"რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინისაგან დახმარება დროულად მიიღო" - კვირის პალიტრა

"რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინისაგან დახმარება დროულად მიიღო"

როგორ გადაარჩინა პუტინმა ერდოღანი: მოსკოვი ანკარას დროულად დაეხმარა

ამერიკულმა Bloomberg-მა, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების სოჭში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, გამოაქვეყნა სტატია-კომენტარი სათაურით - "რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინისაგან დახმარება დროულად მიიღო" (ავტორი - ონურ ანცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

"თურქეთის პრეზიდენტმა თავისი ძლიერების კრიტიკულ მომენტში რუსი კოლეგისაგან მხარდაჭერა მიიღო: ოთხსაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანკარა მოსკოვისაგან მიღებულ გაზის ღირებულებას ნაწილობრივ თურქული ლირებით გადაიხდის.

ეს ფაქტი რეჯეფ ერდოღანისთვის ვლადიმერ პუტინისაგან დიდი სიკეთის გაწევის ტოლფასია: რამდენადაც საყოველთაო (საპრეზიდენტო და საპარლამენტო) არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა, ხოლო რეჯეფ ერდოღანის რეიტინგი რეკორდულად დაბალ დონეზეა, მას ჰაერივით სჭირდება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზება - ძალიან რბილმა საფინანსო საკრედიტო პოლიტიკამ თურქულ ლირას მტკიცე საფუძველი გამოაცალა და ძალიან მერყევი გახადა.

ლირის კურსის დაცემა - თითქმის 50%-ით გასული წელთან შედარებით - ყველაფერს აძვირებს - საკვები პროდუქტებიდან - ენერგოპროდუქტებამდე. სამომხმარებლო ფასებმა 80%-მდე მოიმატა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

ნავთობ-გაზზე დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით, ენერგომატარებლების იმპორტი თურქეთს 70 მილიარდი დოლარი უჯდება, რაც, დაახლოებით, სამჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც შარშან დაიხარჯა.

ანალიტიკოსები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ თუ მთავრობა რამეს არ იღონებდა, მიმდინარე წლის დასასრულს ლირის კურსი კიდევ უფრო დაეცემოდა: ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ თურქეთის ხაზინას დოლარის შემოსავლები შეუმცირდება და საგარეო ვალების გადახდების დროც დგება.

მთავრობამ და ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გაფრთხილება ყურად იღო და - იღონა: რუსეთისგან მიღებული გაზის ფასის რუსული რუბლით გადახდა თურქეთს საშულებას მისცემს, ლირის კურსი სტაბილური გახდეს, თავიდან იქნას აცილებული ფასების მატების მორიგი ტალღა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებამდე.

გარდა ამისა, თურქეთის სავალუტო რეზერვებმა "ერთგვარი შვება იგრძნო" მას შემდეგ, რაც რუსულმა ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციამ - "როსატომმა" თავის თურქულ შვილობილ კომპანიას - Akkuyu Nükleer-ს დიდი რაოდენობით დოლარი გადაურიცხა "აქუიას" ატომური ელსადგურის მშენებლობის დასამთავრებლად, რომელიც მერსინის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მიმდინარეობს.

აშკარაა, რომ რეჯეფ ერდოღანი ბეწვის ხიდზე დადის.

ერთი მხრივ, თურქეთი - ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრები - გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. გარდა ამისა, ანკარა კიევს სამხედრო ტექნიკას უგზავნის, მათ შორის - მაღალეფექტიან უპილოტო საფრენ აპარატებს - "ბაირაქტრებს", ვლადიმერ პუტინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მეორე მხრივ, თურქეთმა თავი შეიკავა და არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს.

თურქ ლიდერს სურს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმ დროს, როცა დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს ტოვებენ, მაგრამ, პარალელურად, ცდილობს, რომ არ მოხდეს კავშირების სრულმასშტაბიანი გაწყვეტა ტრადიციულ პარტნიორებთან - ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