აივნების კონკურსის გამარჯვებული მეათე სართულიდან - კვირის პალიტრა

აივნების კონკურსის გამარჯვებული მეათე სართულიდან

„მეათე სართული არ გაძლევს ყველა მცენარის გახარების საშუალებას. არსებობენ აივანზე მოყვავილე მცენარეები და ღია გრუნტის მცენარეები, ამიტომ ცოტა შეზღუდული ვარ. თუმცა შენი ნიშის შექმნა მაინც შეგიძლია. მცენარეების გარდა, გაფორმების სხვადასხვა ელემენტიც მაქვს შეტანილი, კომპოზიციები მაქვს შექმნილი“

როცა ბუნება და გარემოზე ზრუნვა გიყვარს, შესაძლებელია გასაოცარი მწვანე "ეზო" თბილისის შუაგულში, მრავალსართულიანი სახლის მეათე სართულზეც მოაწყო. თამუნა ნასყიდაშვილმა ეს მართლაც შეძლო და სანამ მისი გემოვნებით მოწყობილ აივანზე ვისაუბრებდეთ, მანამდე თავად ქალბატონ თამუნას გაგაცნობთ. პროფესიით პიარტექნოლოგია, ამბობს, რომ პროფესია დიდი ხნის წინ აირჩია, როცა ეს სფერო ჩვენში ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, ვხვდებოდი, მომავლის პროფესია რომ იყოო. პროფესიის არჩევა კი იმან განსაზღვრა, რომ ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამ დარგის სპეციალისტისთვის კი ეს უმთავრესი თვისებაა.

"ადრე გავთხოვდი, ორი შვილი შემეძინა. სამსახური არსად დამიწყია, მინდოდა შვილები თვითონ აღმეზარდა. თუმცა პარალელურად სულ ვახერხებდი სწავლა-განვითარებას, ათასგვარ ტრენინგს, კურსს გავდიოდი. მეუღლეც ძალიან მეხმარებოდა", - მოგვითხრობს რესპონდენტი.

aivani3-1660045922.jpg

- ბუნების უსაზღვრო სიყვარული ოჯახიდან მომყვებოდა. თუმცა ქართველებს ბუნების სიყვარული გენეტიკურ კოდში გვიდევს. ვაჟას შთამომავლები ვართ და გენიოსმა ჯერ როდის თქვა: "ჩვენ ბუნებაში ვართ - იგი ჩვენშია". უბრალოდ, არცთუ მარტივმა ყოველდღიურობამ, გადარჩენაზე ზრუნვამ ჩვენში ეს ყველაფერი ჩაახშო, მიგვავიწყდა, რაც ხელახლაა აღმოსაჩენი.

- ეს სიყვარულია, რამაც თქვენი აივანი შეგაქმნევინათ?

- ეს აივანი ჩემი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა... მოხარული ვიქნები, თუ ამ იდეას თუნდაც ჩემს კორპუსში ვინმე აიტაცებს. ერთმანეთს მივბაძოთ და ისეთ რაღაცებში შევეჯიბროთ, რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია. გამიხარდება, თუ პატარა წვლილს შევიტან აივნების განვითარების კულტურაში ამ მაგალითით, რომ ქალაქის ცენტრში, შუაგულ თბილისში, მეათე სართულზე "ეზო" მოვაწყვე.

- დიახ, გარემოზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ეს ჩვენი მოვალეობაცაა.

- ბიზნესში არის ასეთი სტრატეგია - სოციალური პასუხისმგებლობა, ჩათვალეთ, რომ ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა ჩემს აივანში ჩავდე. საზოგადოების წინაშე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თითო-თითო ნაბიჯით უნდა ავიღოთ, ეს ქვეყანასაც წაადგება. ბუნების სიყვარულით, მასთან შეთავსებით, კეთილი მარცვალი საზოგადოებრივ საქმეში უნდა ჩავდოთ.

aivani4-1660045883.jpg

- თქვენი "სამოთხე" 18 კვადრატში შექმენით - მცენარეებს რის მიხედვით არჩევთ?

- არ გამოვირჩევი ისეთი მცენარეებით, დენდროლოგიური პარკი რომ დაიკვეხნის. მეათე სართულიც არ გაძლევს ყველა მცენარის გახარების საშუალებას. არსებობენ აივანზე მოყვავილე მცენარეები და ღია გრუნტის მცენარეები, ამიტომ ცოტა შეზღუდული ვარ. თუმცა შენი ნიშის შექმნა მაინც შეგიძლია. მცენარეების გარდა, გაფორმების სხვადასხვა ელემენტიც მაქვს შეტანილი, კომპოზიციები მაქვს შექმნილი.

მცენარეებს იმის მიხედვით ვარჩევ, რომ ქვემოდან, გზიდანაც შეიძლებოდეს მათი დანახვა, - ჩანდეს, რომ აივნის პატრონი მცენარეებს პატივს სცემს და იქნებ სხვებმაც მომბაძონ. იცით, რამხელა მოტივაციაა, რომ ვიღაცამ ჩემგან მაგალითი აიღოს? თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს ყველაფერი საკუთარი სიამოვნებისთვის მაქვს.

- აქედან შესანიშნავი ხედია, ალბათ, აივანზე დიდ დროს ატარებთ.

