"რეჯეფ ერდოღანის სარისკო ორმაგი თამაში" - კვირის პალიტრა

"რეჯეფ ერდოღანის სარისკო ორმაგი თამაში"

ბრიტანულმა "ფაინენშელ თაიმსმა" (Financial Times) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით - "რეჯეფ ერდოღანის სარისკო ორმაგი თამაში", რომელშიც თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკაა გაანალიზებული დასავლეთთან და რუსეთთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებლობა მისცა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდორანს, რომ დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და მძიმეწონიანი პოლიტიკოსის - "საქმიანი კაცის" როლი გაეთამაშებინა.

რეჯეფ ერდოღანი ნამდვილად იმსახურებს ქება-დიდებას მოსკოვსა და კიევს შორის იმ შუამდგომლობის გამო, რომლის წყალობითაც უკრაინის შავიზღვისპირა ნავსადგურებიდან ხორბლის ექსპორტი დაიწყო. მაგრამ, იმავდროულად, იგი დაბეჯითებით ცდილობს რუსეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას. გასულ პარასკევს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული 4-საათიანი "ძალზე მეგობრული" შეხვედრის შემდეგ, დასავლეთის დედაქალაქები შეშფოთდნენ: ერთი მხრივ, ნატოს წევრი თურქეთი რუსეთთან კავშირებს აღრმავებს, მეორე მხრივ, თურქეთის ნატოელი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ. კრემლი ანკარის მეშვეობით დასავლეთის ემბარგოს გვერდის ავლას ცდილობს. აშკარაა, რომ თურქეთის ლიდერი რთულ და რისკიან თამაშს ეწევა.

რეჯეფ ერდოღანს ვლადიმერ პუტინთან უთანაბრო, "უსწორმასწორო" ურთიერთობა აქვს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მათი პრიორიტეტები სირიის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვანაირია;

მეორე - თურქეთი უკრაინის არმიას დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით - "ბაირაქტრებით" ამარაგებს, რაც მოსკოვისათვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალზე არასასიამოვნოა;

მესამე - თურქეთმა, აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთს სანქციები არ გამოუცხადა და ჩვეულებრივად აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას;

მეოთხე - თურქეთმა არ დაუხურა თავისი საჰაერო სივრცე რუსეთის კომერციულ ავიარეისებს, ანკარას სურს, რაც შეიძლება მეტი რუსი ტურისტი მიიზიდოს, ქვეყნის ხაზინის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის მიზნით (იყო დრო, როცა თურქეთში რუსი ტურისტები აღარ დადიოდნენ - სირიაში რუსული ავიაგამანდგურებლის ჩამოგდების შემდეგ, 2015 წელს - რის შედეგადაც თურქეთის ბიუჯეტმა დიდი ზარალი მიიღო).

ჯერჯერობით მთლიანად არ არის გარკვეული იმ კონკრეტული საკითხების სრული ჩამონათვალი, რაზედაც პრეზიდენტებმა სოჭში მოილაპარაკეს. ერთობლივ განცხადებაში საუბარია კავშირების გაღრმავებაზე ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, მრეწველობა, ფინანსები და მშენებლობა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ასევე, განაცხადა, რომ სოჭში მიღწეული შეთანხმების თანახმად, თურქეთი რუსული გაზის ფასს ნაწილობრივ რუბლებით აანაზღაურებს.

მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის ხუთი ბანკი რუსულ საგადასახადო ბარათებს - Мир-ის პლასტიკურ ბარათებს მიიღებს და მოემსახურება. ეს დიდი პლუსია თურქეთში ჩასული რუსი ტურისტებისათვის, რადგან Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს. დასავლეთის დედაქალაქებში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ Мир-ის გადახდის ბარათები სანქციების გვერდის ავლით იქნება გამოყენებული. მართალია, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოსდა, რეჯეფ ერდოღანი დათანხმდა თავისი რუსი კოლეგის წინადადებას საბანკო და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე რამე პრაქტიკული მტკიცებულებები არ არსებობს.

რეჯეფ ერდოღანს რუსული კაპიტალის თურქეთში "მიზიდვა-შეტყუების" საფუძვლიანი მიზეზები აქვს: მომავალ წელს ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამიტომ თურქი ლიდერის წინაშე, შეიძლება ითქვას, "ყოფნა-არყოფნის" საკითხი დგას - ფართოვდება საგარეო და საშინაო ვალებთან და ვალუტის კურსთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც ეკონომიკის მართვის სფეროში რეჯეფ ერდოღანის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომებითაც არის გამოწვეული. ინფლაციამ თურქეთში 24-წლიანი რეკორდი დაამყარა და ივლისში 79,6% შეადგინა. ლირა ბოლო 12 თვის განმავლობაში ორჯერ გაუფასურდა დოლართან მიმართებით. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ანკარას არ აქვს იურიდიული ვალდებულება აღებული, მიუერთდეს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მაგრამ მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაფართოება, სავარაუდოდ, თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში არსებულ უთანხმოებას გააძლიერებს, მით უმეტეს, რომ ანკარის პოლიტიკა ნატოელ მოკავშირეებში დიდი ხანია, არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, თუნდაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით. რეჯეფ ერდოღანის პოზიცია დასავლეთს ხელს უშლის სანქციების გაფართოებაშიც. თუ თურქეთის გამო ემბარგო ეფექტიანი არ იქნება, მაშინ გამოდის, რომ დასავლეთს დიდი ჯაფა და ოფლის ღვრა მოუწევს, გააკონტროლოს სიტუაცია ჩინეთთან მიმართებით. მართალია, პეკინი სიფრთხილით ეკიდება რუსეთისადმი დახმარების გაწევის შესაძლებლობას, მაგრამ მაინც...

ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ თავიანთ ბანკებს და კომპანიებს თურქეთიდან წასვლისკენ მოუწოდონ, თუ რეჯეფ ერდოღანი იმ ჩანაფიქრის შესრულებას დაიწყებს, რაზედაც მან პარასკევს მიანიშნა. ევროპას ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან ანკარას შეუძლია, 3,7 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ კარი გაუღოს. მაგრამ, რადგანაც თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დასავლეთის ბიზნესისთვისაც, რეჯეფ ერდოღანი ამ ნაბიჯისგან თავს შეიკავებს.

საერთოდ კი, თურქეთისთვის სანქციები "უცხო ხილს" არ წარმოადგენს - ვაშინგტონს ადრეც გამოუცხადებია ანკარისათვის ემბარგო, როცა მან რუსული სარაკეტო კომპლექსები შეიძინა. თუ დასავლეთი კვლავ დაემუქრება თურქეთს სანქციებით, მაშინ გადაწყვეტილება აწონილ-დაწონილი უნდა იყოს ყველა შედეგის გათვალისწინებით, თორემ, შეიძლება, ამ ნაბიჯმა უკუეფექტი გამოიწვიოს - რეჯეფ ერდოღანი ანტითურქულ ემბარგოს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ისე წარმართავს პროპაგანდას, რომ დამნაშავედ დასავლეთს გამოიყვანს. თუმცა უეჭველია, ქვეყნის ეკონომიკა მაინც დაზარალდება და რუსეთთან თანამშრომლობით მიღებული მოგება განეიტრალდება.

მოკლედ, ანკარისთვის მოსკოვთან თანამშრობლობა ძალიან სარისკოა. იგი ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პოკერს თამაშობს, რომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და საკუთარი შესაძლებლობები არ უნდა გადააფასოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