მოგზაურობა ალალბედზე და მოსახლეობა, რომელსაც მმართველები არ იმჩნევენ - კვირის პალიტრა

მოგზაურობა ალალბედზე და მოსახლეობა, რომელსაც მმართველები არ იმჩნევენ

რამდენჯერაც საქართველოს რაიონებში მიმოგზაურია, იმდენჯერ ვფიქრობ - ნეტავ, რამდენი წელი შეიძლება გავიდეს, რომ მმართველები მიხვდნენ, - ჩვენ არა ვართ აი ეს ტრასა (რომელსაც ფოტოზე ხედავთ), ჩვენ ვართ, იმავე ფოტოზე ხელმარჯვნივ არსებული სივრცე და იმის გამო, რომ არასოდეს არ კეთდება ბორდიურები ფეხით მოსიარულეებისთვის, ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, რომ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს არ გვითვალისწინებთ! თქვენთვის არ ვარსებობთ!

ერთ-ერთ მთიან სოფელში ეს ერთადერთი გზაა მოსახლეობისთვის სასეირნოდ . მთა ძალიან მიყვარს, ბევრი თავგადასავალის და საინტერესო დღეების შანსს მაძლევს და მინდოდა ამ მოგზაურობაზეც ლამაზად დამეწერა, მაგრამ როგორც კი ვნახე, რომ წლების წინ აქ ნანახი პრობლემები უძრავად არის, შეუძლებელია არ ვთქვა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, როდესაც არა ერთ სოფელსა თუ ქალაქში, წლების მანძილზე, არ გახსენდებათ მოაწესრიგოთ სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და მოქალაქეებს სამანქანო გზის გამოყენება უწევთ, ეს ფაქტი ერთობ აშკარა მაგალითია იმისა, რომ შენი რაიონის მმართველი, უბრალოდ, არ გაღიარებს.

298617429-1012782795993654-4128135367489728669-n-1660285001.jpg

დედაქალაქში პრობლემის ამ კუთხით მოგვარება ბოლო წლებია დაიწყო და გასულ წლებთან შედარებაც არ არის, მაგრამ სოფელს კი არა რაიონსაც ძლივს იპოვით, სადაც ბორდიურებია, ან დაცული სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის. და, როდესაც შენ როგორც მმართველი ამ საკითხს უმნიშვნელოდ თვლი, ჩემთვის ხელის გულზე დევს, რომ მოქალაქისთვის არ წუხდები... მხოლოდ გჭირდები როგორც ამომრჩეველი და მორჩა!

ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი რამდენად მაღალ დონეზეა უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყანის მოქალაქეებსა თუ მმართველებში. ამის შესახებ ცოტას ამ ბლოგშიც ვიტყვი. დარწმუნებული ვარ წვრილმანი საქმე გგონიათ ეს, არადა, კარგი ცხოვრება ასეთი, ეგრეთ წოდებული წვრილმანებიდან იწყება.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, თითო წელს თითო რაიონი, რომ „გარემონტებულიყო“ დღეს ეს ვითარება არ იქნებოდა. ჩემი მკითხველი ალბათ იტყვის: „სახლში ვინღა წაიღებდა?“ ჰო, ამ სისტემით რომ ვიცხოვრეთ, იმიტომაც ვარ დღეს ასე...

არასწორია, თითქოს რაიონს არ სჭირდება ბორდიურები და სივრცეები ფეხით მოსიარულეებისთვის, თუნდაც ამ სივრცეებში ხანდახან საქონელიც გადაადგილდეს. მშურს ევროპული სოფლების და რაიონების, განაპირა ადგილების, სადაც შეგნებულად ვმოგზაურობდი, რომ საკუთარი თვალით მენახა რამდენად არის ყველაფერში უპირველესად „რიგითი“ მოქალაქე გათვალისწინებული და მერე „სხვა“.

