"უკრაინა ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"უკრაინა ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება" - რას წერს უცხოური გამოცემა

დიდი ბრიტანეთის ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "უკრაინა ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფება", რომელშიც განხილულია ქვეყნის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მასში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც ომმა გამოიწვია - ადამიანების ნერვული და ფსიქოლოგიური პრობლემები: "სულ უფრო მეტი უკრაინელი მიმართავს ჯანდაცვის უწყებას ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად, ექიმთა რაოდენობა კი არასაკმარისია".

პუბლიკაციაში რამდენიმე ნამდვილი შემთხვევაა აღწერილი, როცა ადამიანები თითქმის ნახევარწლიანი ომის შედეგად გამოწვეული ურთულესი პრობლემების გამო (ახლობელთა დაღუპვა, ქონების განადგურება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია...) ნერვულ კრიზისში ვარდებიან - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭკუიდან გადადიან.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, საბრძოლო მოქმედებები თითოეული უკრაინელის ფსიქიკაზე აისახა. ყოველდღიური, უწყვეტი სტრესული სიტუაცია ყველაზე ნეგატიურად მათზე მოქმედებს, ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია: "ომი ანგრევს ადამიანთა ცხოვრების რიტმს, მათ ჩვეულ ცხოვრებას, იქმნება პრობლემები, რომელთა გადალახვა უკვე შეუძლებელია. ადამიანები ვარდებიან აპათიასა და დეპრესიაში. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ, თუ ეს წლის ბოლომდე მოხდება), ქვეყანაში 4 მილიონამდე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი იქნება, რომლებსაც სტაციონარული მედიკამენტოზური მკურნალობა დაჭირდება, ხოლო 15 მილიონამდე მოქალაქეს - ფსიქოლოგიური დახმარება.

ექიმებისთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო ომის ის პერიოდი, როცა კიევთან ახლოს, ბომბების და ჭურვების აფეთქებები საავადმყოფოებს უახლოვდებოდა და სროლის ხმა კარის ზღურბლთან, ფანჯრებთან ისმოდა. მედმუშაკები მუშაობას აგრძელებდნენ, რადგან შენობებში დარჩენილ მძიმე ავადმყოფებს მკურნალობა ჭირდებოდათ. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როცა ნევრული აშლილობის მქონე ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ.

ბევრი ექიმი საომარი მოქმედებების ზონაშიც მუშაობს. ფრონტებზე ფსიქოლოგების მიმართ მოთხოვნა დიდია: დახმარება ჭირდება როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ბრძოლების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებსაც.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა და პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ იმ ლოზუნგების პროპაგანდირება, რომელთა მიხედვით, თითქოსდა "უკრაინელები ნაცისტები არიან", რომ რუსეთის არმია "რუსულენოვან უკრაინელებს ნაცისტ უკრაინელებისაგან ათავისუფლებს", ბევრ ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს. წყდება ნათესაური კავშირები... ადამიანებს პირადი ტრაგედიების გადატანა უხდებათ. უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ რუსები მათი [ეთნიკური] ნათესავები, მეზობლები და მეგობრები იყვნენ. და როცა ასეთი მეგობრები და მეზობლები სახლში შეუვარდნენ და ხოცვა დაიწყეს, ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. როგორც ექიმები ამბობენ, იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც თავიდანვე მიხვდნენ, რომ საქმე მტერთან ჰქონდათ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ომით გამოწვეული პრობლემები შედარებით უფრო იოლად გადასალახავი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი უკრაინელი ფსიქოლოგის, ელენა ნაგორნაიას თქმით, ამ ომს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი პოტენციური პლუსიც აქვს: ეროვნული ერთიანობა, რომელიც საერთო ფსიქოლოგიური ტრავმის გამოცდილებით არის ჩამოყალიბებული. თუმცა ჯერ-ჯერობით უკრაინელი ხალხის ტრავმის დონე არავინ იცის. ვლადიმერ პუტინმა ყოველ უკრაინელს ფსიქიკაში დაყოვნებული მოქმედების ნაღმი ჩაუდო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