა მოლხენა...

- დიახ, ქორწილებში სულ თამადად ირჩევდნენ და არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. თავისი ბუბუნა ხმით, გარშემო სიყვარულსა და სიკეთეს აფრქვევდა, იუმორით აღსავსე იყო. ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვა შეეძლო. ადამიანებს რაღაცის მიხედვით არასდროს გამოარჩევდა. ისეთ დაძაბულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვართ, ტყვია რომ უნდა გავარდნილიყო და ერთმანეთი დაეხოცათ, მამუკა უცებ ჩაერეოდა საქმეში და რამდენიმე წუთში მეგობრებად შორდებოდნენ. ამის ნიჭი ჰქონდა...

სასცენო ხელოვნებას მამამისმა აზიარა. ისიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა. მამუკაც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს. ბუთქუნა იყო და სიარული, ძველებურად აქტიურობა უჭირდა, მაგრამ საქმე ხატვით გააგრძელა. მართლაც, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო... გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა, მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რაღაც აწუხებდა. ამიტომაც იყო დიდებული ადამიანი.

- ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ადამიანები შევიცვალეთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა დავკარგეთ... ფიქრობთ, რომ ასეა?

- ვერ ვიტყვი, რომ ადამიანებმა სიყვარული დავკარგეთ, ეს არც გამოგვივა, შეუძლებელია, მაგრამ საზოგადოება ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. თუნდაც მეზობლობის ფენომენი - ცხადია, მეზობლობა საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც არის, ოღონდ ასე მჭიდრო, ასეთი განსხვავებული არსად იყო... სიყვარული რომ ვერ შევინარჩუნოთ, დაღუპულები ვართ. შესაძლოა რაღაცები შეიცვალა, მაგრამ არ დაკარგულა. იმ სიყვარულთან ერთად, რომელსაც ახლა ვიხსენებთ და მივტირით, ყოველთვის იყო ბოღმა, ღვარძლი და სიძულვილიც, მაგრამ ასე აშკარად, დაუფარავად გამოხატული არასდროს ყოფილა... რაღაც ამუხრუჭებდა ადამიანს და არ ვიცი, კანონი თუ შიში, ან იქნებ ის, რომ წინა თაობას მაინც სხვა შეხედულებები ჰქონდა ცხოვრებაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, თანადგომაზე, პატივისცემაზე... ჩემი თაობა, ჩემი სამეგობრო, რომელიც ძალიან ცნობილი ადამიანებისგან შედგება და მათ შორის იყო მამუკა ონაშვილიც, სხვაგვარად ვუფრთხილდებოდით ურთიერთობას. პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, მაგრამ პოლიტიკას, განსხვავებულ გემოვნებას მეგობრობაში არ შემოვუშვებდით და ურთიერთობებს არ ვაფუჭებინებდით. ახლა მეგობრები კი არა, ძმები, ოჯახის წევრები გახლიჩა პოლიტიკამ. მერედა, რის ფასად?.. რა შეგვმატა, რა შეგვძინა, რა გვასწავლა ამან? - არც არაფერი. ერთმანეთის გარეშე კონცერტებს არასდროს ვმართავდით. ერთ საქმეს ვემსახურებოდით, მსჯელობაც გვქონია, კამათიც, მაგრამ იქვე დასრულებულა, გულში ბოღმად არ ჩაგვიტოვებია.

მამუკაზე ვსაუბრობდით და, ალბათ მისნაირები ბევრნი რომ იყვნენ, იმიტომ ჩანდა სამყარო უფრო კეთილშობილი. მჯერა, რომ მისნაირები კიდევ იქნებიან... თუმცა, სულ მიკვირს ერთი რამ, ახლანდელ თაობას, ახალგაზრდებს როგორ ესმით სიკეთის, სიყვარულის მნიშვნელობა. ძალიან ქართულად რომ ვთქვათ, სუფრასთან მოლხენა ყველას უყვარს და როდესაც თამადა წამოდგება, სადღეგრძელოს იტყვის, სიკეთეს გაუმარჯოსო, როგორ ესმით ეს მავანთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ძალის, ამა თუ იმ ორგანიზაციის გამარჯვებად?.. ამ სადღეგრძელოს ის ადამიანებიც ხომ მიირთმევენ, ვინც რაღაც ცუდს სჩადის და ასეთები არც ისე ცოტაა ჰოდა, ნეტაv რას ფიქრობენ მაშინ? მართალია, მე ჩემი კეთილდღეობის გამო, მეგობარს და ახლობელს არ ვიცნობ, ზურგში მახვილსაც ვცემ, მაგრამ მaინც გამიმარჯოს, რადგან ჩემს საქმეს ასე სჭირდებაო?..

222-1659948516.jpg

- ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკის დამსახურებაა?

