რა ბედი ელით “სიკვდილით მოვაჭრის” გადასარჩენად აყვანილ ამერიკელ მძევლებს? - კვირის პალიტრა

რა ბედი ელით “სიკვდილით მოვაჭრის” გადასარჩენად აყვანილ ამერიკელ მძევლებს?

4 აგვისტოს მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სასამართლომ ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ქალკალათბურთელთა გუნდის წევრია, ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამგვარი ძალზე მკაცრი სასჯელი შეიძლება აშშ-სთან ამჟამინდელი დაპირისპირების გამო ამერიკელების წინააღმდეგ პუტინის მორიგ "ბოროტ ქმედებად" ჩაგვეთვალა, რომ არა ერთი გარემოება. უკვე რამდენიმე წელია რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ის მოქალაქეებზე "ნადირობენ". ამერიკელი ბიზნესმენი პოლ უილანი, რომელიც მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იყო ჩასული, 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე 2020 წელს "პოლიციელებზე თავდასხმის გამო" ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ამერიკელ სტუდენტ ტრევორ რიდს.

beso2-1660026480.jpg
ბრიტნი გრაინერი
beso3-1660026480.jpg
პოლ უილანი

ასე რომ აშშ-ის მოქალაქეების "მძევლად აყვანა" არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ: ეს რუსეთის ხელისუფლების ერთიანი გეგმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანი "იარაღის ბარონად" წოდებული რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტის გამოხსნაა ამერიკის ციხიდან.

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ რუსეთს სთავაზობს, ბრიტნი გრაინერი და პოლ უილანი აშშ-ში ციხეში მყოფ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ბრალდებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო რუსეთისგან საპასუხო შეთავაზება პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიაჩნიათ. გაირკვა, რომ რუსეთი, ბუტის განთავისუფლებასთან ერთად დამატებით მოითხოვდა ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებასაც, რაზეც აშშ-მა უარი განაცხადა.

ვიქტორ ბუტი, რომელსაც "სიკვდილით მოვაჭრესაც” ეძახიან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 2008 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს, ხოლო შემდეგ ტაილანდის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით, სპეციალური თვითმფრინავით მისი აშშ-ში ექსტრადიცია განახორციელა.

მაინც ვინ არის ვიქტორ ბუტი, რომ მისი პერსონის ირგვლივ საერთაშორისო სკანდალი წლების მანძილზე არ ცხრება?

ვიქტორ ანატოლის ძე ბუტი დაიბადა დუშანბეში, 1967 წელს. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის გააგზავნეს ვიტებსკში- სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ელიტურ 339-ე პოლკში მთარგმნელად. შემდეგ მიავლინეს გაეროს კონტიგენტის შემადგენლობაში თარჯიმნად მოზამბიკსა და ანგოლაში. ოთხი წლის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო სამსახურიდან უფროსი ლეიტენანტის წოდებით წამოვიდა. დასავლეთის პრესა ბუტს კა-გე-ბეს ყოფილ ოფიცერს უწოდებს, თუმცა მისი ბიოგრაფია საბჭოთა სამხედრო დაზვერვასთან (გე-რე-უ) უფრო ახლოა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბუტმა საზღვარგარეთ დაიწყო ბიზნესი. 1990-იანი წლების დასაწყისში საავიაციო გადაზიდვების ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და საბჭოთა თვითმფრინავების ყიდვა დაბალ ფასად შეიძლებოდა. ვიქტორ ბუტმაც დაიწყო თვითმფრინავების შეძენა და საავიაციო სატვირთო გადაზიდვების ფირმა შექმნა. აქ ვითომ კრიმინალური არაფერია, თუმცა ნუ ავჩქარდებით.

beso4-1660026480.jpg
ბუტის ძირითადი ბიზნესი ავიაგადაზიდვები იყო

ბუტის მიმართ პირველი ოფიციალური ბრალდება ჯერ კიდევ 2001 წელს იქნა წაყენებული. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბუტის კუთვნილი კომპანიების მიერ ლიბერიაში იარაღის უკანონოდ მიწოდებას. 2002 წელს ბელგიაში გასცეს სანქცია ბუტის დაკავებაზე. ბიზნესმენს იმ დროისთვის უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია ანტვერპენში. სპეცსამსახურების მეთვალყურეობის დაწესების შემდეგ ბუტმა დატოვა ბელგია და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაბარგდა.

2002 წელს ამერიკულმა მედიამ ბუტი იარაღის არალეგალური ვაჭრობის ყველაზე მასშტაბური ქსელის მფლობელად დაასახელა. მათი ვერსიით, ბუტი ყიდულობდა იარაღს უკრაინის, მოლდავეთის, ბელარუსისა და ბულგარეთის ქარხნებში და გაეროს ემბარგოს გვერდის ავლით ყიდდა მას ანგოლაში, სიერა-ლეონესა და სხვა აფრიკულ ქვეყნებში. მედიის ცნობით, მხოლოდ 2000 წლამდე ბუტმა გაეროს სანქციების გვერდის ავლით მიაღწია არანაკლებ 38 შეთანხმებას აზიასა და აფრიკის ცხელ წერტილებში იარაღის მიწოდებაზე.

