რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელები ამერიკულ თვითმავალ ნაღმსატყორცნებსაც ჩართავენ... - კვირის პალიტრა

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელები ამერიკულ თვითმავალ ნაღმსატყორცნებსაც ჩართავენ...

8 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის არმიას ახალი, ერთი მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცემა.

24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე ღიად შეიჭრა, აშშ-მა უკრაინას საერთო ჯამში (ამ ბოლო პაკეტის გათვალისწინებითაც) 9,1 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო 2014 წლიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და დონბასში ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ხელით საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო) უკრაინისთვის გაწეული ამერიკული სამხედრო დახმარების ოდენობა 11,8 მლრდ დოლარს "უკაკუნებს"...

ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს 75 ათასს ცალ 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვს, ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინის" ათას რაკეტას, 50 შეჯავშნულ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანას,120 მმ კალიბრის 20 სანაღმსატყორცნო სისტემას და ამავე კალიბრის 20 ათას ნაღმს, ასევე "ჰაიმარსისა" და საზენიტო "ნასამსის"დაუზუსტებელი რაოდენობის რაკეტებს და სხვ.

"ჰაიმარსისა" და "ნასამსის" გადასაცემი რაკეტების რაოდენობა რომ არ ზუსტდება, ადვილი გასაგებია, ისევ ისიც, რომ სპეციალურად მითითებულია 75 ათასი საარტილერიო ჭურვი, რითაც პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ საარტილერიო დუელებშში უკრაინელ არტილერისტებს საბრძოლო მასალას არ მოაკლებს...

მაგრამ ამხელა ციფრების გვერდით 20 ერთეული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის მოხსენება ცოტა უხერხულად მოჩანს, ეს ხომ მხოლოდ ხუთი სანაღმსატყორცნო ბატარეაა, თუმცა ამ ნუსხაში მითითებულია სიტყვა - სანაღმსატყორცნო სისტემა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ლაპარაკია არა ჩვეულებრივი ბუქსირებადი 120 მმ-იანი ნაღმსატორცნების, არამედ თვითმავალი ნაღმსატყორცნების გადაცემაზე...

აშშ-ის არმიის შეიარაღებაში ორი ტიპის 120 მმ-ანი თვითმავალი სანაღმსატორცნო სისტემაა.

2-1660031793.jpg
მუხლუხებიანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი M1064A3

პირველი შედარებით მოძველებული M113 ტიპის მუხლუხებიანი ჯავშნტრასპორტიორის ბაზაზე შექმნილი M1064-ია. 1964 წლიდან მოყოლებული ამ სისტემის სხვადასხვა მოდიფიკაციის სულ 2 252 თვითმავალი ნაღმსატყორცნი დამზადდა, რომელთაგან დღეს შეიარაღებაში ამერიკულ არმიასა და ეროვნულ გვარდიას 1 076 ერთეული M1064A3 ერიცხება.

მეორე თვითმავალი ნაღმსატყორცნი M1129 (441 ერთეული) კი ამერიკული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში "სტრაიკერების" მსუბუქი ბრიგადების შესაიარაღებლად შეიქმნა "სტრაიკერის" რვაბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ შვეიცარიული ჯავშანტრანსპორტოირის Piranha 3-ის ამერიკულ კლონს წარმოადგენს.

3-1660031813.jpg
ბორბლებიანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი M1129

ორივე მათგანზე ყენდება ისრაელის წარმოების "სოლტამის" ტიპის 120 მმ-იანი კალიბრის ნაღმსატყორცნი და გასროლები უშუალოდ ამ ჯავშანმანქანების კორპუსის შიგნიდან ხდება, რისთვისაც გაძლიერებულია ჯავშანკორპუსის ფსკერი, ასევე, შესაძლებელია, ნაღმსატყორცნის მოხსნა და სროლის გაგრძელება უშუალოდ გრუნტიდან, ნაღმსატყორცნის საყრდენი ფილა ჯავშნტრანსპორტიორებს თან დააქვთ.

ეს თვითმავალი ნაღმსატყორცნები 120 მმ-იან ნაღმებს 6,8-7,2 კმ მაქსიმალურ მანძილზე ისვრის და ამ პარამეტრით არაფრით განსხვავდებიან ბუქსირებადი ნაღმსატყორცნისგან, მაგრამ სამაგიეროდ, სამი დიდი უპირატესობა აქვს - მაღალი მობილურობა (განსაკუთრებით ბორბლებიან "სტრაიკერს") საშუალებას აძლევთ საცეცხლე პოზიცია სწრაფად დატოვონ და არ გახდნენ მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო საპასუხო დარტყმის სამიზნეები, თან გადააქვთ 60-69 ნაღმის მარაგი და მათი კორპუსები შეჯავშნულია, რაც ეკიპაჟის ცეცხლსასროლი იარაღის არაჯავშანგამტანი ტყვიებისგან და რამდენიმე მეტრის დაცილებით აფეთქებული 120 მმ -იანი ნაღმების ნამსხვრევებისგან იცავს.

უკრაინის ფრონტზე, სადაც პირველად მსოფლიო ომების ისტორიაში, ბრძოლის ველი გადაჯერებულია დიდი და პატარა სადაზვერვო თუ კამიკაძე დრონებით, სასიცოცხლოდ აუცილებელია არტილერიის მაღალი მობილურობა, ამიტომაც თუკი უკრაინელმა არტილერისტებმა ზემოთ ნახსენები ორი ტიპის ამერიკული თვითმავალი ნაღმსატყორცნიდან ერთ-ერთი, თუნდაც ასეთი მიზერული რაოდენობით მიიღეს (რაოდენობის გაზრდას მომავალში არაფერი უშლის ხელს, მთავარია ამის სურვილი იყოს ოკეანისგაღმიდან), ეს მათ გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს ახლო მანძილზე ბრძოლებში.

4-1660031834.jpg
„დელტას“ ექსპერიმენტი-„მანის“ ძარაზე შექმნილი 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი GMM-120

პ.ს.

საქართველოში, "დელტაში" რამდენიმე წლის წინ აწყობილი და გამოცდილი იყო 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი, რომელიც ორიგინალური კონსტრუქციის ნაღმსატყორცნიდან (რომელსაც შემცირებული ჰქონდა გასროლისას წარმოქმნილი უკუცემის იმპულსი), უშუალოდ მანქანის ძარიდან ისროდა.

5-1660031856.jpg
„დელტას“ „დიდგორი-მეომარი“ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნით

შემდგომში "დელტას" კონსტრუქტორებმა უფრო პერსპექტიულად ჩათვალეს თვითმავალი ნაღმსატყორცნის შექმნა ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარის" ბაზაზე, სადაც 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი "დიდგორის" კორპუსის ბოლოშია დამონტაჟებული და თავის საყრდენ ფილასთან ერთად ჰიდრავლიკის საშუალებით გრუნტზე ეშვება, შესაბამისად, გასროლისას რამდენიმე ათეულტონიანი უკუცემის იმპულსს არა ამ ჯავშანმანქანის სავალი ნაწილი იღებს, არამედ გრუნტი...