წლების შემდეგ, იგივე სამარშუტო ტაქსით მომიწია დასავლეთში გამგზავრება და მძღოლი ისევ ისე უხეში იყო, როგორც წლების წინ - მგზავრი, რომ არაფრად უღირს. მაგრამ, ამას ვინ ჩივის ზუსტად ისევე ჩალეწილი და შემდეგ „დასკოჩილი“ ფანჯრით და მოშლილი ავტომობილით გვატარა, შენიშვნის მიცემასაც რომ არ კადრულობს. გზაში რამდენჯერმე გავჩერდით... კვლავ გამოჩდნენ ისეთი მგზავრები მძღოლი რომ შეებრალათ. რამდენჯერ შეიძლება საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდე და არასოდეს არ იყოს ეს შენთვის გამოცდილების ტოლფასი? რამდენჯერ შეიძლება შეუმოწმებელი სამარშუტო ტაქსით გადაადგილდებოდე და ვერ გრძნობდე, რომ სხვების სიცოცხლეც გაბარია?

რას ჰგავს ოკრიბას ტერიტორია თბილისსა თუ ქუთაისში? თუ ქალაქიდან ქალაქამდე მიდიხარ, მაგალითად თბილისიდან ქუთაისამდე, მომსახურების რა გითხრათ, მაგრამ ტრანსპორტს კიდევ არაუშავს. თუ ქუთაისიდან რაიონებში გიწევს გადაადგილება, ალალბედზე მგზავრობ. თუ გადარჩი - ბედი გქონია.

ვინმე განვითარებას და ევროპისკენ სწრაფვაზე თუ ფიქრობს, პირველ რიგში მოქალაქეები უნდა ახსოვდეს. ამისთვის პოლიტიკურ ოპონენტებსაც არ სცალიათ. პირიქით, ოდნავ დადებითი თუ კეთდება, მათ კუთვნილ ტელევიზიებში ისეთი ტონით გადის სიუჟეტი - თითქოს ვიღაცას ლუკმა-პურს ართმევენ. არავინ ამბობს, რომ მოწესრიგებული მგზავრობა, სწორი მომსახურება, გამართული ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა... პირველ რიგში, აი ეს წარმოაჩენს შენს ქვეყანას და არა ის, მე უფრო მეტად ველტვი ევროპას თუ შენ, რაც არაფერის მომცემია.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლებს ძლივს ეღირსათ სანაგვე ურნები, შენ, როგორც მმართველმა უნდა ასწავლო მაცხოვრებლებს, რომ ნაგავი არა მდინარესა და ხევში, არამედ ურნაში ჩაყარონ. შენ, უნდა იყო, როგორც მმართველი მოტივატორი. ამ მხრივ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არ გინდათ, გეზარებათ, ან არ იცით.

ვეცადე მსუბუქად მეთქვა სათქმელი, მაგრამ ენის მოჩლექის დროც აღარ არის. მე და ჩემს თაობასაც გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რაც უცხოეთში გვიზიდავს. დიახ, ბინძური ქუჩები, არც ქალაქში და არც რაიონში არ უნდა გვქონდეს. დიახ, განსაზღვრული უნდა იყოს გარევაჭრობისთვის ადგილები ქალაქშიც და სოფელშიც. კულტურად უნდა იყოს დახლები მოწყობილი. დიახ, უნდა იყოს მკაცრი კონტროლი მძღოლებზე და ტრანსპორტზე და არ დაველოდოთ, როდის იმსხვერპლებს ვინმეს.. დიახ, უნდა გვქონდეს სწორი მომსახურება, რაც ქვეყნის სახეს წარმოაჩენს. დიახ, უნდა მითვალისწინებდეს ხელისუფლება, როგორც მოქალაქეს ყველგან და ყველაფერში და ჩვენ, ამას უნდა ვგრძნობდეთ ყოველდღიურ ყოფაში...

ცხელი აგვისტო ჯერ კიდევ წინ არის და მთის საინტერესო, სათავგადასავლო ამბებს შემდეგში მოგიყვებით.