"მშობელები ცდილობენ, მათმა შვილებმა არ დაკარგონ საკუთარი ფესვები" - ქართულ სიმღერებზე შეყვარებული, ამერიკაში მცხოვრები მოზარდები - კვირის პალიტრა

"მშობელები ცდილობენ, მათმა შვილებმა არ დაკარგონ საკუთარი ფესვები" - ქართულ სიმღერებზე შეყვარებული, ამერიკაში მცხოვრები მოზარდები

მისთვის მუსიკა ყველაფერია: საქმეც, სიამოვნების მიღების ერთ-ერთი გზაც, საყვარელ ადამიანებთან დამაკავშირებელი ძაფიც... მუსიკოსი და ვოკალის პედაგოგი ეკა ჩიჩუა წლების მანძილზე, სამშობლოში საყვარელ საქმეს ემსახურებოდა, 1991 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი "იბერია", არაერთი თაობა გაზარდა, მაგრამ მერე მეუღლესთან ერთად, სამშობლოდან მოუწია წასვლამ. ადვილი არ იყო შვილებისგან შორს ყოფნის გადაწყვეტილების მიღება, "ცხრა მთას იქით" ყველაფრის ნულიდან დაწყება და ცხადია, ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალს შიშით შეჰყურებდა, მაგრამ გაუმართლა და ამერიკაში ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში, ქართული კულტურის ცენტრში - Dancing Crane Company - ვოკალის პედაგოგად დასაქმდა და ახლა, ნიუ-იორკში დაბადებულ პატარებს აყვარებს ქართულ მუსიკას...

iberia-1660292114.jpg

- ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა და ანსამბლმა "იბერიამ" კიდევ უფრო დამაახლოვა მუსიკით დაინტერესებულ პატარებთან. ხშირად ვმართავდით კონცერტს ფილარმონიაში, ერთხელ საქართველოს მასშტაბით გასტროლიც მოვაწყვეთ, გამორჩეული ბავშვები გავიყვანე პოლონეთის ფესტივალზე, სადაც ლაურეატები გახდნენ... მოკლედ, კარგი დრო იყო. სხვათა შორის, რამდენიმე ჩემს ყოფილ მოსწავლეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მაგალითად: ია ჩანტლაძე, რეპმენი ამიკო, დიანა ღურწკაია, სოფო მასხულია და ა.შ. ანსამბლი "იბერია" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა... მერე სამშობლოდან წამოსვლა მომიხდა და მიხარია, რომ აქ, უცხო ქვეყანაში საშუალება მომეცა, საყვარელი საქმე გამეგრძელებინა და წელს უკვე ანსამბლის აღდგენაც შევძელი...

- ანსამბლში 6 გოგონა გყავთ, რომელთა ასაკი 4-6 წელია. ძნელი არ არის ასეთ პატარებთან მუშაობა?

- ჩემთვის არ არის რთული, მიჩვეული ვარ პატარებთან მუშაობას. ცხადია, ყველა მათგანი ინდივიდუალურია, თითოეულს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, მაგრამ ამ სფეროში ბევრწლიანი გამოცდილება მაქვს და მათი ფსიქოლოგიაც მართლა კარგად ვიცი.

- ალბათ ამაში პედაგოგიურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება გეხმარებათ...

- დიახ, ასეა. სკოლის დამთავრების შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომლის ასპირანტურაც პედაგოგიკის განხრით დავასრულე. შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელერეჟისურის ფაკულტეტზე ვისწავლე და ბოლოს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტშიც Gau Tbilisi PR school ვსწავლობდი.

- ანსამბლის წევრებმა ქართული კარგად იციან? ძნელია უცხო ქვეყანაში ფესვები შეინარჩუნო...

