"ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვნახოთ" - კვირის პალიტრა

"ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვნახოთ"

მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად თავადვე იწვევენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა, მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის, რა ხდება", - აღნიშნა დანილოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება.

„თუ რამე მოხდება, ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოითხოვოს რუსეთისგან, რომ უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს.

შეგახსენებთ, 5 და 6 აგვისტოს რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. გუშინ კი ოკუპანტებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთხელ დაბომბეს.

IPN