და მაინც, ეს სარაკეტო დარტყმა იყო - თანამგზავრულმა ფოტოებმა რუსეთის გენშტაბი მორიგ ტყუილში ამხილა...
აფხაზეთის ომში ქართული "ექსპერიმენტის" უფრო ხარისხობრივად მაღალ დონეზე შესრულებით, უკრაინელებს "ჰაიმარსებით" სევასტოპოლის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის დაბომბვაც შეეძლებათ...
9 აგვისტოს, დღისით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების სერია, რაც იქვე, პლაჟზე მყოფმა ასობით დამსვენებელმა მობილური ტელეფონების კამერებით დააფიქსირა, ეტყობა, თავის ახსნას პოულობს...
თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები ხანძრის შემთხვევითმა გაჩენამ გამოიწვია, როდესაც რამდენიმე საბრძოლო საჭურველი აფეთქდა, მაგრამ ამას არც მსხვერპლი მოჰყოლია და არც აეროდრომზე მდგომი თვითმფრინავები დაზიანებულანო...
10 აგვისტოს, ბოლოსკენ, კერძო კომპანიის კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით გადაღებული კოსმოსური ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ძალიან კარგად მოჩანს საკის სამხედრო აეროდრომის რა ნაწილებში მოხდა აფეთქებები და რამდენი თვითმფრინავი განადგურდა.
ძალიან დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა, არანაკლებ, ოთხ სარაკეტო დარტყმას აეროდრომის იმ ნაწილში, სადაც Су-30СМ და Су-24М ტიპის რუსული საბრძოლო თვითმფრინავები სპეციალურ კაპონირებში იდგნენ, მაგრამ ამან მათ ვერ უშველა - სარაკეტო დარტყმების შედეგად, არანაკლებ, 9 ერთეული რუსული თვითმფრინავი აფეთქდა და დაიწვა, აღარაფერს ვამბობთ აეროდრომის სიახლოვეს, შტაბთან მდგომ რამდენიმე ათეულ მსუბუქ ავტომობილზე, რომლებიც რუსი პილოტებისა და ტექნიკოსების კუთვნილება იყო.
ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი ამტკიცებს, რომ ამ დარტყმის შედეგად საკის აეროდრომზე 60 რუსი პილოტი და 100 ტექნიკოსი დაიღუპა, მაგრამ ეს ძალზე გაბერილ ციფრებად მოჩანს. თუმცა ასეთი, ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად, რომლებიც დღისით, სამუშაო საათებში განხორციელდა, აეროდრომის ამ მონაკვეთში - თვითმფრინავების მომსახურების პროცესში - მართლაც უნდა ყოფილიყო ჩაბმული რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო.
კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუ რა სარაკეტო შეიარაღების გამოყენებით შეეძლოთ უკრაინელებს, მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 200 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საკის აეროდრომზე დარტყმების განხორციელება.
ყველაზე რეალურად მაინც მოჩანს 280 კმ-მდე მფრენი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი "ნეპტუნებისა" ან "ჰარპუნების" გამოყენება, მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი - ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, ბგერამდელი სიჩქარით და მათი თვალით და მით უმეტეს - ვიდეოკამერით დაფიქსირება სავსებით შესაძლებელია, ამასთან, ფრენისას გამოსცემენ რეაქტიული ძრავის მუშაობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ხმას, რომლის დაუფიქსირებლობა შეუძლებელია.
არადა, იმ ასობით დამსვენებელს, რომლებიც პლაჟიდან უყურებდნენ საკის აეროდრომზე აფეთქებებს, არც ფრთოსანი რაკეტების ფრენა დაუფიქსირებიათ და არც მათი ხმა გაუგიათ.
ამიტომ მაინც ჩნდება ვერსია, რომ ეს "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტების "სინდისზე" იყო, მაგრამ "ჰაიმარსის" იმ ტიპის რაკეტები, რომლებიც დღეს უკრაინელი არტილერისტების არსენალშია, მხოლოდ 84 კმ-მდე თუ მიფრინავს, ხოლო 300 კმ-ის სიშორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე უკრაინისთვის პრეზიდენტი ბაიდენი დღემდე თავს იკავებს. მაშინ როგორ შეიძლება მისწვდომოდა "ჰაიმარსი" 200 კმ-ზე მეტ მანძილზე დაშორებულ, რუსების მიერ ოკუპირებულ საკის სამხედრო აეროდრომს?
ერთი ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომელიც შეიძლება არასწორია ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, მაგრამ თეორიულად და პრაქტიკულადაც - განსახორციებელი, თუკი უკრაინელები... ქართველების აფხაზეთის ომის ერთ საინტერესო, მაგრამ უშედეგო ოპერაციას გაიხსენებენ და მეტი წარმატებით მოგვბაძავენ...
