ბეტონის ქარხანა სახლებს შორის - მცხეთის მერიის მიერ 2-ჯერ დაჯარიმებული კომპანია საქმიანობას ისევ აგრძელებს
საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში რამდენიმე თვეა, სახლებს შორის ბეტონის ქარხანა ფუნქციონირებს. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და მიმართვის შემდეგ, მერიაში აცხადებენ, რომ პიროვნება ორჯერ დააჯარიმეს და მათი კომპეტენცია ამით ამოწურულია.
ქარხანა კი სამეწარმეო საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა რეესტრში ფაქტობრივ მფლობელზე, ლევან აფციაურზე არავითარი ჩანაწერი არ იძებნება.
ჯიღაურაში მცხოვრებთა შორის ერთ-ერთია ბიზნესმენი, „აზიმუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც ქარხნის ფუნქციონირებას აქტიურად აპროტსტებს. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ბიზნესმენი აცხადებს, რომ უკანონო მშენებლობას ემატება მუქარის და სიტუაციის არასამართლერივად მოგვარების მცდელობა ლევან აფციაურის მხრიდან.
„საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში, სადაც ,,ქართუს“ ცნობილი სანერგე მეურნეობა იყო, ბოლო წლებში გაჩნდა ახალი დასახლება, სადაც 45-მდე ოჯახი ვცხოვრობთ. ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ყველანი ვიყავით ძალიან ბედნიერი. მათ შორის, თბილისიდან საცხოვრებლად გადასული ადამიანები ვართ.
დაახლოებით 6 თვის წინ შევამჩნიეთ კონსტრუქცია, უშუალოდ ჩემი სახლიდან 146 მეტრის მოშორებით. ვიკითხეთ, რას აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს არის საწარმო, რომელიც ჭრის ქვას და შემდეგ გადაურევს ბეტონის მასასთან და მერე იწყება ამის ჩასხმა მანქანაში. ეს კი დასახლებულ პუნქტში წარმოუდგენელი ამბავია. რეაგირება გვქონდა მყისიერად.
მივმართეთ მცხეთის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ არის უკანონო და აუცილებლად მოხდებოდა სანქცირება. ამის მერე წავედით სასამართლოში, რადგან მფლობელი ლევან აფციაური იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მას ამ ქვეყანაში ყველაფერი შეუძლია და თავისი კონტაქტებით აუცილებლად აამუშავებდა საწარმოს. ამასობაში, ჩვენ სახლებზე პარკები გვაქვს გადაკრული, რადგან ცხოვრება შეუძლებელია“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, მცხეთის მერიის მხრიდან უკანონოდ იქნა ნებართვა გაცემული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვა პირველი კლასის მშენებლობაზეა, ბეტონის ქარხნისთვის კი, მეხუთე კლასია აუცილებელი.
,,არსებულიდან გამომდინარე, ორშაბათს შეგვქონდა სარჩელი და პარასკევს, ჩუმად მცხეთის მერიამ გასცა პირველი კატეგორიის ნებართვა. რაც, ასევე არასაკმარისია მსგავსი საწარმოს ფუნქციონირებისთვის, თუმცა მაინც, რაღაც დოზით ლეგალიზაცია მოახდინეს. თურმე, ეს მათთვის აპრობირებული პრაქტიკაა.
ყველა გონივრული ვადა მივეცით და ვამბობდით, რომ მცხეთის მერიაა ზედამხედველი ორგანო და მათ უნდა მოეხდინათ დემონტაჟი. ამის პასუხად მცხეთის მერმა, მესამე ადამიანის საშუალებით შემომითვალა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენი მხარე დაიჭიროს, მაგრამ ვიღაცებს ,,ვერ ახტება“. ჩემი პოზიცია უკვე ნათელია და რადაც უნდა დამიჯდეს, როგორ სამართლებრივ გზადაც ყველაფერს გავაკეთებ აუცილებლად.
მფლობელი, ლევან აფციაური არაერთგზისაა დაჯარიმებული მსგავსი საქმიანობის გამო. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან სისხლის სამართალი საქმეა აღძრული. ჩემი უცხოეთში ყოფნის დროს, იგი შევარდა ჩემს კერძო საკუთრებაში, დედაჩემს და მცირეწლოვან ბავშვს ემუქრებოდა. არის სხვა მუქარებზეც საუბარი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გავასაჯაროვებ.
ამ ყველაფრის ფონზე, ეს დაწესებულება მუშაობს კვლავ აგრძელებს“, - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ. გააგრძელეთ კითხვა