აგვისტოს ომში თბილისთან რადარის აფეთქების "სამაგიეროს" რუსები უკრაინელებისგან იღებენ... - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომში თბილისთან რადარის აფეთქების "სამაგიეროს" რუსები უკრაინელებისგან იღებენ...

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საქართველოზე ღიად თავდასხმის დღიდან 14 წელი შესრულდა და დღესაც, იგივე რუსეთი, უკვე უკრაინის დაპყრობას ცდილობს, თუმცა უკრაინელი სამხედროები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ რუს ოკუპანტებს და რაღაცნაირად ქართველების ჯავრსაც იყრიან მათზე, ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი კი ძალიან ნიშანდობლივია...

აგვისტოს ომის დროს,11 აგვისტოს 03:37:57 სთ-ზე თბილისის ზღვის აღმოსავლეთით ქვიშიანის მთაზე განთავსებული "საქაერონავიგაციის" პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის ანტენას რაკეტა მოხვდა და ის გაანადგურა.

მაშინ, ალბათ, თბილისის მოსახლეობის ნახევარს მაინც გაეღვიძა იმის შიშით, რომ რუსეთმა საქართველოს დედაქალაქის დაბომბვა დაიწყოო და მას შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს რუსული რაკეტა მახათას მთასთან მდებარე ქართული საჰაერო თავდაცვის ინფრსტრუქტურასთან აფეთქდა, არადა, მახათას მთა ფაქტობრივად თბილისს ზედ გადმოჰყურებს...

თუმცა ეს მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა, რადგან ქვიშიანის მთიდან, სადაც რეალურად აგვიფეთქეს "საქაერონავიგაციის" რადიოლოკატორი, მახათას მთამდე თითქმის 10 კმ-ია პირდაპირი ხაზით და ის ერთადერთი რუსული რაკეტა დედაქალაქს ვერაფრით დაემუქრებოდა.

2-omi-1659952495.jpg
რუსული Су-24М საფრონტო ბომბდამშენის პილონზე ჩამოკიდებული ანტისარადარო Х-58У

თუმცა ეს იყო "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის რაკეტა, რომელიც რუსული საფრონტო ბომბდამშენიდან Су-24М -იდან იქნა გამოშვებული და დამიზნებული იყო იმავე ქვშიანას მთაზე "საქაერონავიგაციის" რადარის სიახლოვეს განთავსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამკოორდინატიანი 36Д6М ტიპის რადიოლოკაციური სადგურზე...

მოკლედ ეს ისტორია ასე იწყებოდა:

8 აგვისტოს ვორონეჟიდან მოზდოკის აეროდრომზე გადმოფრინდა რუსეთის 455-ე ბომბდამშენი პოლკის რამდენიმე Су-24М ტიპის ბომბდამშენი თვითმფრინავი. მათგან ყველაზე მომზადებულმა ეკიპაჟმა (რომელსაც ჩეჩნეთის მეორე ომში საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა), პილოტის, მაიორ სერგეევისა და შტურმანის, კაპიტან შპიტონკოვის შემადგენლობით, მიიღო სპეციალური დავალება ქართულ ლოკატორებზე საჰაერო "ნადირობის" დაწყების თაობაზე.

პირველ სამიზნედ შავშვების 36Д6М ტიპის რადიოლოკატორი განისაზღვრა, რომელიც როგორც ხელისგულზე, ისე "ხედავდა" ჩრდილოეთ ოსეთიდან კავკასიის ქედზე გადმოფრენილ რუსულ თვითმფრინავებს და მათ კოორდინატებს დროულად აწვდიდა ქართულ საზენიტო გათვლებს.

9-10 აგვისტოს ღამეს მოზდოკის სამხედრო აეროდრომიდან რამდენიმე რუსული ბომბდამშენი აფრინდა და გეზი საქართველოს საჰაერო სივრცისკენ აიღო. მათ სამხედრო ეშმაკობას მიმართეს - ფრენის მარშრუტები შეცვალეს და ქართულ ცაში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრნენ.

როგორც ომის შემდგომ კაპიტანი შპიტონკოვი იხსენებდა, სხვა ბომბდამშენებისგან განსხვავებით, მათი ეკიპაჟი "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტებით იყო შეიარაღებული. კავკასიის ქედზე გადმოფრენისას ეკიპაჟმა ბომბდამშენის საბორტე რადიოლოკატორი და სხვა რადიოელექტრონული აპარატურაც გამორთო, რათა ნაკლები აქტიური რადიოგამოსხივება ჰქონოდა მათ თვითმფრინავს, თუმცა ხელსაწყოებმა ეკიპაჟს "აუწყა", რომ შავშვებთან ქართულმა რადიოლოკატორმა მათი ბომბდამშენი მაინც აღმოაჩინა.

მართვადი რაკეტის გაშვება სწორედ შტურმან შპიტონკოვის მოვალეობა იყო და მან აქტიურ რეჟიმში მომუშავე ქართული რადიოლოკატორისკენ "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის რაკეტა გაუშვა. რუსული საჰაერო შეტევა შავშვებთან მდგარ ქართულ რადიოლოკატორზე სამწუხაროდ, შედეგიანი აღმოჩნდა - აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებმა ის მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა, საბედნიეროდ, გადავურჩით ადამიანურ დანაკარგს, რადგან ოპერატორები რადიოლოკატორის კაბინაში არ ისხდნენ და მას დისტანციურად, სპეციალური კაბელის საშუალებით, რამდენიმე ათეული მეტრის დაცილებიდან მართავდნენ.