ეს ისტორია, რომლის ერთგვარი მონაწილე ამ ბლოგის ავტორიც გახლდათ, ასე დაიწყო:
1993 წელს, აფახაზეთის ომის დროს, მთელი სერიოზულობით დადგა პრობლემა - აფხაზი სეპარატისტები რუსი სამხედროების მხარდაჭერით ზემო ეშერიდან სულ ხუთიოდე კმ-ზე მყოფ სოხუმის ცენტრსა და საცხოვრებელ უბნებს არა მარტო არტილერიით, ტანკის ქვემეხებითაც კი უმოწყალოდ გვიბომბავდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას გვიხოცავდნენ.
სახელმწიფოს მეთაურის - შევარდნაძის გარემოცვაში წამოიჭრა საკითხი, რომ ერთგვარი შურისძიების დარტყმა, რომელსაც, ძირითადად, პოლიტიკური დატვირთვა უფრო ექნებოდა, ქართულ არტილერიასაც განეხორციელებინა გუდაუთის, მოწინააღმდეგის მთავარი ცენტრის მიმართულებით, მაგრამ ფრონტის ხაზზე, ზედ მდინარე გუმისთას ნაპირასაც რომ მიგვეყენებინა ჩვენი არტილერიის იმ დროისთვის ყველაზე შორსმსროლელი საშუალება - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი", 30 კმ-ზე მეტად დაშორებულ გუდაუთას მაინც ვერ მივწვდებოდით, რადგან "გრადის" რაკეტა მხოლოდ 21 კმ-მდე თუ მიფრინავს.
მაშინ შევარდნაძის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა ეს პრობლემა გამიზიარა და მე რაც მოვიფიქრე, კონკრეტული არტილერისტი ოფიცერი მივუყვანე "იმელში" და სახელმწიფო მეთაურს შევახვედრეთ, რის შემდეგაც დაიბადა გეგმა "ურაგანის" რაკეტების გამოყენების, რომლებიც 37 კმ-მდე მიფრინავენ.
ასეთი იმპროვიზირებული დანადგარიც დამზადდა, მაგრამ ფრონტზე მისი საბრძოლო გამოყენების მცდელობა ჩაიშალა (რაც ცალკე მოსაყოლი თემაა), რის გამოც შეირჩა სათადარიგო ვარიანტი ისევ "გრადის" გამოყენებით...
"გრადის" ერთი დანადგარი განთავსდა ბარჟაზე, რომელმაც ღამით გეზი გუდაუთისკენ აიღო და მის ტრავერსზე, რამდენიმე კმ-ის სიშორიდან რაკეტების ზალპი გაუშვა, მაგრამ როგორც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ, თითქმის ნულოვანი საბრძოლო შედეგით, რადგან ზღვის მცირე ღელვის დროსაც კი განხორციელებული სტარტის დროს "გრადის" უმართავი რაკეტები კაცმა არ იცის, საით გაფრინდნენ (გუდაუთის დაბომბვის მესამე მცდელობა, განხორციელებული ქართული "სუ-25" მოიერიშე თვითმფრინავით, უფრო წარმატებული აღმოჩნდა...).
დღეს უკრაინელებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ ანექსირებულ ყირიმში განთავსებული რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზების მიმართ - არსებული საბრძოლო საშუალებებით მათ ვერ სწვდებიან, მაგრამ ბარჟაზე დაყენებულ "ჰაიმარსის" ერთ დანადგარსაც კი, თავისი ექვსი რაკეტით, დიდი საქმის შესრულება შეუძლია და არ ემუქრება ის ფიასკო, რაც ქართული "გრადის" მიერ გაშვებულმა რაკეტებმა განიცადეს, რადგან "ჰაიმარსის" რაკეტები მართვადია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მათი სტარტის დროს ზღვის ღელვა მცირედით თუ შეატორტმანებს ბარჟას.
ამ სამხედრო ეშმაკობის გამოყენებით, "ჰაიმარსის" 84 კმ-ზე მფრენ რაკეტებს სევასტოპოლში რუსი ოკუპანტების მთავარ - სამხედრო-საზღვაო ბაზაზეც შეუძლიათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესრულება, თუმცა იმის ალბათობაც ძალიან დიდია, რომ ამ სარაკეტო დარტყმის შემდეგ რუსეთის ავიაცია მაინც აღმოაჩენს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცურავ ბარჟას "ჰაიმარსითურთ" და მას ჩაძირავს...