- არა, ყველაფერს პოლიტიკას ნუ დავაბრალებთ, ისინი ჩვენი, ამ საზოგადოების წიაღიდან გამოვიდნენ, ჩვენი დამსახურებაც არის... ხანდახან, განსაკუთრებით კარგი ადამიანების წასვლის, მამუკასნაირების დაკარგვის შემდეგ, უიმედობა შემიპყრობს და ფიქრები მომეძალება, - მართლაც, ვის ამარად რჩება ეს ქვეყანა-მეთქი? მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ მთლად ასე უიმედოდაც არ ვართ, ღმერთი არ გაგვწირავს, ვიღაც გამოჩნდება იმ სიკეთის გაგრძელებად და ამას რომ ვფიქრობ, იმედის ნაპერწკალიც ჩნდება...

გლობალურადაც არ ვცხოვრობთ მარტივ ეპოქაში. თითქოს ის არ გვყოფნიდა, პოლიტიკამ რომ მოიცვა ყველა და ყველაფერი, მერე პანდემია გაჩნდა, ჩაგვკეტა, გაგვაუცხოვა, საყვარელი ადამიანები წაგვართვა და რაც მთავარია, არ გვეშვება... ეს ყველაფერი, მუდმივი დაძაბულობა, სტრესი, არასტაბილური გარემო თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე.

ხშირად კითხულობენ - საით მივდივართო?.. არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ ვიაროთ, ვიმოქმედოთ... დავით აღმაშენებელი ყველა ეპოქაში სჭირდება საქართველოს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გვყავდა, ისევე, როგორც სხვა დიდებული მეფეები; ომები და ფარები კი არა, ახლა გონივრული მოქმედება, ერთმანეთის გატანაა საჭირო. იქნებ ვისწავლოთ, რომ წინსვლა სხვაგვარადაც შეიძლება: შრომით, სწავლით, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულით და არა ახლობლის გამოყენებით, მისთვის ზურგში მახვილის ჩაცემით.

- ეს ჩვენს ყოველდღიურობად ვაქციეთ?

- ყოველდღიურობად თუ არა, ჩვევად მაინც... ლიდერების იმედად აღარ უნდა ვიყოთ, წავიდა ის დრო. მესია აღარ გამოჩნდება, შევეგუოთ ამას. გუნდი გვჭირდება, ვინც დაგვანახვებს, რომ ეს ქვეყანა თავიანთი კეთილდღეობისთვის კი არ სჭირდებათ, უყვართ და უნდათ, რომ თავადაც იცხოვრონ აქ, შვილებთან ერთად, რაღაც შეცვალონ, გამოასწორონ, თაობებს დაუტოვონ. სიკეთითა და სიყვარულით უნდა იცხოვრონ. საქმე ვიღაცის ჯიბრზე, ნიშნის მოგებით კი არ აკეთონ, ქვეყანას, ხალხს, კანონს ემსახურონ. ვისაც მომავლის არ სჯერა, მას არაფრის სჯერა. მე მჯერა მომავლის, ოდნავ, მაგრამ მაინც, რადგან ჩემი, ახლობლების, მეგობრების, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის უკეთესი მინდა. ჩვენს უბედურებას, უსიყვარულობას, დაძაბულობას, დაპირისპირებას ახალ-ახალ და უცხო სახელებს არქმევენ: კოაბიტაცია, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია... არ დასრულდა შეფასებები, ანალიზები, დასკვნები, რჩევები, არადა, თავად ქართველებმა ხომ ვიცით, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა - ერთიანობა და სიყვარულია. სხვანაირად, ჯიუტი თხებივით გადავცვივდებით იმ ბეწვის ხიდიდან, რომლის გავლას ახლა მუხლებაკანკალებულები, მაგრამ ერთმანეთის გადაგდების ჟინით შეპყრობილები ვცდილობთ. გვირაბის ბოლოს ყოველთვის ჩანს სინათლე. ჩვენ არ ვართ გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. მერე კი გვიანი იქნება პოლიტიკოსებისთვის რამის დაბრალება, ისინი ჩვენზე მეტად არასდროს ზარალდებიან, ხალხი აღმოჩნდება ძალიან ცუდ დღეში... მაინც მგონია, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, საზოგადოების და არა მმართველი ან ოპოზიციური პარტიების. ჩვენ ვაძლევთ მათ ხმას და ისე მოქცევის შესაძლებლობას, როგორც იქცევიან. ჩვენი პასუხისმგებლობაც უნდა გავიაზროთ. ხომ არ მოგვწონს, პოლიტიკოსები თავიანთ წარუმატებლობას ერთმანეთს რომ აბრალებენ? ყოველთვის ასე იყო, ეს არის მათი საქმე. მაგრამ რა არის ჩვენი საქმე, ამაზეც დავფიქრდეთ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"