- ბავშვებმა მეტ-ნაკლებად კარგად იციან ქართული. აქ ყველა მშობელი ცდილობს, მათმა შვილებმა არ დაკარგონ საკუთარი ფესვები და ქართული კულტურის ცენტრში - Dancing Crane Company-ში დაჰყავთ, რომელიც 20 წელზე მეტია, აღსაზრდელებს ქართულ კულტურას აზიარებს... მადლობა უფალს, რომ ამ ქვეყანაში მოვხვდი და ამ შესანიშნავ ადგილას დავსაქმდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ცენტრის დამაარსებლებსა და სულისჩამდგმელებს, ბატონ ვიქტორ სირელსონს და მის მეუღლეს, ქალბატონ ლიკას, რომლებიც მუშაობისას სრულ თავისუფლებას გაძლევენ შემოქმედ ადამიანს. ასევე მადლობა მსახიობ ცუცა კაპანაძეს, რომელმაც დიდი სიყვარულით, თბილად მიმიღო. მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ამ დიდ ოჯახში პირველად. ფაქტობრივად, მანდვეს ვოკალის მიმართულება და აბსოლუტური თავისუფლება მომანიჭეს. როდესაც ჩვენს დიდ ოჯახში შევდივარ, რეალობის განცდა მეკარგება და თავი ისევ საქართველოში მგონია. აქ, გარდა ვოკალისა, ასწავლიან ბალეტს, ხატვას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას; აქვთ ორი თეატრალური სტუდია: მოზარდებისა და პატარებისთვის... აქ ნამდვილად ქართული საქმე კეთდება.

- პარალელურად საბავშვო ბაღშიც მუშაობთ, ანუ ამერიკაში მუშაობის უფლება ოფიციალურად გაქვთ?

- დიახ, მე და ჩემს მეუღლეს აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება გვაქვს. საბავშვო ბაღში პედაგოგის ასისტენტად ვმუშაობ. ჩემს ჯგუფში სამ წლამდე აღსაზრდელები არიან.

- რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ცხოვრობთ?

- უკვე 3 წელია. აქ ჩამოსვლა ჩემი მეუღლის, გოგა მამფორიას (პროფესიით იურისტი. - ავტ.) ინიციატივა იყო, რომელსაც ამერიკაში მარტო წამოსვლა არ უნდოდა. ურთულესი პროცესი გავიარეთ. არ მავიწყდება ის წუთები, როცა ბილეთი შევიძინეთ. მაშინ მეც ვღელავდი და მეუღლის სახეზეც ყველა ემოცია წავიკითხე. ეს რაღაც ისეთის მოლოდინი იყო, რის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვს; ეს იყო მოლოდინი ბარიერებთან შეჯახების, წარსულთან დამშვიდობების, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო და სადაც მიდიხარ, არ იცი, რა დაგხვდება. იმ წუთიდან უნდა დაგვევიწყებინა, რაც სამშობლოში გვქონდა გაკეთებული, მხოლოდ წინ ყურება გვმართებდა და შეიძლება ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს იმედგაცრუება, ან დიდი გამართლება მოეტანა... საოცრად რთული იყო შვილებთან დამშვიდობება, რომლებიც მაშინ მეთერთმეტე კლასში იყვნენ. ანას და თეკლას შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ თერთმეტი თვეა და ერთსა და იმავე კლასში სწავლობდნენ. ახლა უკვე სტუდენტები არიან და ვფიქრობ, მშობლების იმედს გაამართლებენ: ერთი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, მეორე კი შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობს.

shvilebi-1659427752-1660292129.jpg

- როცა ოჯახები ემიგრაციაში წასვლას გეგმავენ, ხშირად შვილებიც თან მიჰყავთ...

- სიამოვნებით წამოვიყვანდით მათ ჩვენთან ერთად, მაგრამ საამისოდ არც კარგი დრო იყო და არც გარემოებები გვიწყობდა ხელს, რომ ბავშვების ვიზებიც გაგვეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველები ჩვენ წამოვსულიყავით, პირველი დარტყმა საკუთარ თავზე აგვეღო, რა იქნება მერე, ვნახოთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

- ძალიან ბევრს ნიშნავს. ამით უპირველესად, უსაზღვროდ ნათელ ენერგეტიკას ვიღებ, მათთან ურთიერთობა დღის განმავლობაში ბევრ ნეგატივს მავიწყებს, უფრო შრომისუნარიანი ვხდები და სასიამოვნო ემოციებითაც ვივსები. ამის პარალელურად, სიფრთხილეც მმართებს: მოზარდი ხომ ყველაფერს ღრუბელივით იწოვს და რაიმეს არასწორად თუ მიაწვდი, ამის გამოსწორება რთული გახდება. სხვა მხრივ, მათთან ურთიერთობა არაჩვეულებრივი რამაა, ბევრ პოზიტივს გჩუქნიან.

