როგორ ვებრძოლოთ მენაღმე ჩრჩილსა და სხვა მავნებლებს - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ მენაღმე ჩრჩილსა და სხვა მავნებლებს

სოფლის მეურნეობის კულტურებზე ახალი სახეობის მავნებლების გაჩენა სამწუხარო რეალობაა. მსოფლიო ჩაკეტილი ვერ იქნება, მავნებელი კი დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში სხვადასხვა გზით შეიძლება გავრცელდეს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებით ან საკუთარი სვლით. მწერების შემოსევით პრობლემები მთელ სოფლის მეურნეობას, ყველაზე მეტად კი წვრილ ფერმერებსა და გლეხობას ექმნება. მსხვილი ფერმერებისგან განსხვავებით, ბევრ მათგანს არა აქვს საშუალება მუდმივი კონტაქტი იქონიოს აგრონომებთან ან სოფლის მეურნეობის სხვა სპეციალისტებთან, რომლებიც რიგ რაიონებში ისედაც ნაკლებად არიან. ბოლო დროს გავრცელებულმა კიტრის თუ პამიდვრის დაავადებებმა სოფლად ბევრ მეურნეს ააღებინა მათ გაშენებაზე ხელი - დახარჯული შრომის სანაცვლოდ, კულტურა არა მსხმო­იარობას, არამედ დაკნინებასა და გახმობას იწყებს. ამას უმეტესად მეურნეებისთვის უცნობი მავნებლები განაპირობებს. ბიოლოგიური მეცნიერების ცნობილ სპეციალისტსა და არაერთი ბიოლოგიური პრეპარატის ავტორს კარლო კიკორიას სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

- ბატონო კარლო, როგორც წესი, მეურნეებს მავნებლებთან ბრძოლა ათეული წლების განმავლობაში აქვთ ნასწავლი, მაგრამ როდესაც ვერ ცნობს მავნებელს, მაგალითად, ვერ აუხსნია, რატომ ჭკნება პამიდვრის ფოთოლი, რომელიც რამდენჯერმე შეწამლა, ეს იმდენად აბნევს, რომ კულტურის გაშენებაზეც კი იღებს ხელს. ამას რა ეშველება?

- მხოლოდ ის ეშველება, რომ რამდენი ახალი მავნებელიც გამოჩნდება, მათ შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს მაშინვე უნდა ვკითხოთ და მათ რჩევებზე დაყრდნობით ვებრძოლოთ. რეგიონებში ასეთი სპეციალისტების პოვნა სპეციალურ ცენტრებშიც შეიძლება. მესმის, რომ ზოგიერთ სოფლის მცხოვრებს მათთან მისვლა უჭირს, თუმცა არა მგონია, ეს იმაზე ძნელი იყოს, ვიდრე საკუთარი განადგურებული ნაშრომის ცქერაა. თუნდაც პამიდვრის მაგალითი მოვიყვანოთ. ბოლო დროს გამოჩნდა მავნებელი, რომელსაც სპეციალური საშუალება სჭირდება გასანადგურებლად, მაგრამ თუ მეურნემ არ იცის, რასთან აქვს საქმე, მაშინ რა გაანადგუროს? მაგალითად, ასეთია პამიდვრისა და კარტოფილის ჩრჩილი, ე.წ. მენაღმე ჩრჩილი. მისთვის მასტიმულირებელ ფაქტორს სწორედ ის გრილი ამინდები და წვიმები წარმოადგენს, რაც ბოლო ხანს იყო დასავლეთ საქართველოში. ამიტომაც ამ ჩრჩილმა ბევრს გაუნადგურა პამიდვრის მოსავალი. მენაღმე ჩრჩილი მხოლოდ 2008 წელს შევიდა თურქეთში და ძალიან სწრაფად გამრავლდა - წელიწადში 10-12 თაობის მოცემა შეუძლია. მენაღმე კვერცხს პამიდვრის ფოთლებზე დებს და ამ კვერცხიდან გამოჩეკილი ლავრები მაშინვე მიძვრებიან პამიდვრის ნაყოფში, ფოთლებში ან ღეროში, რომლებითაც იკვებება და ვითარდება. ამ დროს პამიდვრის ნაყოფიცა და მისი ღეროც იხვრიტება. ფოთოლს პირველ ხანებში არაფერი ეტყობა, თუმცა, მალე ისიც ხმება. კარტოფილში ამ მწერს შედარებით ვიწრო ასპარეზი აქვს - მხოლოდ მიწისზედა, მწვანე ნაწილს აზიანებს, რაც საბოლოოდ ბოლქვების დაზიანებით მთავრდება.

- ანუ საკმაოდ საშიში მავნებელია, რაც ეტყობა კიდეც სოფლის ბაღჩა-ბაღებს. რით შველიან?