შავშვების რადიოლოკატორის დაკარგვამ სერიოზულად "დააბრმავა" ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა რჩებოდა კიდევ ერთი ძლიერი რადიოლოკაციური პოსტი - თბილისის ზღვის აღმოსავლეთით, ქვიშიანში, მთის თავზე. აგვისტოს ომამდე ამ სამოქალაქო რადარის გვერდით ქართველმა სამხედროებმა სამკოორდინატიანი 36Д6М განათავსეს, ისეთივე, როგორიც შავშვებში და დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეს კარგად აკონტროლებდნენ.

შავშვების ქართული რადილოკატორის აფეთქების შემდეგ, შტურმან შპიტონკოვს თბილისის ზღვასთან მომუშავე რადიოლოკატორების აფეთქებაც დაავალეს.

საჰაერო ოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა - Су-24М -მა კავკასიის ქედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან გადმოკვეთა და თბილისს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან "მოეპარა". თბილისის ზღვის თავზე აქტიურ რეჟიმში მომუშავე სამოქალაქო და სამხედრო რადარები ძნელი აღმოსაჩენი არ გახლდათ და კაპიტანმა შპიტონკოვმაც მორიგი Х-58У გამოუშვა მათ ასაფეთქებლად.

ამჯერად ქართველმა სამხედროებმა იმარჯვეს და სამკოორდინატიანი 36Д6М-ის გამორთვა მოასწრეს, რის შემდეგაც რუსული "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტა, რომელმაც მიზანი დაკარგა, ფრენის მარშრუტის შუაში ისევე ჩამოვარდებოდა, როგორც 2007 წლის ზაფხულში მოხდა შავშვებთან.

მაგრამ სამოქალაქო რადარი აგრძელებდა აქტიურ რეჟიმში მუშაობას და სწორედ ის ემსხვერპლა რუსულ მართვად რაკეტას, თუმცა რადიოლოკატორის მომსახურე პერსონალმა მოასწრო სამშვიდობოს გასვლა. სწორედ ეს აფეთქება გახდა დიდი შიშის მიზეზი, თბილისის დაბომბვა დაიწყესო.

3-omi-1659952531.jpg
ამერიკული „ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის AGM-88 ტიპის რაკეტა

და ამ ისტორიამ დღეს უკრაინის ფრონტზე გაგრძელება ჰპოვა, რადგან რუსი გენერლები შეშფოთებას ვერ მალავენ, მათი ერთ-ერთი აფეთქებული რადიოლოკატორის სიახლოვეს რაკეტის კორპუსის ფრაგმენტი იპოვეს, რომელზეც გაკეთებული წარწერა მიუთითებდა, რომ ეს AGM-88 ტიპის რაკეტა იყო...

AGM-88 HARM ტიპის რაკეტა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჯერ კიდევ 1983 წელს მიიღეს შეიარაღებაში და ის "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვად რაკეტებს განეკუთვნება - ისევე, როგორც საბჭოთა/რუსული Х-58У, ამერიკულიც მოწინააღმდეგის აქტიური რადიოლოკატორის გამოსხივებაზეა "დაგეშილი" და პასიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკის საშუალებით რადიოტალღების გამომსხივებელი წყაროსკენ მიისწრაფის. თუმცა რუსულისგან განსხვავებით ის იმახსოვრებს მიზანში ამოღებული რადიოლოკატორის კოორდინატებს და რადარის გამორთვის შემთხვევაში მიზანს მაინც მიაგნებს.

უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდაცვისთვის ეს ძალზე არასასიამოვნო სიურპრიზად იქცა - აქამდე ხომ მხოლოდ რუსები თუ უფეთქებდნენ ანტისარადარო რაკეტებით ქართველებსა და უკრაინელებს რადიოლოკატორებს, მაგრამ გამოჩნდა ძალა, რომელიც უკვე თავად რუსულ რადარებზე იწყებს "ნადირობას"...

AGM-88 ტიპის ამერიკული რაკეტის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 150 კმ-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს ამ რაკეტებით არა მარტო იმ რუსული "ს-300"-სა და "ს-400"-ების რადიოლოკატორების განადგურება შეუძლიათ, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უშუალოდ ოკუპირებულ უკრაინულ მიწაზე შეიტანეს, არამედ უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მომუშავე რადარებისაც.

4-omi-1659952557.jpg
რაკეტის კორპუსის ფრაგმენტი,რომელიც რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ მათი განადგურებული რადარის სიახლოვეს იპოვეს და რომელიც ამერიკული AGM-88 ტიპის რაკეტას უნდა ეკუთვნოდეს

რუსეთის გენშტაბი ახლა მთავარ ნიუანსს არკვევს, თუ როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ასეთი სპეციფიკური რაკეტის გამოყენება, რადგან ის არ არის თავსებადი იმ საბჭოთადროინდელ გამანადგურებლებთან და საფრონტო ბომბდამშენებთან, რომლებიც უკრაინელებს თითქმის ექვსთვიანი ბროლების შემდეგ ჯერ კიდევ შემორჩათ.

რჩება ორი ახსნა - ან უკრაინელებმა მორიგი გამომგონებლური ნიჭი გამოიჩინეს და ამ რაკეტის გასაშვებად სახმელეთო დანადგარი ააწყვეს ან კიდევ რაკეტა გაშვებული იქნა დასავლური წარმოების რომელიმე საბრძოლო თვითმფრინავიდან, როგორებიც უკრაინის მეზობლებსაც, იგივე პოლონეთსა თუ რუმინეთს არაერთი მოეპოვებათ, თუნდაც F-16 -ების სახით...