- ინტერვიუს ბოლოს იმედს ვიტოვებ, რომ აღსაზრდელებთან ერთად, ოდესმე სამშობლოში დაბრუნდებით და ქართველი მაყურებლისთვის კონცერტსაც გამართავთ...

- დიდი მადლობა, ეს ჩემი ოცნებაცაა...

nita-1659427861-1660292129.jpg

ნიტა გოგოლაშვილი - ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი მალე 4 წლის გახდება. დადის საბავშვო ბაღში, ბალეტზე, ტანვარჯიშსა და სიმღერაზე. ძალიან პატარა იყო, როცა მისი ინტერესი შეამჩნიეს მუსიკის მიმართ და გადაწყვიტეს, ვოკალის პედაგოგთან ქართული კულტურის ცენტრში მიეყვანათ. ეკა მასწავლებელმა ნიტას მოუსმინა და სასინჯ გაკვეთილზე დატოვა. იმ დღის შემდეგ, როგორც ნიტას მშობლები ამბობენ, გოგონა სიმღერის გაკვეთილებზე ყოველთვის სიამოვნებით და სიხარულით მიდის.

anastasia-1659427928-1660292114.jpg

ანასტასია სიხარულიძე ქალაქ ნიუ-იორკში, 2016 წლის 29 იანვარს დაიბადა. ის გვიყვება: "ვცხოვრობ დედასა და მამასთან ერთად. მამა ყველაზე მეტად მიყვარს. მყავს ძმა ლუკა, რომელიც სულ მენატრება, რადგან საქართველოშია. მიყვარს ჩემი სკოლა და მეგობრები. ასევე - ჩვენი ქართული სტუდია, ჩემი ანსამბლი "იბერია", სადაც ბევრი ქართველი მეგობარი მყავს..."

odri-1659428015-1660292129.jpg

ოდრი ალექსანდრა ბაღათურია დაიბადა 2017 წლის 3 ოქტომბერს. არის საოცრად მხიარული, ხალისიანი და მეგობრული. ძალიან უყვარს სიმღერა, ბალეტი, თეატრი და ქართული კულტურის ცენტრში სიარული. სიმღერა ანსამბლ "იბერიაში" დაიწყო და ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგა. მაყურებელი განსაკუთრებით გაამხიარულა ოდრის შესრულებულმა სიმღერამ ქეთინო ბებიაზე.

nica-1659428118-1660292114.jpg

ნიცა აბაზაძე 4 წლისაა. არის მხიარული და მეგობრული. აქტიურად მონაწილეობს ქართული საკვირაო სკოლის - Dancing Crane Georgian Cultural Center-ის ღონისძიებებში, კონცერტებსა და გამოფენებში. შაბათ-კვირას მოუთმენლად ელოდება, რომ საყვარელ ანი, მაკა და ეკა მასწავლებლებს შეხვდეს და ქართველ მეგობრებთან ერთად იცეკვოს, დახატოს, იმღეროს. სიმღერა ძალიან პატარამ დაიწყო. თვეების იყო, დედიკოს ნამღერს რომ იმეორებდა, მოგვიანებით კი საყვარელი მულტფილმებიდან სიმღერებს ასრულებდა. ახლა პედაგოგ ეკა ჩიჩუას დაარსებულ ანსამბლ "იბერიაში" მეგობრებთან ერთად, ქართულ სიმღერებს ეუფლება.

mariami-1659428176-1660292114.jpg

5 წლის მარიამ ტყემალაძე ძალიან ნაზი და წყნარი გოგონაა. უყვარს ხატვა, წიგნების კითხვა, ცეკვა, სიმღერა. აქტიურად არის ჩაბმული ყველა აქტივობაში. განსაკუთრებით უყვარს ფერიები და ამიტომაც, კონცერტზე შეასრულა სიმღერა ფერიებზე.

tamari-1659428234-1660292129.jpg

თამარ ამირანაშვილი მალე 6 წლის გახდება. დადის საბავშვო ბაღში. ნამდვილი მსახიობია. აქვს არაჩვეულებრივი სასცენო მონაცემები, პლასტიკა. მღერის, ცეკვავს, მონაწილეობს სპექტაკლში. არის უჩვეულოდ მხიარული და ჭიკჭიკა გოგო.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"