"ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა" - კვირის პალიტრა

"ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა"

ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც მილიარდ ოთხას მილიონზე მეტი ჩინელის აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტი „უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედებაა“. როგორც ჭოუ ციენმა ასევე განმარტა, აღნიშნული ვიზიტით აშშ-მა „ერთი ჩინეთის პრინციპი“ დაარღვია.

„ნენსი პელოსი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით, ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ამით აშშ-მა აშკარად დაარღვია „ერთი ჩინეთის პრინციპი“ და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ აწარმოებდა. ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედება.

„ერთი ჩინეთის პრინციპი“ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. მიუხედავად ამისა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ტაივანთან ურთიერთობის აქტის და ე.წ. 6 გარანტიის მიღებით აშშ-მა „ერთი ჩინეთის პრინციპი არაერთხელ დაარღვია.

ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. იგი კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას ცდილობს. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ინარჩუნებს „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ და მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორც ჩინელები ვამბობთ, ქცევები სიტყვებზე უფრო ნათლად მეტყველებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში მძლავრ მესიჯს გზავნის, რომ აშშ მათ გვერდშია. ეს სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის პრინციპს“, ჩინეთ-აშშ-ის კომუნიკეს და აშშ-ის მიერ დადებულ პირობას. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ტაივანს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას ტაივანის სრუტეში კიდევ უფრო რთულს, სახიფათოს და არაპროგნოზირებადს გახდის“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

როგორც ჭოუ ციენმა განაცხადა, აშშ ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის განვითარების შეჩერებას და იგი ამახინჯებს, ცვლის და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის პრინციპს“.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტის პრინციპული საკითხი და თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა. პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაერო-ს წესდების გათვალისწინებული სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც მილიარდ ოთხას მილიონზე მეტი ჩინელის აღშფოთება გამოიწვია.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტაივანის სეპარატისტულ მთავრობას და აშშ-ს. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.