- ხუთი წელიწადია აქ ვცხოვრობთ და ამ აივანმა აბსოლუტურად ყველა ლოკაცია ჩაანაცვლა, რაც კი თბილისში არსებობს. 17 წელიწადია კუს ტბაზე თითქმის ყოველ დილით მივდივარ. მას შემდეგ, რაც ოჯახს მივხედავ, ამისთვის 2 საათი მაქვს განსაზღვრული, შემდეგ კი ჩემთვის ეს სივრცე სავსებით საკმარისია, მინდა "კოფიტაიმი" მექნება, მინდა ვისადილებ, საღამოს განათებებიც მაქვს და სასიამოვნო მუსიკას ჩავრთავ... ჩემმა მეუღლემ აქაურობას მტკვრის ხეობა შეარქვა, ასეც არის, მტკვრის პირას ვართ. მოკლედ, როცა ამ აივანზე ვარ, სხვაგან წასვლის სურვილი არა მაქვს, მეგობრები პირიქით, აქეთ მოდიან. აქ ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს მეც და ოჯახის წევრებსაც.

მზე ჩვენს აივანს 12 საათამდე ანათებს, მერე უკანა მხარეს გადადის. ეს ჩემი მცენარეებისთვის იდეალურია, მზე მუდმივად არ აცხუნებს. ისმის მტკვრის ხმა, შიგადაშიგ მამლების ყივილიც (ფერდობებზე სახლებია შეფენილი), ჩიტების ჭიკჭიკი...

- მცენარეები მშვენივრად გამოიყურება, როგორ უვლით?

- მცენარე ცოცხალი არსებაა, რომელიც შენს ემოციებს გრძნობს. თუ არ გიყვარს, ვერაფრით გაგახარებს და ყველაზე მეტი "ჯადოქრობა" ამაში ძევს.

ჩვენი სამყარო, გარემო იმდენად არის დაბინძურებული, მცენარეებს აუცილებლად სჭირდება შხამქიმიკატები და წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ, ორჯერ, დეკორატიულ ბუჩქებს ვწამლავ. მიწას წელიწადში ერთხელ მაინც ვანოყიერებ. გადარგვა, გასხვლა-დავარცხნა, მათი დასუფთავება ჩვეულებრივი პროცედურებია. დილას, როცა დიდი სიცხეა, აუცილებელია ფოთლების დანამვა, გრილი წყლის შესხურება. მცენარეებს ზრუნვა და მოფერება სჭირდებათ, რომ მათგან მივიღოთ დიდი სიყვარული, რომელსაც გასცემენ. ყველაზე დიდი "ფილოსოფია" ადამიანსა და მცენარეს შორის ის არის, რომ ისინი უანგარონი არიან - შენგან ძალიან მცირეს ითხოვენ. გავცეთ სითბო და მივიღებთ დადებით ენერგიას, რომელსაც სხვებსაც გავუნაწილებთ.

aivani2-1660045882.jpg

- მგონი, მარადმწვანე მცენარე უფრო მეტია?

- დიახ, დეკორატიული ბუჩქები ჭარბობს... ყველა მცენარეს ზამთარში გარეთ ვტოვებ, ლიმონსაც კი, მხოლოდ პელარგონია და ამპელური ბალბები შემაქვს ოთახში, როდესაც გარეთ 4-5ოჩ-ზე დაბალია ტემპერატურა. რაც შეეხება ბაღის მცენარეებს, ზოგჯერ ვთესავ, ყვავილობით რომ გამახარებს, მერე ისევ თესლებს გაიკეთებს. ასე მონაცვლეობით ვუვლი ამ ყველაფერს.

როცა სიცხეა, დილა-საღამოს ვრწყავ. ისეთი მცენარეები მაქვს, ყველას წყალი სჭირდება, თან ხეობა რომ არის, ნიადაგი ადვილად ნიავდება და შრება. ბოტანიკოსები ამბობენ, მცენარეს ბევრ წყალს რომ მიაჩვევ, იმდენივეს მოგთხოვსო. ჩემს მცენარეებს ვათამამებ. ისე, თვითონაც იქცევენ ყურადღებას და გეუბნებიან, გაგრძნობინებენ, წყალი სჭირდებათ თუ არა.

- ცოტა ხნის წინ თქვენმა აივანმა კონკურსში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაისაკუთრეთ.

- დიახ, "მწვანე პროექტმა" "თბილისური აივნის" კონკურსი გამოაცხადა, რის შესახებაც ინტერნეტში ინფორმაცია დაიდო. სამი ფოტო გავგზავნე, საიდანაც ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. კონკურსი 4 ივლისს დაიწყო და 15-ში დასრულდა. ძალიან მოტივირებული ვიყავი. წამოვიდა ლაიქები, მაგრამ მხოლოდ მოწონების რაოდენობაზე არ იყო დამოკიდებული გამარჯვება. ჟიური მუშაობდა, ადგილზე მოდიოდა და შერჩეულ აივნებს ნახულობდა.

- რომლებიც თვითონაც მოეწონათ და ხალხსაც?

- დიახ. ყველას დეტალურად ამოწმებდნენ. აივანს სამი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა: მცენარეების მდგომარეობა, აივნის ხედი და ავტორის შემოქმედებითობა. ჩემმა აივანმა სამივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა, არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ ყოფილა... არა მაქვს იმის ამბიცია, რომ იმ 140 კონკურსანტს შორის ნამდვილად პირველი ვარ, მაგრამ ასე მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რადგანაც დიდი ენერგიით დამმუხტეს. ახლა მეორე პროფესიის შეძენაზეც ვფიქრობ, მებაღეობის კოლეჯში დიზაინის შესწავლა უნდა დავიწყო. უკვე დავრეგისტრირდი. ერთადერთია, სადაც ამ საქმეს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლები. მიხარია, რომ ამ დარგის განვითარებაში პატარა წვლილს მეც შევიტან.