2005 წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ბუტის წინააღმდეგ, ხოლო ვიქტორ ბუტის გვარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ბრძანებით შევიდა იმ პირთა სიაში, რომელთა საბანკო ანგარიშებიც უნდა გაიყინულიყო. პარალელურად გაეროს სანქციების კომიტეტს გადასცეს ინფორმაცია იმ 30 ფირმის თაობაზე, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ბუტთან. თუმცა ამერიკელების მიზანს ვიქტორ ბუტის დაპატიმრება წარმოადგენდა, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არ იყო: "სიკვდილით მოვაჭრე" ძალზე ფრთხილად მოქმედებდა. ამიტომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს "მართვადი პროვოკაციის” სპეცოპერაცია ვიქტორ ბუტის წინააღმდეგ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რომელთა თანახმად ბუტს ბრალი ედება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მონაწილე მხარეებისთვის იარაღის მიწოდებაში. მათი მტკიცებით ვიქტორ ბუტი მონაწილეობას იღებდა აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის მიზნით მოწყობილ შეთქმულებასა და ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბუტი რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით თუ არა, მათი ნებართვით (და დავალებით) მაინც მოქმედებდა.

იმ წლებში რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი კურირებდა იარაღის ექსპორტს და მისი ყველა საზღვარგარეთული ვიზიტი იარაღის ექსპორტთან იყო დაკავშირებული. ძნელი წარმოსადგენია როგორ მოახერხებდა ბუტი თანამედროვე რუსული იარაღით ვაჭრობას (მით უფრო დსთ ქვეყნებიდან, სადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ყველა "გაფაჩუნება" იციან), თუ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებიდან არ ჰქონდა ნებართვა.

აშშ-ის სპეცსამსახურებში ვარაუდობენ, რომ ბუტის უკანონო საქმიანობის უკან იდეოლოგიური მოტივებიც იყო: ის აშშ-ის წინააღმდეგ იყო განწყობილი.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურდა ბუტს კოლუმბიის ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფება ფარკ-ისთვის "ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტების მიყიდვა. ამერიკელებს ეჭვი აქვთ, რომ რუს "ბიზნესმენს” სურდა კოლუმბიელ ტერორისტებს ამერიკული თვითმფრინავები ჩამოეგდოთ.

ფაქტია, რომ ბუტს ხელი მიუწვდებოდა ისეთი იარაღის სახეობებზე, რომელთა შოვნა შავ ბაზარზეც არაა იოლი. საინტერეოსოა თუ როგორ ახორციელბდა ის გარიგებებს?

რა თქმა უნდა, როდესაც ის თვითმფრინავიდან ფარკ-ისთვის ყრიდა "კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატებს, ეს არაფერი განსაკუთრებული არ იყო. ასეთი ავტომატების შოვნა არაა პრობლემა. მაგრამ როცა ლაპარაკია "მიწა-ჰაერი” ტიპის გადასატან რაკეტებზე, ეს განგაშის საფუძველს იძლევა. ასეთი შეიარაღება მკაცრად კონტროლდება და მათი შოვნა ძალიან რთულია - აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები.

აშშ-ის პროკურატურამ ვიქტორ ბუტისა და მისი საქმიანი პარტნიორის, ენდრიუ სმულიანის წინააღმდეგ სხვა სამხილთან ერთად წარმოადგინა აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც ბუტისა და სმულიანის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. DEA-ას თანამშრომელმა დეტალურად აღწერა სპეცოპერაცია, რომელიც 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. უცხოეთის მასმედიის ინფორმაციით ამ პერიოდში ბრიტანეთის მოქალაქე ენდრიუ სმულიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების გაცხადებით ვიქტორ ბუტი იარაღს აწვდიდა ავღანელ "თალიბებს” და კოლუმბიაში ფარკ-ის დაჯგუფების წევრებს. იმის მიუხედავად, რომ ინტერპოლმა ბუტის დაკავებაზე ორდერი გასცა და მისი დაკავების რამდენიმე მცდელობაც იყო, ბუტმა მაინც მოახერხა ხელიდან დასხლტომა. ბრიტანეთის სპეცსამსახურების მცდელობა, ბუტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაეკავებინათ, აგრეთვე წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ საქმეში უშუალოდ ამერიკელები ჩაერთვნენ და ე.წ. "მართვადი პროვოკაციის” ოპერატიული გეგმის განხორციელებას შეუდგნენ.

