ხანძარი, დივერსია თუ... მაინც სარაკეტო დარტყმა - რამ ააფეთქა რუსი ოკუპანტების აეროდრომი ყირიმში? - კვირის პალიტრა

ხანძარი, დივერსია თუ... მაინც სარაკეტო დარტყმა - რამ ააფეთქა რუსი ოკუპანტების აეროდრომი ყირიმში?

9 აგვისტოს, დღისით, მზისით, ყირიმის სანაპიროს პლაჟზე წამოწოლილი ათასობით დამსვენებელი მოულოდნელი აფეთქებების ხმებმა ზეზე წამოაგდო, ხოლო ცაში, მაღლა აღმართული შავი ფერის, აფეთქებების "სოკოები" რომ დალანდეს, ერთმანეთის გასწრებაზე ჰქონდათ საქმე - მათ სიახლოვეს საკის სამხედრო აეროდრომზე ცეცხლი მძვინვარებდა...

საკის აეროდრომი ისტორიაში იმითაც შევიდა, რომ 1945 წლის თებერვალში, იქ აშშ-ის პრეზიდენტის, რუზველტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ჩერჩილის თვითმფრინავები დაეშვნენ და რუზველტი და ჩერჩილი სტალინთან შესახვედრად გაემართნენ, იალტის კონფერენციის ჩასატარებლად.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ საკის სამხედრო აეროდრომი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა და მის კომპლექსზე "ნიტკაზე" სწავლებას გადიოდნენ საგემბანო ავიაციის პილოტები, მათ შორის - საავიაციო პოლკის მეთაური პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე, რომელმაც სამხედრო პილოტებიდან პირველმა განახორციელა "სუ-27კ" ტიპის საგემბანო გამანადგურებლის დასმა ავიამზიდ "თბილისზე", რომელსაც მალევე სახელი "ადმირალ კუზნეცოვად" შეუცვალეს.

1-1660125095.jpg
რუსი გენერლები საკის აეროდრომზე აფეთქებების ინფორმაციას ვერანაირად ვერ დამალავდნენ, რადგან ეს პლაჟზე მყოფმა ასობით დამსვენებელმა დააფიქსირა თავის მობილურ ტელეფონებზე

საკის სამხედრო აეროდრომი შემთხვევით ნამდვილად არ აღმოჩენილა პოტენციური სამიზნე, რადგან 24 თებერვლიდან მოყოლებული, ამ აეროდრომიდან ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ - მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც.

საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებამდე ორიოდე დღით ადრე გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოზე კარგად მოჩანს იქ განთავსებული თვითმფრინავები, მათ შორის - 14 ერთეული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ, 16 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, 6 ცალი Ми-8МТ ტიპის შვეულმფრენი და, ასევე, Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

დიდი ალბათობით, 9 აგვისტოსაც, როდესაც საკის აეროდრომზე თითქმის ერთდროულად 7-10 აფეთქება მოხდა, ზემოთ ჩამოთვლილი რუსული სამხედრო ავიაციის თითქმის იგივე შემადგენლობა იმყოფებოდა.

3-1660125121.jpg
საკის აეროდრომზე დამწვარი Су-24М ტიპის ბომბდამშენის ფრაგმენტები

რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური აფეთქებები ოკუპირებული ყირიმის ამ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც, წესით, რუს სამხედროებს ჰაერიდან, ზღვიდან თუ ხმელეთიდან ყველაზე დაცული უნდა ჰქონდეთ?

რუსეთის თავდაცვის სამინისტო დაჟინებით ამტკიცებს, რომ აეროდრომზე შემთხვევით გაჩნდა ხანძარი, რამაც მხოლოდ რამდენიმე ბომბისა თუ რაკეტის დეტონაცია გამოიწვია და საავიაციო ტექნიკა არ დაზარალებულაო, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად მოჩანს ჩამწვარი Су-24М-ის ნარჩენები...

გასაგებია, რომ შოიგუს უწყებას არაფრის დიდებით არ აწყობს იმის აღიარება, რომ საკის აეროდრომს უკრაინელებმა მიაყენეს დარტყმა, რადგან ეს რუსული საჰაერო თავდაცვის ან უსაფრთხოების სამსახურების სისუსტეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, საკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა თუ - უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა იყოჩაღა.

ამიტომაც, მოსკოვს აწყობს ყველაფერი ისევ ხანძარს დააბრალოს (ისევე, როგორც სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემთხვევაში) და პრესტიჟის შენარჩუნება სცადოს.

თავის მხრივ, არც უკრაინული მხარე იღებს თავის თავზე საკის აეროდრომზე თავდასხმას და რუს სამხედროებს დაცინვით ურჩევს, ხელი აიღონ ბომბების ახლოს სიგარეტის მოწევაზე...

მაგრამ მაინც რა შეიძლება მომხდარიყო საკის აეროდრომზე?

ეს აეროდრომი უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან არანაკლებ 200 კმ-ითაა დაშორებული, რაც გამორიცხავს "ჰაიმარსის" 84 კმ-ზე მფრენი მართვადი რაკეტების გამოყენებას, სამაგიეროდ, სრულიად დასაშვებად აქცევს 280 კმ ფრენის სიშორის მქონე "ნეპტუნისა" და "ჰარპუნის" ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების მიწვდომას...

ასევე, არ გამოირიცხება "გრომის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის გამოყენების შესაძლებლობაც, რომელიც საცდელი ეგზემპლარის სახით ჰქონდა უკრაინის არმიას ომის დაწყებამდე.

პ.ს. ანექსირებულ ყირიმში საკის აეროდრომზე აფეთქებების პარალელურად, თავდასხმა მოხდა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის, კურსკის ოლქის სამხედრო აეროდრომზეც, რაც ნადვილად სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა გადასატანი ნაღმსატყორცნის გამოყენებით.