- საუკეთესო შემთხვევაა, თუკი შესაბამის სავაჭრო ობიექტებში შესაბამისი სპეციალისტი მუშაობს და თუნდაც დაზიანებული მცენარის მცირე ნაწილის დათვალიერების შემდეგ პრეპარატს შეარჩევს. თუმცაღა როგორც ბიოაგროსპეციალისტი პირველ რიგში ბიოლოგიური საშუალების გამოყენებას ვურჩევდი. ეს გახლავთ მეგობარ ბაქტერიებზე დამზადებული ლეპიდინი, რომელიც არანაირ ქიმიურ ნივთიერებას არ შეიცავს. გარდა იმისა, რომ პამიდორს იცავს, იგი სავსებით უვნებელია როგორც ადამიანისთვის, ასევე ფუტკრისთვისაც, რომლისთვისაც ზოგიერთი ქიმიური საშუალება საშიშია. თუმცა, როცა მავნებელი განუსაზღვრელი რაოდენობით არის გავრცელებული, პამიდორი ქიმიური საშუალებებითაც უნდა შეიწამლოს, მაგალითად, "აქტელიკითა" და "პროკლეიმით".

- სოფლად კიტრი ყოველთვის შედარებით ადვილად მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებია ისიც ყვითლდება და ხმება. ამის მიზეზი რა არის?

- კიტრის ჭრაქი. ის ადრე ნაკლებად შეინიშნებოდა და მისი გავრცელების მიზეზი ისეთი გადაბმული წვიმიანი ამინდები გახდა, როგორიც წლეულს იყო დასავლეთ საქართველოში. კიტრს წყალი კი უყვარს, მაგრამ არა გადაჭარბებულად, რაც მისი ფოთლების გაყვითლებასა და ნაყოფის ცვენას იწვევს. როგორც კი მეურნე კიტრს სიყვითლეს შეამჩნევს, მაშინვე 1%-იანი ბორდოს ხსნარით უნდა შეწამლოს. ამისთვის 1 კილოგრამი ბორდოს ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი 100 ლიტრ წყალში იხსნება. შესაბამისად, 10 ლიტრ წყალში 100 გრამის გახსნა იქნება საჭირო (დღეს უკვე გვაქვს ბორდოს ხსნარის დასამზადებელი ფხვნილები, სადაც შერეულია საჭირო რაოდენობით შაბიამანი და კირი). თუმცა არა მგონია, მცირე მეურნეს იმდენი პამიდორი ჰქონდეს, რომ მის შეწამვლას ამ მოცულობის ესაჭიროებოდეს.

ბორდოს ხსნარი მავნებლებთან ბრძოლის საიმედო საშუალებად რჩება. თუმცა, როდესაც ჭრაქით ფოთლების დიდი ნაწილია დაზიანებული, გარდა შეწამვლისა, ფოთოლიც უნდა გამოიკვებოს კიდეც. ამისთვის კი ბუნებრივი საშუალება "ორგანიკაა". ფოთლების საკვებად შეგვიძლია მისი 1%-იანი ხსნარი ვიხმაროთ. ანუ 100 ლიტრ წყალში 1 ლიტრი ორგანიკა უნდა გავხსნათ. მცენარის ფესვებისთვის კი 2%-იანი ხსნარი გვესაჭიროება. ანუ უკვე 2 ლიტრი "ორგანიკა" გავხსნათ 100 ლიტრ წყალში და ფესვებში მივასხუროთ მცენარეს.

- სხვა ახალი მავნებელი თუ შემოიჭრა ჩვენს სოფლის მეურნეობაში?

- სამწუხაროდ, ამას ვერ ავიცილებთ. მაგალითად, ორი წლის წინ ზესტაფონში გამოვლინდა ყურძნის შავი სიდამპლე, რომელიც მარცვლებს აშავებს და ანადგურებს. სხვათა შორის, ეს დაავადება ადრეც არსებობდა, მაგრამ ამხელა ზიანის მოტანა არ შეეძლო. წინა წლებში მხოლოდ ყურძნის შეთვალებისას იწყებოდა და თუკი მეურნე ფხიზლად იქნებოდა და შავ მარცვლებს ყურძენს მოაშორებდა, მოსავლის დაზიანება უმნიშვნელო იყო. ამ ეტაპზე შავი სიდამპლე უკვე გაზაფხულზე, ყვავილობის დასრულებისთანავე იწყება და ყურძენს დამწიფებამდე აზიანებს. ამისთვის წამლობის ბიოლოგიურ მეთოდად შეგვიძლია გამოვიყენოთ "აგროკატენა", ქიმიურ საშუალებად კი უკვე ნახსენები პრეპარატები, რომლებიც აგროსავაჭრო ობიექტებში იყიდება. მათ შეიძლება დაემატოს "კომფიდორ მაქსიც", რომელიც შავ სიდამპლესთან ბრძოლის კარგ საშუალებად ითვლება.