ამ მეთოდს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ძალზე აქტიურად იყენებს მაღალჩინოსან მოხელეებში კორუფციის გამოვლენად.

არაბი შეიხის მოსასხამში გადაცმული გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები უახლესი იარაღის შესასყიდად დახმარების სანაცვლოდ ათი ათასობით დოლარის ქრთამს სთავაზობდნენ კონგრესის წევრებს, პენტაგონის ჩინოვნიკებს და თან ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერებს აწარმოებდნენ. ამ პროვოკაციას წამოგებულ პირებს წინ დიდი უსიამოვნებები, თვით დაპატიმრების ჩათვლით, ელოდათ.

ანალოგიური ოპერაცია დაგეგმა აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ, რომელიც ამავე დროს იარაღის არალეგალური ვაჭრობის ფაქტებსაც ებრძვის, ვიქტორ ბუტის დაკავების სანქცია მიიღო და 2008 წლის მარტში, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ვიქტორ ბუტი ბანგკოკში დააკავეს. ზემოთ დასახელებული სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც თავს კოლუმბიის ტერორისტული დაჯგუფება ფარკ-ის წევრებად ასაღებდნენ, ოპერაცია ისე დაგეგმეს, რომ ბუტი დაეთანხმებინათ ფარკ-ისთვის იარაღის მიწოდებაზე. პირველი შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაითქვა.

ამერიკელები იმედოვნებდნენ, რომ ბუტი პირადად ჩავიდოდა ბუქარესტში, რათა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომელიც ეხებოდა ფარკ-ისთვის ისეთი იარაღის მიყიდვას, როგორიცაა საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები და "მიწა-ჰაერი” კლასის უახლესი რაკეტები.

ამ გარიგების მიხედვით, ყველა ამ ტიპის იარაღში ბუტი 15 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ არ შეუშვა ბუტი ქვეყანაში, რადგან მას ადრე სავიზო დოკუმენტებთან ჰქონდა პრობლემები.

უკანასკნელ მომენტში ბუტს შეხვედრის ადგილად შესთავაზეს ბანგკოკი. ამ ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბოლოს და ბოლოს მიიღეს საჭირო მტკიცებულებები. მათი განცხადებით ბუტი მზად იყო მიეყიდა მათთვის ყველაფერი, რასაც ისინი მოისურვებდნენ. მისთვის ეს ბიზნესი იყო და სულ არ ადარდებდა, რომ ამ იარაღის გამო შეიძლებოდა უდანაშაულო ადამიანები დაღუპულიყვნენ. ვიქტორ ბუტი დაკავება უპრობლემოდ მოხდა.

beso5-1660026480.jpg
ვიქტორ ბუტი ბანგკოკში

"იარაღის ბარონმა” ბევრი საიდუმლო იცის. ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ბუტი ჩვენებების მიცემას დაიწყებდა, ეს პრობლემას შეუქმნიდა კონკრეტულ პირებს, რომელთა უმრავლესობა დღესაც რუსეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბუტს სერიოზული გარანტიები აქვს მიღებული რუსეთის ხელისუფლებისგან, რის გამოც ის არ წავიდა ამერიკელებთან საპროცესო გარიგებაზე. სწორედ ამით აიხსნება ის ფარული დიპლომატიური ბრძოლა, რომელიც გაიმართა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბუტის ექსტრდიციასთან დაკავშირებით.

2010 წელს, ბუტის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოცემულ მდგომარეობაში მოსკოვი ცდილობს არა იმას, რომ შური იძიოს აშშ-ზე, არამედ დაეხმაროს თანამემამულეს, რომელსაც აბსულუტურად უკანონოდ მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბუტი ფაქტობრივად არალეგალურად გადაიყვანეს აშშ-ში. "ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს აპელაციას, რომელსაც ბუტის ადვოკატები გეგმავენ და ყველა შემთხვევაში შევეცდებით, დავაბრუნოთ ის სამშობლოში. ჩვენ გვაქვს ამის სასამართლო ინსტრუმენტები აშშ-სთან”- აღნიშნა მაშინ ლავროვმა.

მსოფლიო იარაღის ბაზარი ("შავიც" და "თეთრიც") ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური სფეროა, სადაც ძალზე დიდი კონკურენციაა და სახელმწიფოების არამარტო ბიზნეს, არამედ პოლიტიკური ინტერესებიც იკვეთება. ამ ვითარებაში, იარაღის ოფიციალურ ექსპორტთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას სწორედ, რომ ვიქტორ ბუტისნაირი, ვითომ "თავისუფალი ავანტიურისტები" სჭირდება, რომლებიც არანაირ საერთაშორისო კონვენციას არად დაგიდებენ და თვით ეშმაკსაც კი მიჰყიდიან იარაღსა და სულს.

( პირველი ნაწილის დასასრული)